"ბარსელონაში" ადამა ტრაორეს ტრანსფერი გადაწყდა

„ბარსელონამ“ "ვულვზის" თავდამსხმელის ადამა ტრაორეს ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა AS-ი იტყობინება.

კატალონური გრანდი და ინგლისური „ვულვზი“ ყველანაირ პირობებზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც, ესპანელი შემტევი „ბლაუგრანას“ იჯარით დაუბრუნდება, მისი გამოსყიდვა კი კლუბს 30 მილიონ ევროდ შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ „ბარსას“ არ მოუწევს ტრაორეს დასარეგისტრირებლად სხვა ფეხბურთელის გუნდიდან გაშვება, რომ სახელფასო ჭერი გამოათავისუფლოს - ადამა გუნდს ისედაც შეუერთდება. ვარაუდობენ, რომ 26 წლის შემტევი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, მომდევნო კვირაში კი მისი პრეზენტაცია გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ადამა ტრაორე „ბარსელონას“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში ოთხი თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, მაგრამ კლუბი 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ მან „ასტონ ვილაში“, „მიდლსბროსა“ და „ვულვზში“ ითამაშა, მიმდინარე სეზონში კი ინგლისური კლუბის მაისურით 11 თამაშში 1 გოლი გაიტანა.