მილანის

მილანის "ინტერმა" რობინ გოსენსი დაიმატა

მილანის „ინტერმა“ გერმანიის ნაკრების მცველი რობინ გოსენსი დაიმატა. იტალიურმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელი ბერგამოს „ატალანტადან“ გადაიბირა და ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

გოსენსი „ინტერს“ იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის ვალდებულებით შეუერთდა და „ატალანტა“ მთლიანობაში 25 მილიონ ევროს მიიღებს. ფეხბურთელის ხელფასი კი 2.5 მილიონი ევრო იქნება და „ნერაძურიში“ 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ძალიან ამაყი ვარ, რადგან ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავედი. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველოდები თამაშს. გუშინ საღამოს ვიდეოზარით სიმონე ინძაგის ვესაუბრე და მან მიამბო რას ელის ჩემგან და მეც გავაცანი ჩემი იდეები. ერთად მუშაობის დიდი სურვილი გვაქვს და მოუთმელად ველოდები მოედანზე გუნდთან ერთად გასვლას“, - თქვა გოსენსმა.

შეგახსენებთ, რომ რობინ გოსენსი ბერგამოს „ატალანტაში“ 2017 წლიდან თამაშობდა და 157 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა, მანამდე კი ალმელოს „ჰერაკლესისა“ და „დორდეხტის“ რიგებში ირჯებოდა. გერმანიის ნაკრებში გოსენსის აქტივში 13 თამაში და 2 გოლია.