„თუ „ომიკრონი“ მთლიანად ჩაანაცვლებს სხვა შტამებს და მის მიმართ ამ ვაქცინას ეფექტურობა არ ექნება, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი ვაქცინის გამოყენებას?!“

„თუ „ომიკრონი“ მთლიანად ჩაანაცვლებს სხვა შტამებს და მის მიმართ ამ ვაქცინას ეფექტურობა არ ექნება, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი ვაქცინის გამოყენებას?!“

კორონავირუსის აქტიური შემთხვევები ისტორიულ მაქსიმუმზეა. ინფექციონისტები ახლა პოპულაციური იმუნიტეტის მოლოდინში არიან, რომ იქნებ, პოპულაციაში იმუნიტეტის გამომუშავებამ ბოლოს და ბოლოს დაასრულოს კორონავირუსის პანდემია. ისინი ვარაუდობენ, რომ ბევრი ადამიანი მსუბუქად გადაიტანს „ომიკრონს“, შეიქმნება გარკვეული იმუნური ფენა და ამ სახით პანდემია წელს დასრულდება.

როგორ მიმდინარეობს საქართველოში „ომიკრონის“ მართვა?

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სასანია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იმდენად სწრაფად გავრცელებადია „ომიკრონის“ შტამი, მისი მართვა ცოტა რთულია. არცაა გასაკვირი, რომ ამ შტამს ვერც ვმართავთ სრულყოფილად, მოწოდებებიც და რეგულაციებიც ვერ იმუშავებს, რადგან „ომიკრონი“ ძალიან სწრაფად ვრცელდება.

„ეს შტამი საკურორტო ზონის ორი წერტილიდან ელვისებურად გავრცელდა. დღეში 17 ათასი შემთხვევა როცა გვაქვს, უნდა ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 2,5-3-ჯერ მეტს დაემართა ეს ვირუსი და მოხდა რეინფიცირება. სასიხარულოა, რომ ჰოსპიტალიზაციამ და მძიმე პაციენტების რაოდენობამ არ მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ მაინც მშვიდად მიმდინარე ინფექციაა. სწორია, რომ გათვლა აქვთ პოპულაციურ იმუნიტეტზე, რადგან რომც არ გათვალონ ამაზე, პოპულაციური იმუნიტეტი მაინც გამომუშავდება, იმდენად სწრაფად ვრცელდება ეს ვირუსი“, -აღნიშნა ირაკლი სასანიამ.

რაც შეეხება აცრებს, მედიკოსს განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ფიქრობს, რომ ამ სიტუაციაში ვაქცინაცია ალოგიკურად ჟღერს, რადგან ვხედავთ, რომ აცრები „ომიკრონის“ შტამზე აბსოლუტურად არაეფექტურია. მისი მოსაზრებით, მართალია, გვიკიჟინებენ, ავიცრათ, მაგრამ ეს შეიძლება სწორი იყოს ხანდაზმული ასაკის პოპულაციაზე, იმ პოპულაციაზე, რომელიც რისკჯგუფის ქვეშაა სხვადასხვა თანმდევი დაავადების გამო. ეს პოპულაცია მაინც უნდა აიცრას თუნდაც იმიტომ, რომ „დელტა“ შტამი შესაძლოა ისევ არსებობდეს. ამდენად, დაცული რომ იყოს რისკ პოპულაცია, შეიძლება აზრი ჰქონდეს მათ აცრას.

„თორემ ისე რა აზრი აქვს ამ ვაქცინაციას, ვერ ვხვდები, რადგან „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინა არაეფექტური აღმოჩნდა. მთელი მსოფლიოს მაგალითი ამას უჩვენებს. ამ შემთხვევაში, ოქროს სტანდარტად რჩება პირბადე, ხელის დაბანა, მაქსიმალური დისტანციის დაცვა. დანარჩენი პოპულაციისთვის, ვინც არ არის რისკჯგუფებში, ვინც ახალგაზრდაა, ვაქცინაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ. მტკიცებულებები უჩვენებს, რომ მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი სადაც იყო ვაქცინაციის პროცენტი, იქ ყველაზე მეტი ინფიცირებულია ახლა. ყოველ შემთხვევაში, „ომიკრონის“ საწინააღმდეგოდ ეს ვაქცინა ეფექტური არ არის. ლოგიკურად, თუ „ომიკრონი“ მთლიანად ჩაანაცვლებს სხვა შტამებს და მის მიმართ ამ ვაქცინას ეფექტურობა არ ექნება, მაშინ რა აზრი აქვს ასეთი ვაქცინის გამოყენებას?!“ - კითხვა უჩნდება ირაკლი სასანიას.

დამოუკიდებელი ექსპერტი, მედიკოსი არინა ბერაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს პირველად ჯანდაცვაზე, ოჯახის ექიმზე და, არავითარ შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების სამსახურის გადატვირთვაზე, რომელიც ისედაც გადატვირთულია და ვეღარ ახორციელებს იმას, რისთვისაცაა მოწოდებული. მედიკოსის განმარტებით, ფაქტობრივად, სასწრაფო დახმარებას შეთავსებული აქვს ოჯახის ექიმის ინსტიტუტი, რაც არასწორია.

„ომიკრონის“ შემთხვევაში რა უნდა ადამიანს ჰოსპიტალში? „ომიკრონის“ მიზეზით ჰოსპიტალში არ უნდა ხვდებოდნენ ადამიანები, ეს უნდა იმართებოდეს ჯანდაცვის პირველად რგოლში. კი ბატონო, ხდება „ომიკრონის“ გავრცელება, მაგრამ ძალიან წინააღმდეგი ვარ მოსახლეობის დაშინების და ასეთი ფრაზების, სიკვდილი იქნება, ეს იქნება, ის იქნება... ჯერ ერთი, ყველაფერი გასარკვევია, სტატისტიკა თავიდან ბოლომდე შესასწავლია, დასკვნები გამოსატანია, ჩვენ ისეთ რეჟიმში ვიმყოფებოდით, კორონავირუსის შესახებ ბევრი ანალიზი არ ჩაგვიტარებია, უბრალოდ, გამოწვევებს ვპასუხობდით. ახლა უნდა დასხდნენ სპეციალისტები და ანალიზი ჩაატარონ, ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ამიტომ მაინცდამაინც ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე კორონავირუსის გამო მოკვდება ადამიანი, ფსიქოლოგიური სტრესის გამომწვევია“, - აცხადებს მარინა ბერაძე.

მისივე შეფასებით, ფსიქოლოგიური ზეწოლა არ უნდა ხდებოდეს ადამიანებზე, რადგან ეს ჩვეულებრივი გრიპის მსგავსი ვირუსია, ოჯახის ერთი წევრი რომ დაავადდებოდა გრიპით, მთელი ოჯახი ავად ხდებოდა. განა გრიპი სასიამოვნო დაავადებაა? გარდა ამისა, საინტერესოა, სად გაქრა ამდენი დაავადებები? ახლა უნდა მივხედოთ სხვა დაავადებებს, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ დარჩა და სიკვდილიანობაც სწორედ ამითაა გამოწვეული. მარინა ბერაძის რეკომენდაციაა, მიაქციონ ყურადღება ინფექციურ საავადმყოფოს, სულაც არ არის საჭირო ჩვეულებრივ საავადმყოფოს მისცენ ინფექციური საავადმყოფოს დანიშნულება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შიდა ინფექციების გავრცელება მიმდინარეობს, ანუ გავრცელება ჯვარედინია.

„ყოფილ მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს ამაზე უკვე ჰქონდა საუბარი. სწორედ ჩვეულებრივ კლინიკებში, რომლებიც გადაკეთდა ინფექციური დანიშნულების კლინიკებად, დაფიქსირდა მაღალი სიკვდილიანობა. არ შეიძლება ასეთი რამ გაკეთდეს. პირველადი ჯანდაცვა მთავარი გამოწვევაა“, -გვითხრა მედიკოსმა.