ეს ცხოვრება მეტად უცნაური რამ გახლავთ და ადამიანს ხშირად არაერთ მოულოდნელ განსაცდელს უმზადებს. დღევანდელ წერილში ქართველი პოლიტიკოსების მორიგი მოგონებები მსურს წარმოგიდგინოთ. ეს ისტორიები ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია და თავისი ორიგინალურობით თქვენს სამსჯავროზე წარდგენას ნამდვილად იმსახურებს.
წინა საუკუნის 70-იან წლებში, რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინი საქართველოში ხშირად ისვენებდა. ბატონ ბორისს ქალაქი გაგრა განსაკუთრებით უყვარდა და იქაური პრესტიჟული სანატორიუმის მუდმივი სტუმარი გახლდათ. გაგიკვირდებათ და ელცინს თურმე საქართველოს სადღეგრძელო არაერთხელ დაულევია. მაშინ ბორია ქალაქ სვერდლოვსკის პირველი მდივანი გახლდათ და ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გარკვეული დროის შემდეგ, საქართველო-აფხაზეთის შეიარაღებული დაპირისპირებისას ჩვენს ქვეყანას ამ კუთხეს დააკარგვინებდა. ამ შესავლის შემდეგ ალბათ უმჯობესი იქნება თუ სიტყვას ბატონ თამაზ ნადარეიშვილს გადავცემთ.
თამაზ ნადარეიშვილი: „70-იანი წლების დასაწყისში გაგრის კომკავშირულ სტრუქტურებში ვმუშაობდი. ქალაქში მთელი რიგი სანატორიუმები კომპარტიის ლიდერებისთვის იყო გათვალისწინებული და ყველა რესპუბლიკიდან ჩამოდიოდნენ საპატიო სტუმრები დასასვენებლად. ჩემი მოვალეობა იყო მათი დახვედრა-გამასპინძლება და მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დაკისრებულ საქმეს.
ერთხელაც დამავალეს, ამა და ამ სანატორიუმში სვერდლოვსკის პირველი მდივანი ისვენებს და ხილი და სასმელი მოუტანეო. ავიღე ორი ყუთი, ერთში ყველანაირი ხილი ჩავაწყვე, მეორეში - ნაირ-ნაირი საუკეთესო სასმელები და მივადექი. კარზე წარწერას შევხედე, მაინც ვინ არის ეს ბედნიერი-მეთქი და წავიკითხე: „ბორის ნიკოლაევიჩ ელცინ“. მე სახელი მაინტერესებდა, როგორ მიმემართა, თორემ გვარი, ელცინი იქნებოდა თუ ტიმოფეევი, სულ ერთი იყო. დავრეკე ზარი და კარი მისმა მეუღლემ გამიღო:
- ჩტო ვი ხატიტე? - მეკითხება.
ამ დროს ელცინიც გამოჩნდა, ხილის ყუთს თვალი აარიდა და სასმელებს გაბრწყინებული სახით მიაჩერდა.
- ვოდკა?
- ვოდკა ი კონიაკ, - გავახარე.
- ვოტ ეტა და! - გადაირია, თავის ხელით შეიტანა ყუთი და მეც შემიპატიჟა, რუსები მარტო არ სვამენო.
უარს როგორ ვეტყოდი. ერთ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და კარგად რომ შეღამდა, ნახევარი ყუთი ცარიელი იყო. რა სადღეგრძელო აღარ დავლიეთ: ძმობის, მეგობრობის, ქართველი და რუსი ხალხის მარადიული სიყვარულის... რამდენჯერმე აცრემლებულმა გადამკოცნა, ქართველების სიკეთეს ცხოვრებაში არ დავივიწყებო. თურმე, ვისთან სვამ და რა ძმობაზე ელაპარაკები. გავიდა დრო და სწორედ ამ კაცმა არ დამაკარგვინა გაგრა და აფხაზეთი?
მეორე დილას ძლივს ავდექი, თავი მისკდებოდა. ხელმძღვანელმა დამიბარა და ღიმილით მითხრა, რომ ახალი „საპატიო დავალება“ უნდა შემესრულებინა.
- ცოტა ხნის წინ ელცინმა დამირეკა, ძალიან კმაყოფილი ვარ და სანამ აქ ვიქნები, ეგ კაცი არ მომაშოროთ გვერდიდანო“.
ერთ მშვენიერ დღეს ბატონი ვალერი გელბახიანი შორეული რუსეთის ერთ მიყრუებულ სოფელში აღმოჩნდა. მაშინ მომავალი დეპუტატი ასაკით ახალგაზრდა ჯეელი ბრძანდებოდა. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართველი ყმაწვილები „სლავური რასის“ დიაცების მიმართ გულგრილნი არ არიან. ამ ცხოვრებამ გელბახიანს ციმბირში მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყო.
ვალერი გელბახიანი: „20-22 წლის ბიჭი ვარ და პატრიოტული მოტივით ციმბირში მიმდინარე სამშენებლო პროცესში ჩავები. ჩვენი, ქართველების ჯგუფი, ერთ მოზრდილ რუსულ სოფელთან დაბანაკდა. მეორე დღეს შაბათი იყო და ნაწილი ლუდის ბარს ვეწვიეთ, რომელიც ცენტრში მდებარეობდა. დავლიეთ, გარეთ სკამზე დავსხედით და უცებ საოცარი სურათის მოწმენი გავხდით.
იქვე ერთადერთი აბანო იყო. ვხედავ, კარი გაიღო, ათამდე შიშველი ქალი გამოვარდა კივილით, სამი წრე დაგვარტყეს და უკან შეცვივდნენ! გაოგნებულნი ვართ, ხმას ვეღარ ვიღებთ. დავბრუნდით ბანაკში და ეს ისტორია მოვყევით.
- ხდება-ხოლმე, - დაგვამშვიდა ერთ-ერთმა, - ასეთ ადგილებში უცხოელებს ხშირად ეწყებათ ჰალუცინაციები და მოჩვენებებსაც ხედავენ.
- ე, ბიჭო, ნაღდი ამბავია! - მეწყინა.
- კარგი, ხვალ შევამოწმებთ.
თურმე რა ხდება - მთელი სოფელი იმ აბანოში დადის, შაბათი ქალების დღეა, კვირა - კაცების და მერე „პარნოიდან“ გარეთ დარბიან გასაგრილებლად. ურწმუნოების ნაწილმა მეორე დღეს, კვირას ცენტრს მიაშურა და ვხედავთ, დაფეთებულები მოცვივდნენ, ფერი არ ადევთ.
- დაგხოცავთ, თქვე აფერისტებო! - დაგვიბრიალეს თვალები.
- რა იყო, რა მოხდა? - შემიქანდა გული.
- რაღა რა მოხდა, მივედით, სკამზე დავსხედით, უცებ აბანოს კარი გაიღო და ათი ტიტლიკანა კაცი ჩვენსკენ გამოქანდა, ძლივს გამოვასწარით.“
თამაზ ნადარეიშვილს ბორის ელცინთან „გარკვეული“ და სპეციფიური ურთიერთობა ჰქონდა. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პირად ფოტოგრაფ გია ჯაველიძეს კი ქალბატონ კონდოლიზა რაისთან მართლაც რომ უცნაური „კონტაქტი“ ჩამოუყალიბდა.
გია ჯაველიძე: „ცოტა ინგლისური ვიცი და პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტის დროს ბუშის პირად ფოტოგრაფს დავუახლოვდი. სხვათა შორის, ბუში ბრწყინვალე მსახიობია. იცის, როცა უნდა გადაიღონ და კარგად დამუშავებული მიმიკები და ჟესტები აქვს პოზირებისთვის. შეხვედრების შემდეგ ორივე პრეზიდენტს ისეთი შეცვლილი სახე ჰქონდა, გაგიკვირდებოდა. პირველი დაძაბულობა მთლიანად გაქრა და ოვალურ კაბინეტში მეგობრული ატმოსფერო შეიქმნა. ბუნებრივია, შანსი ხელიდან არ გამიშვია და ორივე პრეზიდენტის შუაში გამოჭიმვა მოვასწარი, სურათის გადასაღებად.
შემდეგ სააკაშვილი ქალბატონ კონდოლიზა რაისს უნდა შეხვედროდა. აპარატი მოვიმარჯვე და ბუშის მრჩევლის გამოჩენას დავუწყე ლოდინი.
იქ ყოფნისას თავიდანვე თვალში მომხვდა ლამაზი, შავკანიანი ქალბატონი, რომელიც მოკრძალებულად იდგა კედელთან. გადასაღებად ვემზადები და ის ქალბატონი ახლა ჩემ შორიახლოს აღმოჩნდა. ვთხოვე, ოდნავ გვერდით გაწეულიყო, რომ ხელი არ შეეშალა მრჩევლის გადაღებაში.
წავიდა, წავიდა და სააკაშვილის მოპირდაპირედ, სავარძელში არ ჩაჯდა?! ლამის აპარატი გამივარდა! არა მგონია, შეუმჩნეველი დარჩენოდათ. კადრები ინსტინქტურად გადავიღე და კედელთან გადავინაცვლე, თვალში არავის მოვხვედროდი“.
დღევანდელი წერილის ბოლო მოგონების ავტორი ბატონი დავით ბერძენიშვილია. ამ „ისტორიის“ მთავარი მომქმედი გმირები თენგიზ ასანიძე, კობა დავითაშვილი და ასლან აბაშიძის „შარვლები“ არიან.
დავით ბერძენიშვილი: „ასლან აბაშიძის მიმართ პატარა „ნოსტალგია“ მაქვს. ყოველდღე იმდენ სისულელეს ამბობდა, ჟურნალისტების რიგი მედგა კომენტარისთვის, ყველა ტელევიზია მიწვევდა და რაც გაიქცა, მასმედიის ყურადღება შენელდა, ჩრდილში მოვექეცი. როცა აბაშიძე გაიპარა, თბილისში ვიყავი და თენგიზ ასანიძეს დავურეკე.
- თენგიზ, რა ამბებია?
- მე და კობა დავითაშვილი უზენაესი საბჭოს შენობაში ვართ. ისეთ დღეში ვართ, სიმწრისგან დანა პირს არ გვიხსნის, - ამოიხვნეშა.
- რატომ? - შემიქანდა გული.
- აგერ, აბაშიძის გარდერობთან ვარ, შარვლებითაა გაძეძგილი, მაგრამ რად გინდა, 44-ე ზომა ყოფილა ის უპატრონო და არც მე მეტევა, არც კობას“.