For.ge აგრძლებს ეროსი კიწმარიშვილის მოგონებების გამოქვეყნებას.
რეფორმები ხალხისთვის მძიმე იქნებოდა და ამიტომ მათი ავტორები გარანტირებულად არაპოპულარულები იქნებოდნენ. მათი ნაშრომი შედეგს წლების შემდეგ მოიტანდა. მთავარი იყო შეგვექმნა რეფორმის ფუნდამეტი, რომელიც შეუქცევად პროცესად გადაიქცეოდა. ჩემი წინადადება გახლდათ, რომ რეფორმატორებისთვის ე.წ “ოქროს ქოლგა” შეგვექმნა, ანუ 5 წლის შემდეგ, როცა შედეგს მივიღებდით, თითოეული მათგანი რამდენიმე მილიონ დოლარს მიიღებდა და მშვიდად გააგრძელებდა ცხოვრებას.
ჩემთვის სამაგალითოა დუბაის ფენომენი. პირდაპირ სასწაულია, რაც გაერთიანებულ ემირატებში ხდება: ამ უდაბნოში ლამის ყოველდღე შენდება ცათამბჯენები, უდაბნოში ერთი პალმის შენახვაზე ყოველწლიურად დაახლოებით 5 000 დოლარი იხარჯება, იხსნება უნივერსიტეტები და ამ ფენომენის ფუნდამენტი ბრიტანულ განათლებაში დევს, რომელიც შეიხის ოჯახის რამდენიმე წევრმა მიიღო. მათ ქვეყანაში ინგლისელი ექსპერტები ჩამოიყვანეს და მათთან ერთად შექმნეს ეს საოცრება. ამ ქვეყანაში ნავთობიდან და გაზიდან შემოსავალი მთლიანი ბიუჯეტის მხოლოდ შვიდ პროცენტს შეადგენს.
გასული 5 წლის მანძილზე ჩვენ, რომ რეფორმები გაგვეტარებინა ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდებოდა. ფასადების ღებვით მხოლოდ ფასადურ წარმატებას მოიმკი, აგვისტოს ომმა ეს, სამწუხაროდ, ნათლად აჩვენა.
შესაძლოა ასეთი შედეგის მიზეზი, ისიც იყო რომ სააკაშვილი საკადრო პოლიტიკას ძალზე ზერელედ ეკიდებოდა. ალბათ თავიდანვე განზრახული ჰქონდა, რომ ყველაფერი თვითონ ემართა და ამის გამო დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ რისი და როგორი მინისტრი იქნებოდა.
ძალოვან მინისტრებს პრეზიდენტი ნიშნავდა, ამგვარი გადაწყვეტილებების მიღებაში არასოდეს ჩავრეულვარ. აქ პროფესიონალი კადრები უნდა დაეწინაურებინათ და წარმოდგენა არ მქონდა ვინ ივარგებდა თავდაცვის, უშიშროების ან შინაგან საქმეთა მინისტრებად.
ჩემთვის გაუგებარი იყო რა დამსახურებისთვის დანიშნეს, გიგი წერეთელი ჯანდაცვის მინისტრად. გიგი წერეთელი შევარდნაძეს ოპოზიციაში ისე ჩაუდგა, რომ არც მანამდე და არც ამის შემდეგ, მის წინააღმდეგ ხმა არასოდეს ამოუღია. 5 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე გაიარ-გამოიარა, მერე შეხედა მოვლენებს, 20 ნოემბერს წავიდა და შარდი ჩააბარა, რომ ამ გაყალბებული არჩევნებით, დეპუტატის მანდატი მიეღო და რევოლუციის შემდეგ, უცბად სააკაშვილის უახლოეს გარემოცვაში აღმოჩნდა. გიგი ყველა ხელისუფლებაში იქნება, ის მარადიული ფიგურაა, სააკაშვილს სულ არ დაუპირისპირდება, ისე გადაინაცვლებს მომავალ ხელისუფლებაში.
ეს კაცი დანიშნეს ჯანდაცვის მინისტრად და ორ კვირაში თქვა, აღარ მინდა მინისტრობა, ისევ პარლამენტარობა მირჩევნიაო და ალღომ არ უმტყუნა: მას შემდეგ რამდენიმე ჯანდაცვის მინისტრი გამოიცვალა, გიგი მერამდენიმეღაცედ გახდა დეპუტატი და თავს კომფორტულად გრძნობს.
ასევე, გაუგებარი გახლდათ კონფლიქტების დარეგულირების მინისტრად გოგა ხაინდრავას დანიშვნა. ხაინდრავა არანაირი რევოლუციონერი არ იყო, გოგა 15 ნოემბერს შეუერთდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უმალვე მინისტრად დანიშნეს.
თავდაპირველად, კონფლიქტების დარეგულირების მინისტრად ნიკა რურუას კანდიდატურას განიხილავდნენ და ჟვანია მის გამინისტრებას აპირებდა, მაგრამ გია ბარამიძე სასტიკი წინააღმდეგი წავიდა: მკვლელია, ბანდიტი, “ბოროტების საძმოს” წევრი იყოო - გაიძახოდა და ჟვანიამ მის დანიშვნაზე თავი შეიკავა და მინისტრი ხაინდრავა გახდა. ხაინდრავა ზურასთან მეგობრობდა და ეს ფაქტორი საკმარისი აღმოჩნდა, რომ მას ის მინისტრად დაენიშნა.
ამ ხალხის კომპეტენტურობაშიც და გულწრფელობაშიც ეჭვი მეპარებოდა, ორივენი ბოლო მომენტში შემოგვიერთდნენ და თუ რევოლუცია დამარცხდებოდა, წერეთელს შარდი ჩაბარებული ჰქონდა და დეპუტატი გახდებოდა, ხაინდრავას კი დამსახურება ჰქონდა - ის ხომ ოპოზიციის კანდიდატებს უპირისპირდებოდა არჩევნებში, რასაც მას ალბათ დაუფასებდნენ.
„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნიკა ტაბატაძემ სანაიას მკვლელობის შემდეგ მიმატოვა და ინგლისში წავიდა, მერე ამერიკაში ჩავიდა და რევოლუციამდე გაქრა. არადა, მე მას “რუსთავი 2”-ის წილის 10 პროცენტი ვაჩუქე, იმის დასამტკიცებლად, რომ მას ძალიან ვენდობოდი. ეს ტაბატაძე რევოლუციის შემდეგ ჩამოვიდა და სააკაშვილმა მასზე მკითხა, რას იტყვი ეკონომიკის მინისტრად რომ დავნიშნოო. - “აუ, არა რატომ, რა ეკონომიკის მინისტრი ტაბატაძე იქნება, რაის ეკონომიკა, ეგ უბრალოდ უსინდისო კაცია”, - ვუკივლე სააკაშვილს.
ტაბატაძეზე ნაწყენი ვიყავი, შუა გზაში ჯერ აქ ჩვენ მიგვატოვა და მერე ინგლისში მისი მეუღლე ნინო ქაჯაიაც მიატოვა, რომელმაც აქ ჟურნალისტის წარმატებული კარიერა მიატოვა და მაგას “დეკაბრისტის” ცოლივით უკან გაჰყვა.
მეც უსინდისოდ მომექცა. ის ნაჩუქარი წილი გაყიდა და ფული შეირგო, ხოლო კრიტიკულ სიტუაციაში ერთხელაც არ გავხსენებივართ.
მიუხედავად ამისა, მე სააკაშვილს მაინც ვუთხარი, მაგის დანახვაც არ მინდა და შენ სადაც გაგეხარდება იქ დანიშნე - მეთქი.
სააკაშვილი ადგა და ტაბატაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. ეკონომიკის მინისტრად რატომ ნიშნავდა ან საგარეო საქმეთა სამინისტროში რატომ დანიშნა - ერთმა სააკაშვილმა უწყის.
ძირითად მიზნად, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანას ვისახავდით და ჟვანიამ ეკონომიკის მინისტრად აბსოლუტურად მოუმზადებელი, 26 წლის ახალგაზრდა - ირაკლი რეხვიაშვილი სრულიად უარგუმენტაციოდ დანიშნა.
რეხვიაშვილის დანიშვნამდე ეკონომიკის მინისტრის პოსტი მე შემომთავაზეს.
მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა და პეროვსკაიას ქუჩაზე ნორვეგიულ რესტორანში დამპატიჟა. ეს რესტორანი იმით იყო ცნობილი რომ მწვადს ქვებზე წვავდნენ. მივედი. აქ დამხვდნენ სააკაშვილი, ჟვანია, მიშა მაჭავარიანი და ირაკლი ჩუბინიშვილი.
სააკაშვილმა ამათი თანდასწრებით მითხრა: ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და ვფიქრობთ, რომ იქნებ შენ გახდე ეკონომიკის მინისტრი.
პირველად რევოლუციის მეორე დღესვე ვთქვი თანამდებობაზე უარი, მიშას არც ამჯერად დავთანხმდი. ჩემი არგუმენტაცია მარტივად ჩამოვაყალიბე: მანამ, სანამ მე „რუსთავი 2“-ის მფლობელი და დირექტორი ვიყავი, ჩემი მინისტრად დანიშნვა შეუძლებლად მიმაჩნდა, ვინაიდან მერე მართლა ოლიგარქობას დამაბრალებდნენ, რაც ძალიან არ მსურდა და ამასთან, სააკაშვილს ვურჩიე, იქნებ მინისტრად ჩემზე გამოცდილი ეკონომისტი დაენიშნა. ამის მერე დანიშნეს მინისტრად ეს ირაკლი რეხვიაშვილი.
ამ საუბრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ზურა ჟვანიამ სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტობა შემომთავაზა. ჟვანიას თქმით, ეს არ იყო სახელმწიფო თანამდებობა, შემეძლო ბიზნესში ლეგალურად დავრჩენილიყავი და პარალელურად ქვეყანაში ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე მემუშავა. ჟვანიას სიხარულით, დაუფიქრებლად დავთანხმდი და რამდენიმე დღეში სავჭრო პალატის წევრთა ყრილობა გაიმართა.
ყრილობაზე პრემიერ-მინისტრი და ეკონომიკის მინისტრები მოვიდნენ. ჟვანიამ ბიზნესმენებს მიმართა, რომ პალატის თავმჯდომარედ მათ სიხარულით წარუდგენდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენს და მის მეგობარს - ეროსი კიწმარიშვილს.
“ვიოცნებოთ, რომ ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლიდან პირველივე წელს, ინვესტიციამ მილიარდს გადააჭარბოს, აი ეს არის ჩემი ორიენტირი” - ვუთხარი ბიზნესმენებს და დავპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი მათთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შესაქმნელად.
მე გავხდი საჭრო პალატის ხელმძღვანელი, რაც პრესამ შეაფასა, რომ ხელისუფლებამ ბიზნესის სახედ კიწმარიშვილი აირჩია. საზოგადოებას და მით უფრო ბიზნესმენებს, თავიანთი მენტალობიდან გამომდინარე ისე წარმოედგინათ, რომ ყველა საქმეს და მათ შორის ბიზნესმენთა დავებს გადავწყვეტდი. Iსინი ფიქრობდნენ, რომ მე ბიზნესში “ქურდი” გავხდი.
ჩემამდე სავაჭრო პალატას ედუარდ შევარდნაძის მძახალი, პაატას სიმამრი გურამ ახვლედიანი ხელმღვანელობდა. ამ დროს ის უკვე ქვეყნიდან გაიქცა. მის სახელს ბევრი ჩრდილოვანი საქმიანობა უკავშირდებოდა, იგი არაოფიციალურად მართავდა ფოთის პორტს, მასვე მიაწერდნენ, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის 150 მილიონ დოლარიან დავალიანებას.
პირველად, რაც ამ თანამდებობაზე ყოფნისას გავაკეთე, კინოთეატრ “ამირანის” დარბაზში ბიზნესმენთა ყრილობა მოვიწვიე. ვფიქრობდი, რომ აუცილებელიად უნდა გამოგვეცხადებინა ფინანსური ამნისტია. ეს მთავარ ღონისძიებად მესახებოდა. ჟვანიამ შემომთავაზა, ყრილობის მუშაობაში ბიზნესმენთა ფედერაციაც გაგვერია, რომლის პრეზიდენტი ბადრი პატარკაციშვილი გახლდათ. მე დავთანხმდი, თუმცა მერე ბადრი ფინანსური ამნისტიის ავტორობაში შემომიზიარდა.
ყრილობას მსხვილი და საშუალო ბიზნესის 1000 წარმომადგენელი დაესწრო. ვინც თავს ბიზნესმენად თვლიდა ყველა დავაპატიჟებინე.
პირველ რიგში ვსხედვართ ჟვანია, სააკაშივილი და მე. ყრილობა მე გავხსენი. მე ვთქვი, რომ სახელმწიფომ ბიზნესს სამართლიანი თამაშის წესები უნდა დაუწესოს, რათა ბიზნესმენი პირნათელი იყოს ბიუჯეტის და ქვეყნის წინაშე, ხოლო მეორეს მხრივ, თავად დაცული იყოს ხელისუფლებისგან. მიმაჩნდა, რომ შევარდნაძის დროს, უვარგისი საგადასახადო კოდექსი გვაიძულებდა შემოსავლები დაგვემალა და ბევრი უსამართლო გადასახადისთვის გვერდი აგვევლო. მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელისუფლების სათავეში მოვედით, უნდა შევეცადოთ, რომ ყველა იყოს მხოლოდ კანონის წინაშე ვალდებული და არავითარი სხვა ვალდებულება მათ არ ჰქონდეთ.
ჩემი ინიციატივით ხელისუფლებას ახალი საგადასახადო კოდექსი უნდა მიეღო, სადაც გადასახადები ოპტიმიზირებული გახდებოდა და თანაც შემცირდებოდა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც მაშინ ბიზნესს გააჩნდა ამ კოდექსის ბუნდოვანი შინაარსი იყო. ერთი და იგივე წინადადებას შენ კითხულობდი ერთნაირად, შენი ფინანსისტი წაიკითხავდა მეორენაირად, და როცა საგადასახადო სამსახურის წარმომადგენელი მოგაკითხავდა ის ამას მესამენაირად წაგიკითხავდა. შემდეგ ეს ჯიბიდან კოდექსის მუხლის განმარტებას გააძრობდა და მისი მიხედვით ვალებს დაგიწესებდა და მერე იწყებოდა ვაჭრობა, რომ მოდი ამდენს გადაგიხდი და ეს ვალი ჩამომაწერე. ამის გამო ყველა კრიმინალურ საქმიანობას ჩავდიოდით, მოკლედ, რომ ვთქვათ, საქართველოში ბიზნესმენს თუ რამის კეთება უნდოდა, ყველას რაღაცა უნდა მოეპარა. საგადასახადო კოდექსი დამოკლეს მახვილივით გვეკიდა თავზე.
ფინასური ამინისტიის გამოცხადებით ჩვენ ბიზნესმენებთან ურთიერთობას სუფთა ფურცლიდან დავიწყებდით. მხოლოდ ერთი პირობა გვქონდა, ყველას უნდა გამოეცხადებინა რა თანხა ჰქონდა ბიუჯეტისთვის გადამალული, რომელსაც ამნისტია ჩამოაწერდა და რის შემდეგაც, ახალი სამართლიანი საგადასახადო კოდექსის მიხედვით პატიოსნად უნდა დაეწყოთ გადასახადების გადახდა.
ჩემს შემდეგ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაადასტურეს, რომ ჩემს ინიციატივებს მხარს უჭერდნენ.
ამის შემდეგ, ტრიბუნაზე ბადრი პატარკაციშვილი მივიპატიჟე. ბადრი სცენაზე ამოვიდა და ჩემს გვერდით დადგა. უამრავი სურათი გადაგვიღეს, გაზეთები ჯერ წერდნენ, რომ ჩვენს შორის კონფრონტაცია დასრულდა, ხოლო მოგვიანებით ჩვენს ერთობლივ ფოტოებზე დააწერეს: „ვინ გაიმარჯვებს ოლიგარქების ომში“.
ბადრის მიმართ მე ტოლერანტულად განვეწყვე, ამიტომ მივიპატიჟე ტრიბუნაზე. მე მისგან ყოველთვის თავს ვიცავდი, არც ერთხელ კონფრონტაციაზე პირველი არ წავსულვარ. თუ დაპირისპირება დასრულდებოდა მე ეს ნამდვილად არ მეწყინებოდა.
მინდოდა სავაჭრო პალატა ბიზნესმენთა აქტიური შეხვედრების ადგილად მექცია. ეს მის ძველ ვიწრო და მოუხერხებელ ოფისში წარმოუდგენელი იყო, ეს ფართი მხოლოდ კულუარული შეხვედრებისთვის გამოდგებოდა, მე კიდევ ღია, საჯარო ფორუმების თუ შეხვედრების ჩასატარებლად ვემზადებოდი.
ზურა ჟვანიას ვთხოვე, რომ რუსთაველის პროსპექტზე მდებარე საქინფორმის ნახევრად უფუნქციო შენობა უზურფუქტის წესით, სავაჭრო პალატას გადმოსცემოდა. ეს საბჭოთა პერიდში, 30-იან წლებში ე. წ. სოცარტის სტილში აგებული ულამაზესი შენობაა, საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრი. ჩემი გეგმით, მოზიდული ინვესტიციების საშუალებით ეს შენობა მოწვეულ რუს არქიტექტორებს საბჭოთა სტილში უნდა გაერემონტებინათ. ამ მიზნით, საქინფორმის დირექტორად “რუსთავი 2”-ის წამყვანი ნინო ხოშტარია დავანიშნინე, რომელსაც, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგი გემოვნება აქვს.
განახლებული სავაჭრო პალატის პირველ სართულზე პრესკონფერენციების დარბაზი უნდა მომეწყო, სადაც ბიზნესმენები ჟურნალისტებს შეხვდებოდნენ. აქვე ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის სასწავლო სემინარებს ჩავატარებდით. ეს უნდა გამხდარიყო უცხოელ ბიზნესმენებთან კომუნიკაციის ადგილი. მეორე მხარეს, იქ სადაც, სარდაფში თეატრია განთავსებული, მსხვილი ბიზნესმენებისთვის დახურული კლუბი უნდა მოგვეწყო. ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც ამ კლუბის ძვირადღირებულ ბარათს იყიდდა ამ კლუბის წევრი გახდებოდა და მათთვის საინტერესო საკითხებზე ნებისმიერი რანგის და ინტერესის შეხვედრებს მოვაწყობდი. შენობის მეორე სართულზე თავად სავაჭრო პალატა განთავსდებოდა, თავისი დივერსიფიცირებული მიმართულებებით.
ფაქტობრივად, ქალაქის ცენტრში სახელმწიფო ერთი თეთრის დაუხარჯავად ულამაზეს და უძვირეს შენობას მიიღებდა, რომელშიც ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ მრავალმხრივი მუშაობა გაჩაღდებოდა.
სამწუხაროდ, ჩემი პროექტი რიგი მიზეზების გამო, რომელსაც შემდგომ მოგახსენებთ, ვერ განხორციელდა. ეს შენობა, კი მგონი 5 მილიონ დოლარად გაყიდეს და ის დღესაც ბინძურად გამოიყურება, სადაც პირველ სართულზე სიგარეტის ჯიხურებია ჩამწკრივებული.
პარალელურად, ჩემი ბიზნესის განვითარებაზე ვზრუნავდი. ”ჯორჯიან ონლაინში” ჩემს პარტნიორებთან, დათო დვალთან და მერაბ ბუზალაძესთან ერთად კომუნიკაციის ბიზნესის განვითარების მარტივი სქემა შევიმუშავეთ.
ფიქსირებულ ქსელებს, რომელსაც პოპულარული ენით, ქალაქის ტელეფონს ვეძახით, ახალ სეგმენტს, ე.წ უმავთულო სატელეფონო კომპანიას დავუმატებდით და უმსხვილეს კომპანიას მივიღებდით, რომლის საერთო კაპიტალიზაცია სოლიდური თანხა გახდებოდა. ამ უკაბელო სატელეფონო კომპანიის შესაქმნელად ლიცენზიის აღებას ვაპირებდი. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვიყავით ფრიდონ ინჯიასთან, ვისაც კერძო კომპანია “ახალი ქსელები” ეკუთვნის, ჩვენი რესურსები გაგვეერთიანებინა. ამ რესურსით გავერთიანდებოდით „ელექტროკავშირთან“, რომელიც სახელმწიფო კომპანიად დარჩებოდა, მაგრამ ამ ყველაფრის მენეჯმენტს, ხუთი წლის ვადით ჩვენ განვახორციელებდით.
„ელექტროკავშირს“ 300 000 აბონენტი ჰყავდა, ახალ ქსელებს - 180 000.
დადგენილია, რომ საშუალოდ, ერთი სატელეფონო აბონენტი 300 დოლარი ღირს. 300 000 აბონენტის პირობებში ელექტროკავშირის მთლიანი ღირებულება 90 მილიონი გამოდიოდა, თუმცა ეს არარეალურად მაღალი ფასია, ვინაიდან ამ 300 ათასიდან აქტიური 150 000 ათასი აბონენტია, ანუ თბილისის მოსახლეობა. რაიონების აბონენტთაგან წლიური შემოსავალი მიზერულ თანხას შეადგენს. შევარდნაძის პერიოდში პირობითად ელექტროკავშირის ფასი 50 მილიონს თუ შეადგენდა.
ჩვენი მენეჯმენტის პირობებში, როცა სერვისს გავზრდიდით, დავამატებდით საკაბელო ტელევიზიას, ინტერნეტს, ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს, და მომხმარებელთა არეალს მნიშვნელოვნად გავზრდიდით, 5 წლის თავზე ამ კომპანიის ფასი ნახევარი მილიარდი გახდებოდა.
ამის შემდეგ, თვითონ სახელმწიფო გადაწყვეტდა, როგორ გაეყიდა ეს კომპანია: პირველი, შესაძლოა კომპანია დაექსაქსა და ცალ ცალკე სეგმენტად გაეყიდა. მარტო ვაკის 22-იან ატეესს 100 მილიონ დოლარად გავყიდდით. მეორე გზა იყო, კომპანიის ლონდონის ბირჟაზე გაყიდვა. მესამე, შეგვეძლო ეს სტრატეგიული ინვესტორისთვის მიგვეყიდა, ისეთებისთვის, როგორებიცაა - ბრითიშ ტელეკომი, თურქტელეკომი, ფრანსტელეკომი ან დოიჩეტელეკომი.
ჩვენ აქ უნდა მოგვეყვანა მსხვილი ინვესტორი და არა სპეკულიანტები ყაზახეთიდან, რომელთაც, რაღაც ფული ჩადეს ამ ბიზნესში და ეს სფერო სულს ღაფავს, რის გამოც ხან სატელეფონო და ხანაც ინტერნეტ მომხმარებელია დაზარალებული. სფერო არ ვითარდება. ჩვენმა ხელისუფლებამ „ელექტროკავშირი“ 80 მილიონ დოლარად გაყიდა, როცა ჩვენი გეგმით ამაზე მეტ თანხას ერთი ატეესის გაყიდვიდან მივიღებდით. ასეთი სტრატეგიით, ჩვენ ყველა მოვიგებდით. თუკი მე 50 მილიონიან კომპანიას ნახევარ მილიარდ დოლარის ღირებულებამდე გავზრდიდი, ჩვენი ბიზნეს ჯგუფი წარმატებული ბიზნეს პროექტისთვის 10 პროცენტს მიიღებდა, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული ნორმაა.
გარდა იმისა, რომ ვაპირებდით „ელექტროკავშირის“ მენეჯმენტის ხელმძღვანელობას, ჩვენი საკომუნიკაციო ბიზნესი 5-6 სეგმენტს მოიცავდა. შესაძლებელი იყო მობილური კომპანიაც შემექმნა და ფიჭური კავშირგაბმულობის სეგმენტშიც დავმკვიდრებულიყავით. ამას გარდა, რახან ბიზნესში დარჩენას ვაპირებდი, გადავწყვიტე მეხამრიდის ფუქცია მეკისრა და ხელისუფლებაში გადაბარგებული რევოლუციონერებისთვის ფინანსურად ხელი გამემართა.
(გაგრძელება იქნება)