საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. მეტიც, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, შესაძლებელია, დღეს გამოვლენილი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი იყოს ინფიცირებული, რომლებთანაც კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მისივე თქმით, მომდევნო 2 კვირის განმავლობში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის პიკი და შესაძლოა, ეს მაჩვენებელი გაიზარდოს.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ან ამ დინამიკის შენარჩუნება, შესაძლოა მომდევნო 4 კვირის განმავლობაში გაგრძელდეს და ერთი თვის თავზე რაოდენობის პიკმა დაღმასვლა დაიწყოს. ამასთან, ვარაუდი გამოითქვა, რომ კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამი, თავისი მსუბუქი კლინიკური ნიშნებიდან გამომდინარე, შესაძლოა, პანდემიის დასასრულის დასაწყისი იყოს. თუმცა, მედიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მიუხედავად ამ ოპტიმისტური პროგნოზისა, უნდა ვიყოთ ფრთხილად და დავიცვათ რეგულაციები.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენილი დადებითი შემთხვევების 90% „ომიკონია.“
ექსპერტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ „დელტა“ შტამის პირობებში, საქართველოს გაუჭირდებოდა ამდენი ინფიცირებულის მართვა, თუმცა, „ომიკრონის“ შტამის შემთხვევაში, მისი კლინიკური მახასიათებელი შედარებით მსუბუქია და იგი არ გავს „დელტა“ ვარიანტს. ზოიძემ საზოგადოებას აცრისკენ კიდევ ერთხეულ მოუწოდა და For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, რომ თუკი მოსახლეობას სურს, „ომიკრონი“ კორონავირუსის ბოლო შტამი აღმოჩნდეს და დაიწყოს პანდემიის დასასრულის დასაწყისი, მნიშვნელოვნია საზოგადოების დიდი ნაწილი აცრილი იყოს.
„ყველა სპეციალისტი გვაფრთხილებდა, რომ ეს პიკი გვექნებოდა, რაც გამოიარა ყველა ქვეყანამ. დამაიმედებელი ის არის, რომ წესით, 4 კვირაზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს, თუმცა, შემაშფოთებელია ის, რომ ყველა იმ ქვეყანამ, რომელმაც შედარებით კატასტროფული შედეგების გარეშე გაიარა „ომიკრონის“ ბოლო ტალღა, ამ ქვეყნებს უპირატესობა ის ჰქონდათ, რომ უმეტესობა აცრილი იყო. ჩვენთან სამწუხაროდ, მოსახლეობის 60% არ არის აცრილი. ასე რომ, ამ კუთხით შესაძლოა გვქონდეს უარესი შედეგები, გართულებების შემთხვევების კუთხით, ვიდრე აშშ-ს, ან ბრიტანეთს ჰქონდა.
ეს „დელტა“ შტამი რომ ყოფილიყო, სრული კატასტროფა იქნებოდა, რადგან 15 ათას შემთხვევას ექნებოდა ძალიან ბევრი გართულებული შემთხვევა, როდესაც ადამიანი მოხვდებოდა საავადმყოფოში. ახლაც ხვდებიან კლინიკებში, მაგრამ ძირითადად, უცრელები და ესეც კვლავ, სამწუხაროდ იქნება აუცრელთა ეპიდემია, ვინც მოხვდება საავადმყოფოში. „ბუსტერი“ გვიცავს ეფექტურად დაინფიცირებისგან, თუმცა, თუ დავინფიცირდით, სრული გარანტია გვაქვს, რომ არ მოვხვდებით საავადმყოფოში.
იმედი იმისა, რომ „ომიკრონი“ შეიძლება ნიშანია, ზაფხულისთვის ჩვენ მძიმე პანდემიური მოლოდინებისგან განვთავისუფლდეთ, ისევე როგორც საგანგებო მდგომარეობისგან, ეს რეალიზდება იმ შემთხვევაში, თუკი მოსახლეობის დიდი რაოდენობა იქნება აცრილი. თუ ხარ აუცრელი, „ომიკრონის“ პირობებში, „კოვიდ-19“ რჩება არაპროგნოზირებადი, განსაკუთრებით თუ ადამიანს აქვს ქრონიკული დაავადება, ან მისი ასაკი არის 50 წლის ზემოთ. ავიცრათ, გავიკეთოთ ბუსტერი და ამ შემთხვევაში, დიდი იმედი უნდა გვქონდეს პანდემიის დასრულების“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექციოსტი, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე არ ვიცით, „ომიკრონის“ ვარიანტი როგორ პასაჟირდება. შესაბამისად, მისი შეფასებით, პანდემიის დასრულებაზე საუბარი ნაადრევია.
„ასეთი დიდი რაოდენობა, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ძალიან ბევრია. ეს რაოდენობა არ მიკვირს იმის გათვალისწინებით, რომ ახალ წელს ვიცით, რა ხდებოდა, განსაკუთრებით თბილისში. ვერ მოხდა მოსახლეობის სრული ვაქცინაცია, ამიტომ არ უნდა გვიკვირდეს ეს რაოდენობა. არ არის გამორიცხული, ეს მაღალი მაჩვენებელი ერთი თვე შენარჩუნდეს. „ომიკრონი“ უფრო ადვილად ვრცელდება თუ ასე გაგრძელდება, შესაძლოა ეს რაოდენობა შენარჩუნდეს და გაიზარდოს კიდევაც.
პანდემიის დასრულებას ჯერჯერობით არ ველოდები, რადგან არ არის გამორიცხული კიდევ წამოვიდეს ახალი შტამი. სანამ იმის შედეგი არ გვექნება, რომ დასრულდა პანდემია, მანამდე რაღაც პროგნოზების გაკეთება არ შეიძლება. ვირუსის ასეთი გავრცელება თუ იქნება საქართველოში, არაა გამორიცხული, ნელ-ნელა გამოიწვიოს ვირუსის გაძლიერება და ახალი შტამის ჩამოყალიბება. ერთადერთი, რაც სასიხარულოა ის არის, რომ მაღალი ლეტალობით არ გამოირჩევა „ომიკრონის“ შტამი“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ კორონავირუსის ეს დინამიკა შესაძლოა რამდენიმე კვირა გაგრძელდეს, თუმცა, 10 თებერვლიდან ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაბლა ჩამოვა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია პაციენტების სწორი მართვა და რისკ-ჯგუფების დროული გამოვლენა.
„ეს რეალობა, რაც გვაქვს, მოსალოდნელი იყო იქიდან გამომდინარე, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და ექსპერტების შეფასებით, შესაძლოა გვქონოდა რამდენიმე ათასეული შემთხვევა. შესაძლოა 10 თებერვლამდე იყოს მზარდი სტატისტიკა და შემდეგ დაიწყებს კლებას. ყველაფერი დამოკიდებულია გატარებულ ღონისძიებებზე და თუ როგორ დაიცავს ჩვენი მოსახლეობა რეკომენდაციებს. მთავარია, ახლა მოხდეს პაციენტების შეფასება, ვისაც არ სჭირდება სხვადასხვა კვლევები და მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, იყვნენ ბინაზე, იზოლაციაში. ამასთან, სწრაფად უნდა გამოვლინდეს რისკ-ჯგუფის პაციენტები, ვისაც აქვს დამძიმების მაღალი ალბათობა.
„ომიკრონს“ აქვს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, თუმცა სწრაფად ვრცელდება. არსებობს რისკები ახალი შტამის გამოჩენის ან „ომიკრონმა“ მიიღოს სხვა ბუნება და მიმდინარეობა. მნიშვნელოვანია ყურადღებით ვიყოთ, რომ არაფერი გამოგვეპაროს და უარეს მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ. სიფრთხილისკენ მოვუწოდებ მოსახლეობას. იმედია, რომ „ომიკრონი“ დაასრულებს პანდემიას. ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია ეს იყოს ზომიერად, სანამ ასეთი მზარდი სტატისტიკა გვაქვს“, - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ. ამასთან, 50 წელს გადაცილებული პირებისთვის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა ერთი თვით გახანგრძლივდება.