თუ პოპკულტურის სიახლეებს თვალს ადევნებთ, კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის დაშორების შესახებ აუცილებლად გეცოდინებათ. ცოტა ხნის წინ კანიე ვესტი საზოგადოების წინაშე ახალ პარტნიორთან — მსახიობ ჯულია ფოქსთან ერთად წარსდგა და ყველა აალაპარაკა.
წყვილი წითელ ხალიჩაზე ერთად პირველად პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდა. მათ ერთი სტილის ტანსაცმელი — თავით ფეხამდე ჯინსის სამოსი მოირგეს.
მათი გამოჩენისა და განსაკუთრებული ჩაცმულობის განხილვა ჯერ არავის დაესრულებინა, რომ კანიემ და ჯულიამ ტანსაცმელი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეუხამეს და ამჯერად ტყავის სამოსით მოგვხიბლეს.
კანიე და ჯულია ერთმანეთს ახალ წელს მაიამიში შეხვდნენ და მას შემდეგ პაპარაცებმა ერთად რამდენჯერმე დააფიქსირეს. ჯულია ინტერვიუებსა თუ პოდკასტებში კანიესთან ურთიერთობაზე ღიად საუბრობს. მან საზოგადოების ბრალდებებსაც უპასუხა:
"ხალხი ყოველთვის იმას ამბობს, თითქოს მასთან პოპულარულობისთვის, გავლენის მოსაპოვებლად ან ფულის გამო ვარ. ძვირფასო, მთელი ზრდასრული ცხოვრება მილიარდერებს ვხვდები, მოდი, გულწრფელები ვიყოთ", — განაცხადა ჯულიამ.
კანიესა და ჯულიას წყვილზე საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქციების მიუხედავად, აშკარაა, რომ მათ ერთად გამოჩენასა და დასამახსოვრებელ ჩაცმულობას ყველა სულმოუთქმელად ელის.