ჰააგის ტრიბუნალზე სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნით აქცია გაიმართა

ჰააგის ტრიბუნალზე სააკაშვილის გადაცემის მოთხოვნით აქცია გაიმართა

სააკაშვილის ჰააგის ტრიბუნალზე გადაცემის მოთხოვნით დღეს ვაკის პარკთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სახელწოდებით „იგი ვერ იფიქრებდა, თუ ოდესმე საქართველოში ფაშიზმი გაიმარჯვებდა!“ აქცია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბისა“ და „ევრაზიის ინსტიტუტის“ მხარდაჭერით განხორციელდა და მასში მონაწილეობა მიიღო ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ. აქციის შემდეგ პროტესტის მონაწილეებმა მთელი ქალაქის მასშტაბით 5000 პლაკატი და 10 000 პროკლამაცია გააკრეს.

ევრაზიის ინსტიტუტის ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის გასამართლება უნდა მოხდეს, რადგან მას  წმინდა წყლის სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი.

„ამიტომაც დავბეჭდეთ პლაკატები, რომლებზეც ადოლფ ჰიტლერის ფოტოსთან ერთად გამოსახულია მიხეილ სააკაშვილის ფოტო, ფაშისტური გერმანიის სიმბოლიკა და, ამავდროულად, -სააკაშვილის სიმბოლიკა“, - აცხადებს შოთა აფხაიძე.

მისი თქმით, მართალია, ჰააგაში გასამართლების მხრივ მოქმედი პრეზიდენტების მიმართ პრობლემებია, მაგრამ, თუ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა იქნება, თუ ძალიან მოვინდომებთ და გავუწევთ ამ საქმეს ორგანიზებას, უნდა მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტი, რათა მას ვადაზე ადრე შეუწყდეს პრეზიდენტის უფლებამოსილება.

აფხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი დღეს უკვე მაინც დე ფაქტო პრეზიდენტია, მან გააყალბა არჩევნები და ქართველ ხალხს სრული მორალური და იურიდიული უფლება აქვს, მისი იმპიჩმენტი მოითხოვოს და დაიწყოს ჰააგის სასამართლოზე მისი გადაცემის პროცედურა.

აფხაიძე აცხადებს, რომ ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, 15 მაისიდან კი ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით რეგიონებში გასვლასა და ხალხის მობილიზებას იწყებენ. მით უფრო, რომ ანალოგიური განწყობისაა ქართული საზოგადოების უმრავლესობა.

„ჩვენ ამის იგნორირებას არ მოვახდენთ, დამნაშავესთან კოაბიტაცია არ შეიძლება, ასეთი კოაბიტაცია კანონდარღვევაა. სისხლის სამართლის დამნაშავესთან კოაბიტაცია არ შეიძლება. როგორ წარმოგიდგენიათ, ბენ ლადენთან კოაბიტაცია ეწარმოებინა ამერიკას? განა  შეიძლებოდა, ჟან ბედელ ბოკასას რეჟიმთან, პინოჩეტის, ჩაუშესკუს რეჟიმებთან ყოფილიყო კოაბიტაცია? დამნაშავე ფიგურები უნდა დავსაჯოთ და შემდგომ უკვე მშვიდობიანი კოაბიტაცია გაგრძელდეს“, - აცხადებს ყოფილი პოლიტპატიმარი.