რობოტი-მტვერსასრუტი, რომელიც კემბრიჯში, სასტუმრო Travelodge-ში იყო დასაქმებული, სამსახურიდან „გაიქცა“. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რობოტი, სხვა მტვერსასრუტებისგან განსხვავებით სასტუმროს შესასვლელ კართან არ გაჩერდა და გაურკვეველი მიმართულებით განაგრძო მოძრაობა. სასტუმროს თანამშრომლებმა დახმარებისთვის ინტერნეტ-მომხმარებლებს მიმართეს.
„დღეს მტვერსასრუტი გაგვექცა. ჩვეულებრივ კართან ჩერდებიან ხოლმე, მაგრამ ამან გაქცევა გადაწყვიტა“, - დაწერა Twitter-ზე სასტუმროს თანამშრომელმა. ამ ამბავმა სოციალურ ქსელებში დიდი რეზონანსი გამოიწვია. მომხმარებლები მამაც მტვერსასრუტს მხარდაჭერას უცხადებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ბრიტანულ ეკოსისტემაში არ არსებობს მტაცებელი, რომელიც მას გაუმკლავდებოდა. ზოგი კი დარწმუნებული იყო, რომ მტვერსასრუტი ქვეყნიდან წავიდოდა.
თუმცა რამდენიმე დღეში რობოტი სასტუმროს ტერიტორიაზე, ბუჩქებში აღმოაჩინეს. ის გარეცხეს და სამსახურში დააბრუნეს. ინტერნეტ-მომხმარებლებს ისტორიის ასეთმა ფინალმა იმედები გაუცრუა.