ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობა პოზიციებს სწრაფად და მკვეთრად იცვლის. პირველი მოსმენით მხარდაჭერილი აზარტული თამაშების ამკძალავი კანონპროექტი მეორე მოსმენით მოულოდნელად ჩააგდეს და საწინააღმდეგო კომენტარებიც მიაყოლეს. ამიტომაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი სასწრაფოდ ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
მისი თქმით, 200 000 ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ” მის საკანონმდებლო ინიციატივაზე რეფერენდუმი ჩატარდეს.
“პარლამენტი ჩემს კანონპროექტს არ ითვალისწინებს. სწორედ, ამიტომ მომავალი კვირიდან ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას. როგორც ვიცი, 200 000 ხელმოწერაა საჭირო იმისთვის, რომ რეფერენდუმი ჩატარდეს და საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად მოსახლეობამ ამ კითხვაზეც გასცეს პასუხი: უნდა აიკრძლოს თუ არა აზარტული თამაშები საქართველოში?! მჯერა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა აკრძალვის მომხრე იქნება”, - აღნიშნა კობა დავითაშვილმა.
ეს იდეა დეპუტატს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც პარლამენტმა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ” საკანონმდებლო ინიციატივა მეორე მოსმენისას ჩააგდო
პაკეტი, რომელსაც უმრავლესობამ მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა და მარტის დასაწყისში გამართულ სესიაზე 77 ხმით, 14–ის წინააღმდეგ მიიღო, დღევანდელ სხდომაზე შედეგით: 46 - მომხრე, 44 - წინააღმდეგი ვერ გავიდა. პროექტის მიღებას 59-ხმიანი ქვორუმი სჭირდებოდა.
კენჭისყრას საკითხის განხილვა და ხანგრძლივი პოლემიკა უძღოდა წინ. აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის ინიციატივას დღევანდელ სხდომაზე კრიტიკოსები უმცირესობის გარდა, უმრავლესობის რიგებშიც გამოუჩნდნენ.
კერძოდ, საპარლამენტო დებატებისას აღინიშნა, რომ ინიციატივა საკმარისად მომზადებული არ იყო, საჭირო იყო დამატებით მუშაობა და კონსულტაციების გაგრძელება. უმრავლესობაში გამოითქვა შიშიც იმის თაობაზე, რომ კანონის მიღება ბიზნესის ამ სეგმენტის გარდა, სარეკლამო ბაზარსაც სერიოზულად დააზარალებდა. საბოლოოდ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარალელურად, კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს შემდეგმა ფრაქციებმა: „ქართული ოცნება - თავისუფალი დემოკრატები” და „ქართული ოცნება - რესპუბლიკელები”.
დეპუტატ თინათინ ხიდაშელმა განცხადებით, პარლამენტმა უნდა იმსჯელოს აზარტული თამაშების შესახებ მიდგომაზე, აპირებენ თუ არა ამ სფეროს წახალისებას ან აკრძალვას: „კანონპროექტის ავტორებმა კონცეპტუალურად უნდა წარმოადგინონ ხედვა, რეკლამის აკრძალვის კეთილშობილური შედეგის შესახებ, მით უმეტეს მაშინ როცა დიდია რისკები მეორე მხარეს”.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილისთვის მისაღები აღმოჩნდა კანონპროექტის განხილვის გაგრძელება ჩასწორებებით, თუ იგი ძალაში შევიდოდა 2014 წლის 1-ლი იანვრიდან და ამ დროისთვის კომპანიებს მიეცემოდათ საშუალება აეგეგმათ თავიანთი საბიუჯეტო წელი.
კანონპროექტს არაეფექტური უწოდა წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ. ფრაქცია ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის აზრით, კანონის მიღების შემთხვევაში შეუძლებელი იქნება მისი ადმინისტრირება, რადგან სახელმწიფოს არ გააჩნია შესაბამისი ბერკეტები ინტერნეტსივრცე აკონტროლოს, ამასთან იგი ეკონომიკურ სტაგნაციას გამოიწვევს.
„კანონი ვერ იმუშავებს, მხარს არ ვუჭერთ რამდენიმე მიზეზით, მათ შორის ერთ-ერთია ეკონომიკური, რადგან იქნება დანაკარგები ამ სფეროში”, - აცხადებს ჯაფარიძე.
თავის მხრივ კობა დავითაშვილისთვის ყველაზე მოულოდნელი და გაუგებარი იყო ის, თუ რატომ გახდა მის მიერ წარდგენილი ინიციატივა უმრავლესობის წევრებისთვის კონცეპტუალურად მიუღებელი ახლა, როცა საკითხი პრინციპების დონაზე მიღებული და მხარდაჭერილი იყო. დავითაშვილი საკითხის განხილვისას დაინტერესდა, “თუ რა შეიცვალა პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე”. მან პარლამენტის თავმჯდომარეს თავდაპირველად პროექტის კენჭისყრის ხვალინდელი სხდომისთვის გადადება სთხოვა, თუმცა მოგვიანებით გადაწყვეტილება იმ არგუმენტის საფუძველზე შეცვალა, რომ ინიციატივის მოწინააღმდეგე კოლეგებთან ამ თემაზე კონსულტაციებს აზრი არ ჰქონდა.
პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პროექტის მიმართ პოზიცია 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა და აღნიშნა, რომ “კობა დავითაშვილი კაზინოებთან დაკავშირებით ზედმეტად აქტიურობს”.
“მინდა, გავიხსენო დავითაშვილის ზედმეტი აქტიურობა კაზინოებთან დაკავშირებით. ესეც ფრთხილი საკითხია. გადაწყვეტილება რეკლამასთან დაკავშირებით მიიღეს და ზედმეტი განმარტებები არ გააკეთეს, ბევრი ინვესტორი გაჩერდა.
მესმის, რომ კაზინოს ბევრი სიმახინჯე აქვს, ბევრ პრობლემას ქმნის და შეიძლება ზოგიერთ ქალაქში არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ძალიან მკვეთრად ნუ მივუდგებით. არ ემუქრება კაზინოებს დახურვა, ეს საკითხი არ განიხილება, თუმცა ჩემი დამოკიდებულება ჩემს განცხადებებშიც მინიშნებული მქონდა. ამას კარგი განხილვა უნდა და ინვესტორებს და ბიზნესმენებს ანგარიშის გაწევა სჭირდებათ. შეიძლება კაზინოებისთვის სპეციალური ადგილები ვნახოთ, რომ მოსახლეობას ის სახლებად არ ჰქონდეთ და ახალგაზრდები მაქსიმალურად არ იყვნენ ჩართულნი და ზედმეტი რეკლამაც არ იყოს მასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ივანიშვილმა.
აზარტული თამაშების რეკლამირების ამკრძალავი და პარლამენტის მიერ უარყოფილი პაკეტის თანახმად, აკრძალვები 2014 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო.