რამდენიმე საათის წინ ესპანურმა გამოცემამ „Marca” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.
ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ლონდონის „ტოტენჰემის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ანდრე ვილაშ-ბოაში მომავალი სეზონიდან კატალონიურ „ბარსელონას“ ჩაიბარებს.
ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი ფეხბურთის სპეციალისტი გუშინ ქალაქ ბარსელონაში იმყოფებოდა და კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა.
„ბარსელონას“ წარმომადგენლების ოფიციალური მტკიცებით, ჟოზე მოურინიოს თანამემამულეს ლონდონში კატალონიური გუნდის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელის წაყვანა სურს. გავრცელდა კულუარული ცნობაც, რომ ვილაშ-ბოაში „ბარსას“ თავკაცის რანგში მოგვევლინება.
კატალონიელთა ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მომავალ სეზონში გუნდს კვლავ ტიტო ვილანოვა გაწვრთნის, მაგრამ ფაქტია რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. ესპანური მას-მედია ირწმუნება, რომ ვილანოვა კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს.