მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, საქართველოს 4000 კვ.მ. მიწა გადაეცა. უცნობია, უშუალოდ ამ ტერიტორიაზე არის თუ არა ქართული ნაკვალევი და ჩატარდა თუ არა არქეოლოგიური სამუშაოები ქართული არტეფაქტების გამოსავლენად, მაგრამ, ზოგადად, წმინდა მიწა რომ ქრისტეს ნატერფალის გარდა ქართულ ნაკვალევსაც ინახავს, არავისთვის უცნობი არაა. მხოლოდ პეტრე იბერმა, მეხუთე საუკუნის ამ ბრწყინვალე ქართველმა თეოლოგმა და ფილოსოფოსმა, იერუსალიმში, იორდანიასა და იუდეის უდაბნოში არაერთი ქართული ძეგლი აღმართა, რაც საქართველოდან გაწეული დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.
დღეს წმინდა მიწაზე ვოიაჟები ერთგვარ მოდად იქცა, ძალიან ხშირად ვხედავთ იერუსალიმში ჩასულ ერთსა და იმავე სახეებს, ლამის მორწმუნეობა იმით განისაზღვროს, რამდენჯერ ვესტუმრეთ იერუსალიმს, ათონის მთას, იტალიის ქალაქ ბარში მდებარე წმიდა ნიკოლოზის საფლავს და გვავიწყდება ილია მეორის ნათქვამი: „შეჩვევა იცის წმინდა მიწამ, ამ დროს ადამიანს ავიწყდება, რომ ის წმინდა მიწაა და ხშირად იქ ჩვეულებრივად იქცევა. წმინდა მიწაზე არის დიდი სიწმინდე და მასთან ერთად დიდი ბრძოლებიც. კეთილი და ბოროტი განსაკუთრებით იბრძვის წმინდა მიწაზე“.
ქართველები ვამაყობთ იმით, რომ ადამისა და მაცხოვრის საძვალეები, გოლგოთა, ქრისტეს საფლავის კლიტე, ბეთლემის ღვთისმშობლის მონასტერი გვეკუთნოდა, 36 ქართული მონასტერი და მისი ნაშთი დაგვიტოვებია ამ ტერიტორიაზე, მათ შორის, ჯვრის მონასტერი, იერუსალიმში ჩვენს წინაპრებს საკუთარი იბერთა ქუჩა ჰქონდათ, რომლითაც პირდაპირ მიდიოდნენ აღდგომის ტაძარში. ისტორიულ მეხსიერებას შემორჩენია ისიც, რომ ვახტანგ გორგასალი არაერთ ტაძარს აშენებდა წმინდა მიწაზე და იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დასაცავად სწორედ მის მიერ დატოვებული ქართული რაზმის დაარსებულია სოფელი მალხა. მალხელები თავს გურჯებად მიიჩნევდნენ, მაგრამ მათმა უმრავლესობამ არაბიზაცია განიცადა, თუმცა ჯვრის მონასტერზე მზრუნველობას არ კარგავდნენ. ბოლო პერიოდში ქალაქის ზრდასთან ერთად საჭირო გახდა სოფელ მალხაზე მაგისტრალის გაყვანა, რის გამოც მალხელი ქართველები გადაასახლეს და ისინიც მიმოიფანტნენ.
სასურველია, იერუსალიმში ქართული კულტურის ცენტრის გახსნის შემდეგ ჯვრის მონასტრის გამოსყიდვის საკითხიც დაისვას, რაც ბერძნების დაინტერესებით უნდა განხორციელდეს. ასევე, ქართული კულტურის სხვა ნაშთებსაც მიეხედოს, რადგან ცნობილია, რომ წმინდა მიწაზე მიწის გათხრის დროს არაერთი ქართული ნაშთი აღმოჩენილა. ეს დაახლოებით ისე უნდა მოხდეს, როგორც რუსებთან მიმართებით, რომლებსაც თავის დროზე ძალიან ბევრი რამ ჰქონდათ შეძენილი წმინდა მიწაზე, მაგრამ მერე თვითონ ისრაელის სახელმწიფომ გამოისყიდა რუსების შენაძენი.
იორდანიაში ქართველებისთვის მიწის გადმოცემის ფაქტს ისტორიკოსი ჯაბა სამუშია for.ge-სთან საუბარში აფასებს.
ჯაბა სამუშია: იორდანიაში თითქმის ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთის ქართველებისთვის გადმოცემა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იქიდან გამომდინარე, რომ იმ ტერიტორიაზე ქართული მხარე ამხელა მიწის ნაკვეთს არ ფლობდა. გადაწყვეტილია, იმ ტერიტორიაზე აშენდეს ქართული კულტურის ცენტრი, რაც გააძლიერებს იმ სამეცნიერო პოტენციალს, რომელიც წმინდა მიწაზეა. ცხადია, წმინდა მიწაზე არსებული ქართული სიძველეების შესწავლა მოხდება.
იმ მიწაზე, სადაც ქრისტეს დაუდგამს ფეხი, ნებისმიერი ადგილი წმინდად ითვლება. იორდანიაში გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე ქართველთა ნაკვალევის დამადასტურებელი ისტორიული არტეფაქტებიც ხომ არ აღმოჩნდა?
- ვერ გეტყვით, უშუალოდ ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაო ჩატარდა თუ არა და აღმოჩნდა თუ არა ქართული არტეფაქტები, მაგრამ ეს არის მიწის ნაკვეთი იმ ტერიტორიასთან ახლოს, სადაც ქრისტეს ნათლობის ადგილია, ანუ მდინარე იორდანესთან. ამას დიდი ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ამ ადგილას მთელი მსოფლიოდან ჩადიან მომლოცველები. რეალურად, ეს კულტურული ცენტრი მომავალში უნდა გადაიქცეს ქართული ნაკვალევის შესწავლის ცენტრად.
იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ადრე ქართველებს ეკუთვნოდათ, ახლა ბერძნების ხელშია, ფრანცისკანელებისგან (იტალიელები და ესპანელები) განსხვავებით, რომლებიც ნანობენ, რომ მე-19 საუკუნეში დიდი დანაშაული ჩაიდინეს და ფრანცისკანელთა მონასტერი ისე დააშენეს ქართულ ნამონასტრალს, არც კი დაინტერესებულან, რა არქეოლოგიური მასალა იმალებოდა მიწის ქვეშ, ბერძნებს კი ასეთი სინანული არ აქვთ. ჯვრის მონასტრის დაბრუნება როგორ უნდა მოხდეს?
- რაც შეეხება ჯვრის მონასტრის დაბრუნების საკითხს, დღესდღეობით ეს მონასტერი იერუსალიმის საპატრიარქოს ხელშია, საკმაოდ მძიმედ უყურებენ იერუსალიმის საპატრიარქოს წარმომადგენლები ქართველების დაინტერესებას ამ თემით, მაგრამ ამ მიმართულებითაც ბევრი რამ გაკეთდა ბოლო წლებში. მაგალითად, თუ წინათ ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით საძიებო სისტემებში მხოლოდ და მხოლოდ ჯვრის მონასტერი იყო მითითებული, ახლა უკვე იქ მითითებულია და გუგლის რუკების მეშვეობით დღეს შეგიძლიათ ნახოთ ჯვრის ქართველთა მონასტერი. ამ თვალსაზრისით თავის დროზე საფუძვლიანი პრეტენზიები გამოითქვა, დღეს კი იერუსალიმის საპატრიარქო უნდა შეეგუოს ამ მდგომარეობას. ამ ეტაპზე ჯვრის მონასტრის საკითხი არ დგას, რაც ეტაპობრივად მისაღწევია.