ნოემბერში ცნობილმა მოდელმა ბელა ჰადიდმა ინსტაგრამზე ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებშიც ტიროდა და თან საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც დაწერა. აღნიშნულ ფოტოებზე, შფოთვასა და მასთან გამკლავებაზე ბელამ ცოტა ხნის წინ ახალ ინტერვიუშიც ისაუბრა.
კითხვაზე, თუ რა იყო მისი გემოვნებიანი ჩაცმულობის საიდუმლო, ბელამ უპასუხა, რომ 2 წელია, პირადი სტილისტი აღარ ჰყავს და ამ გამოცდილებამ შფოთვა გაუმწვავა. მოდელის თქმით, შფოთვის გამო ტანსაცმლის დამოუკიდებლად შერჩევა და გარეთ გასვლა უჭირდა.
"სტილისტი დიდი ხანია, ალბათ, ორი წელია აღარ მყოლია. უცნაური მენტალური მდგომარეობა მქონდა და ჩემთვის სახლიდან გასვლა და ტანსაცმლის შერჩევა ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით იმ შფოთვის ფონზე, რომ გარეთ პაპარაცი მელოდა", — ამბობს მოდელი.
ბელას თქმით, საბოლოოდ მიხვდა, რომ მეტად თავდაჯერებული უნდა ყოფილიყო და სხვების რეაქციისთვის ყურადღება არ მიექცია:
"გასულ წელს ჩემთვის გადამწყვეტი იყო იმის სწავლა, რომ მნიშვნელობა არ აქვს იმას, საუბრობენ ან მოსწონთ თუ არა ადამიანებს ჩემი სტილი, რადგან ეს ჩემი სტილია. როცა დილით სახლიდან გავდივარ, ვფიქრობ: 'მაბედნიერებს ეს მე? ვგრძნობ ამ ტანსაცმელში თავს კარგად და კომფორტულად?", — ამბობს ბელა ჰადიდი.
რაც შეეხება ფოტოებს, რომლებშიც ტირის, ბელას თქმით, ისინი იმისთვის გადაიღო, რომ საკუთარი ემოციური მდგომარეობა დედისა და ექიმისთვის გაეზიარებინა. ბელამ განმარტა, რომ ყოველთვის უჭირდა საკუთარი ემოციების სიტყვებით გადმოცემა, ამიტომ როცა ეკითხებოდნენ, თუ როგორ იყო, ფოტოების გადაღება და გაგზავნა უფრო ეადვილებოდა.
"ფოტოები დავდე, რათა ყველას, ვინც ჩემსავით გრძნობდა თავს, გაეგო, რომ ასე ყოფნა ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ ინსტაგრამზე ყველაფერი ლამაზია, დღის ბოლოს ყველა ერთმანეთს ვგავართ", — განმარტავს ბელა ჰადიდი.