ნიუ-იორკში, ბრონქსის ოლქში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 9 ბავშვი იყო. მთავრობის განცხადებით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე მომაკვდინებელი ხანძარი იყო, რომელიც გაუმართავი გამათბობლის გამო გაჩნდა.
მომღერალმა კარდი ბიმ ადგილობრივ მთავრობას ბრონქსის ხანძრის შედეგად დაღუპული 17-ვე ადამიანის დაკრძალვის ხარჯების გადახდა შესთავაზა. მსხვერპლთა უმეტესობა გამბიიდან იყო, რომელთა ოჯახებს გარდაცვლილების დაკრძალვა აფრიკაში სურთ. კარდი ბი თანახმაა, რომ გარდაცვლილთა სამშობლოში გადაყვანის ხარჯებიც აანაზღაუროს.
"ვამაყობ, რომ ბრონქსიდან ვარ და უამრავი მეგობარი მყავს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და მუშაობენ. როცა ხანძრის შესახებ გავიგე, მაშინვე მივხვდი, რომ ადამიანების დასახმარებლად რამე უნდა გამეკეთებინა", — ამბობს კარდი ბი.
"წარმოდგენაც კი არ მინდა, როგორ ტკივილს განიცდიან დაღუპულთა ოჯახები. იმედი მაქვს, რომ ახლობლების დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვით მათ დავეხმარები და დარდს მცირედით შევუმსუბუქებ. თანავუგრძნობ ყველას, ვინც ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაზარალდა", — დასძინა მომღერალმა.