ამერიკელ ვარსკვლავს, ქლოი კარდაშიანს, ინტერნეტმომხმარებლები მისი 3 წლის შვილის, თრუს, მეორეული ტანსაცმლის ძვირად გაყიდვის გამო აკრიტიკებენ.
კარდაშიანებისა და ჯენერების ოჯახს უკვე წლებია, ინტერნეტმაღაზია Kloset აქვს, სადაც ისინი იმ მეორეულ სამოსს ყიდიან, რომლის ნაწილიც წინათ ოჯახის წევრებს ეცვათ. თუმცა, სატელევიზიო სახე და მოდელი, ქლოი, კრიტიკის ობიექტი მას შემდეგ გახდა, რაც ფანებმა აღმოაჩინეს, რომ იგი თავისი შვილის ტანსაცმელს ასობით დოლარად აფასებდა.
თრუს მეორეულ სამოსს შორის ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ბრენდის კაბა იყო, რომელიც თავდაპირველად $695-ად იყიდებოდა. ინტერნეტმაღაზიაში აგრეთვე იყიდება Fendi-ის ჯინსი $495-ად, Givenchy-ის სვიტერი და Balmain-ის კაბა ასევე $495-ად, Oscar de la Renta-ის კაბა $395-ად და Gucci-ის ფეხსაცმელი $250-ად. თუმცა, გასაყიდი პროდუქციის ნაწილი ახლა ფასდაკლებულია.
ფანების ნაწილი ფასების გამო თავის აღშფოთებას ტვიტერზე გამოთქვამდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მილიონერების ოჯახს დიზაინერები ისედაც ხშირად ჩუქნიან ახალ პროდუქციას, ქლოის განთავსებული პროდუქციის ფასები კი ბავშვის ტანსაცმლისთვის მეტისმეტად ძვირია, "რომ აღარაფერი ვთქვათ მეორეულობაზე"
თუმცა, ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება მხოლოდ ცნობილი ბრენდის მეორეულ სამოსს არ მიუქცევია. საიტზე თრუს რეიტუზი $20-ად იყიდებოდა, როცა სუპერმარკეტების ქსელში იგივე პროდუქტი $6,99-ად იყო შეფასებული.
ფასების გამო გაკრიტიკების გარდა, ფანებმა ქლოის სამოსის საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის შეწირვისკენაც მოუწოდეს. თუმცა, ვარსკვლავი ზოგმა დაიცვა და განაცხადა, რომ "რადგან იგი უკვე მდიდარია, ვალდებული არაა, საკუთრება გააჩუქოს".
ამის მიუხედავად, ინტერნეტმომხმარებლებმა ქლოი კარდაშიანთან დაკავშირებული კიდევ ერთი ამბავი გაიხსენეს, როცა ვარსკვლავი დიზაინერმა ქრისტიან კოუენმა თავისი ნათხოვარი სამოსის გაყიდვაში დაადანაშაულა. კარდაშიანი ბრალდებას არ გამოხმაურებია, თუმცა, ფანებმა შენიშნეს, რომ კოუენის განცხადების შემდეგ ნივთი ინტერნეტმაღაზიიდან გაქრა.