პაატა ზაქარეიშვილი:  სამარცხვინო სიტუაციაა, როდესაც დამალვის პოლიტიკაა - უკრაინის საკითხზე საქართველოს დუმილი გამაოგნებელია

პაატა ზაქარეიშვილი: სამარცხვინო სიტუაციაა, როდესაც დამალვის პოლიტიკაა - უკრაინის საკითხზე საქართველოს დუმილი გამაოგნებელია

რუსეთი ასეთი არაადეკვატური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა - საჭიროა მეტი პრინციპულობა მსოფლიოს მხრიდან, ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული , - ასე შეაფასა ექსპერტმა, პაატა ზაქარეიშვილმა რუსეთის მხრიდან უკრაინაში შესაძლო შეჭრის შესაძლებლობა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალურია და კრემლი უკრაინას უბიძგებს ამ საომარ დაპირისპირებაში ჩააერთოს, ხოლო მსოფლიო უკრაინას რუსეთის პირისპირ მარტო ვერ დატოვებს.

ამასთან, პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რუსეთს არ აწყობს უკრაინასთან შეჭრის შემთხვევაში, დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღოს, არამედ სურს, „მოკლევადიანი, სისხლიანი დაშანტაჟებით მსოფლიო გონს მოიყვანოს“.

„ის, რომ მეორე რაუნდი აუცილებელი გახდა ასე სასწრაფოდ, ერთ თვეში მეორეჯერ დაინიშნა ჟენევაში მაღალი დონის დიპლომატების შეხვედრა, ნიშნავს იმას, რომ სიტუაცია კარგი არ არის და საჭიროა პირისპირ დალაპარაკება. არსებობს კომუნიკაციის უამრავი ფორმა, სადაც შეიძლება ვერ შეთანხმებული პოზიციები, მაგრამ ნათქვამი, უკვე ტელეფონით ყოფილიყო განახლებული. ის, რომ პირისპირ უწევთ შეხვედრა, ეს კრიზისის ნიშანია და ამას სჭირდება პირისპირ, სერიოზული დალაპარაკება. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი შანტაჟზეა, არმია პირდაპირ ციმბირიდან მოჰყავს დემონსტრაციულად, არ მალავს ამას და აქვს გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა. მის განსამუხტავად ხდება დღეს ეს ყველაფერი, რადგან უკრაინას სხვა გამოსავალი არ ექნება, ის ჩაერთოს იმ საომარ მოქმედებებში, რომელიც შეიძლება რუსეთმა წამოიწყოს. სხვა გზას არ უტოვებს უკრაინას და მსოფლიო ვერ მიატოვებს უკრაინას, სულ ცოტა მხარდაჭერა, იარაღით იქნება თუ სხვა სამხედრო პოზიციები, საჭირო იქნება. ეს არ იქნება აგვისტოს 5 - დღიანი ომი, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი, სისხლიანი, დამქანცველი ომი ყველასთვის, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან დიდი გამოწვევა იქნება.

იმედია ეს არ გადაიზრდება უფრო ფართომასშტაბიანში, რუსეთსაც არ აწყობს ეს, მას უნდა მოკლევადიანი, სისხლიანი დაშანტაჟებით მსოფლიო „გონს მოიყვანოს.“ შეწყვიტონ საუბარი სანქციებზე, შეარჩინონ ყირიმი, უკრაინა და ის ყველაფერი, რასაც ის ითხოვს. ალბათ, სახის გადარჩენის მომენტით, რომ აუცილებლად გაფართოვდება ნატო, მიიღებენ უკრაინას და საქართველოს, მაგრამ ამ განცხადების გარდა არაფერი უნდა იყოს, - დაახლოებით ამაზე აქვს გათვლა დღეს რუსეთს და საჭიროა მეტი პრინციპულობა მსოფლიოს მხრიდან, ჩვენც უნდა ვიყოთ ჩართული ამ მსოფლიოში.

რუსეთი ასეთი არაადეკვატური არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. დასავლეთი ფიქრობს, რომ რუსეთი რაღაცით უნდა დააკმაყოფილო, მინიმალური რაღაცებით და მგონია, რომ აქ არის დასავლეთის შეცდომა, ისინი ცდილობენ რუსეთი დააშოშმინონ იმ იმედით, რომ რუსეთი ახლა დამშვიდდება და 5-6 წელი მაინც რაღაც პრობლემები არ გვექნება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოს და პოზიციას მიმდინარე, მსოფლიო პოლიტიკურ საკითხებზე, პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დამალვის პოლიტიკას აწარმოებს.

მისი თქმით, მისთვის მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების დუმილი, რადგან მას აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიცია არ უკავია.

„ეს არის სამარცხვინო სიტუაცია, როდესაც დამალვის პოლიტიკაა. დღეს შეხვდა პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს და იმედია, რაღაცაზე ილაპარაკეს, უფრო მეტად წარმატებულზე. საქართველოს დუმილი და დამალვა არის გამაოგნებელი. ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვაქვს და რუსეთს ახარებს, ჩვენთან არ არის დემოკრატია. რუსეთს არ ეშინია ჩვენი ნატო-ში გაწევრიანების, არამედ ეშინია დემოკრატის, არა მარტო საქართველოში, პოსტსაბჭოთა სივრცეში. თუ რამე დაანგრევს რუსეთს, ეს არის დემოკრატია. ამიტომ, ებრძვის თავის სახელმწიფოში და მის გარეთ დემოკრატიას. არ მომწონს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არანაირი პოზიცია არ უკავია. ახლა უნდა იყოს მუდმივი ლაპარაკი უკრაინასთან ერთად, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნატო-ს წინააღმდეგ ასეთი განცხადებები, ჩვენ მკაფიოდ მომხრე ვართ ნატო-სი და მოვითხოვთ არა მარტო ბუქარესტის რეზოლუციის დატოვებას, არამედ დავიწყოთ მუშაობა მაპ-ის მიღებაზე. ეს არ გამოვა, მაგრამ უკრაინა ამაზე სულ ლაპარაკობს, ჩვენ ხმას არ ვიღებთ. საჭიროა ერთად ლაპარაკი ამაზე, მუდმივი ჩასვლა ბრიუსელში, ვაშინგტონში, სადაც ნატო-ს საკითხები გვარდება. მუდმივად საჭიროა დუღილის ტემპერატურა, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის შეტევა, რასაც ახორციელებს რუსეთი ნატო-ს და დასავლეთის წინააღმდეგ. ჩვენ ამ ბრძოლაში ჩართული არ ვართ, მეტიც, ვანგრევთ ყველა იმ ფუნდამენტს, რაზეც დემოკრატია ეფუძნება“, - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

დემეტრე შე გამოლიბერსტებულო " ექსპერტო" ტრენდის ძალუან ვიწრო ჩარჩოებში ზიხარ და ოცნებუს სიძულვილი არ გაძლევს მოვლენების სწორი ანალიზის (ყოველ შემთხვევაში ასე მეტყველებ) საშუალებას! ნუთუ ვერ ხედავ, რომ " ოცნების" საგარეო პოლიტიკა ფაცილებით უკეთესია, ვიდრე ნაცების დროს იყო და ამან უამრავი საფრთხე აგვაცილა...
3 თვის უკან
დემეტრე კლავიატურის მიზეზით დაშვებული შეცდომების გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მაგრამ შინაარსი არ იცვლება :)
3 თვის უკან