ერდოღანის შეთავაზებას კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში დახმარების გაწევა.

ერდოღანის შეთავაზებას კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში დახმარების გაწევა.

უკრაინის საზღვართან დაძაბულობა მატულობს - ვლადიმერ პუტინი სამხედრო ძალების მობილიზებას განაგრძობს, დასავლეთი კი, კიევს რუსეთის მხრიდან პოტენციური თავდასხმისთვის ამზადებს. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რუსულ აგრესიას რეალურ საფრთხედ აღიქვამენ.

ამის ფონზე, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდნეტებს თურქეთში მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს.

ერდოღანის შეთავაზებას კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი მიესალმება ნებისმიერი ქვეყნის ძალისხმევას, რომელსაც შეუძლია უკრაინაში სიტუაციის მოგვარებაში დახმარების გაწევა.

„მთავარი უთანხმოება რუსეთსა და უკრაინას შორის დაკავშირებულია სწორედ კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შესრულების შეფერხებასთან. თუ ჩვენს თურქ პარტნიორებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ უკრაინელებზე და უბიძგონ მათ შეასრულონ ადრე მიღებული შეთანხმებები, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

თურქეთის შეთავაზებას რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ზელენსკი-პუტინი დასხდნენ, ანალიტიკოსები for.ge-თან სკეპტიკურად აფასებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული შეთანხმება ამ ეტაპზე არ შედგება.

„თუ გავითვალისწინებთ რუსეთ-თურქეთის ნორმალურ ურთიერთობებს, თეორიული შანსი არსებობს, რომ პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შეხვდნენ. ამასთან, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რუსეთს დიდი ხანია მოსწონს სამხრეთ კავკასიის მაგალითი - სამი-სამის ფორმატის შეხვედრები და სურს, რომ საკუთარი ამბები გადაწყვიტოს არა ნატოსი და დასავლეთის ჩართულობით, არამედ მისი მეზობელი სახელმწიფოების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ აღნიშნული შეხვედრა რუსეთისთვის საინტერესო იყოს, მაგრამ რეალურად რამდენად განხორციელდება ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ცნობილია, რომ დღე-დღეზე უკრაინა კონფლიქტის დაწყების მოლოდინშია.

თურქეთის მხრიდან კონკრეტული შეთავაზება თუ არ იქნება, რთული სათქმელია, უკრაინა რამდენად დათანხმდება და ასევე, უკრაინა არ დათანხმდება, თუ ამ შეხვედრაში დასავლეთიც არ მიიღებს მონაწილეობას. თან უკრაინა საბრძოლო თავდაცვისთვის ემზადება. ამ მომენტში, არ მგონია, თურქეთს ჯადოსნური ფორმულა ჰქონდეს, რომელსაც შესთავაზებს და რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც უკრაინისთვის, ასევე რუსეთისთვის“, - განაცხადა for.ge-თან საერთაშორისო ექსპერტმა კორნელი კაკაჩიამ.

კითხვაზე ნატოს სამიტი რამდენად გადამწყვეტი იქნება ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით და რა ზეგავლენას მოახდენს ნატოს სამიტი უკრაინა-რუსეთ შორის ურთიერთობაზე, კაკაჩია ასე გვპასუხობს: „არ ვიცი, ნატოს სამიტამდე უკრაინა როგორ მიაღწევს, რადგან შესაძლოა, თებერვლის დასაწყისში საომარი მდგომარეობა დაიწყოს. აქ საუბარია უფრო იმაზე, რომ რუსეთი ცდილობს დასავლელი აქტორების იგნორირებას. მიუხედავად თურქეთიც ნატოს წევრია, რუსეთთან ხშირად თანამშრომლობს. რთულია თქმა როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან დაპირისპირების დინამიკა ყოველდღიურად იცვლება“.

ექსპერტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ უკრაინა-რუსეთ შორის დაძაბულობა საქართველოზეც აისახება.

„ჩვენ შიდა პოლიტიკური კრიზისი გვაქვს და ამაში ვართ ჩართული და აქედან გამომდინარე, მხედველობიდან ვკარგავთ თუ რა ხდეა რეგიონში. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ჩვენს საზოგადოებას ჰგონია, რაც უკრაინაში ხდება, ძალიან შორს არის. ამ დროს, თუ რუსეთმა მოახდინა საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების აღსრულება, მეორე სამიზნე მის სამეზობლოში საქართველოა, რადგან პუტინს ჯერ კიდევ დაუსრულებელი საქმეები აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან აქტიურად უნდა ვიყოთ ჩართული საკუთარი ინტერესების ლობირებაში, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველამ უნდა გავიაზროთ ის, რომ დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის და ზოგადად, ნატოში გაწევრიანების ბედი გადის უკრაინაზე, ამიტომ უკრაინა არის ის ქვეყანა, რომელიც საქართველოსთვის არის სტრატეგიული პარტნიორი და ვფიქრობ, მეტი მხარდაჭერა სჭირდება ჩვენი მხრიდან, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები ჩამოვიდნენ და მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტიც, რაც დღეს ჩვენი მხრიდან არ შეინიშნება“, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ რუსეთს თურქეთისა და უკრაინის ურთიერთობები აღიზიანებს განსაკუთრებით კი აღიზიანებს სამხედრო ტექნიკასთან თანამშრომლობის საკითხი.

„თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ბოლო პერიოდში თითქმის ყველა მიმართულებით აქტიურობს. მათ შორის საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა უკრაინასთან აქვს, რაც გარკვეულწილად, რუსეთის გაღიზიანებას ორი ფაქტორის გამო იწვევს. პირველი - ყირიმის თემაა, მეორე საკითხი ეხება სამხედრო ტექნიკურ თანამშრომლობას უკრაინა-თურქეთს შორის. ამასთან დაკავშირებით რუსეთ-თურქეთს შორის საკმაოდ მწვავე განცხადებებიც გაკეთდა. ეს ფაქტორები რამდენად იმოქმედებს შუამავლის როლზე, რთული სათქმელია. ამასთან, აქვს თუ არა თავად რუსეთს სურვილი რუსეთსა და დასავლეთს შორის მოლაპარაკებების ფონზე, დაჯდეს ზელენსკისთან პირისპირ სხვა შუამავლის მონაწილეობით? ვფიქრობ, დროს გაწელავენ და რაღაც პერიოდში ამ შეხვედრას არ უნდა ველოდოთ. იქით ზელენსკის ინიციატივა იყო, რომ პუტინს ბაიდენთან ერთად შეხვედროდა. ვფიქრობ, ეს ორი სხვადასხვა ინიციატივებია და არა მგონია, რომ ან ერთი, ან მეორე შეხვედრა მალე შედგეს. რუსეთი ჯერ შეეცდება, რომ დასავლეთთან დალაგდეს და შემდეგ ილაპარაკოს უკრაინასთან, ვიდრე პირიქით იყოს“.

ამირან სალუქვაძე მინსკის შეთანხმების დარღვევებსაც შეეხო და შეთანხმების დარღვევის მიზეზებს ასე ხსნის: „რაც შეეხება მინსკის შეთანხმებების დარღვევას, ეს შეთანხმება უკრაინასთვის წამგებიანად გაფორმდა. უკრაინა ცოტა გვიან მიხვდა მინსკის შეთანხმების წამგებიანობაზე, იმიტომ რომ ამ შეთანხმებაში საუბარია მხოლოდ დონბასის საკითხის დარეგულირებაზე, ყირიმთან დაკავშირებით კი საერთოდ საუბარი არ არის. თითქოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩანაწერი არის. თუმცა, იმ მომენტში, როდესაც შეთანხმება გაფორმდა ყირიმი უკვე ანექსირებული იყო. წესით, ყირიმთან დაკავშირებით უნდა ჩაეწერათ. ამ მოლაპარაკებას უკრაინის ექს-პრეზიდენტი კუჩმა აწარმოებდა და შეიძლება ყირიმის თემა კი წამოიწია, მაგრამ მოლაპარაკებების დროს შესაძლოა, რუსეთის მხრიდან წინააღმდეგობები იყო და ამ შეთანხმებიდან ყირიმი გაიტანეს. შედეგი ისეთი მიიღეს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით არსებობს ეს ერთი საბუთი - „მინსკი2“-ს სახელით, რომელმაც წესით, რუსეთ-უკრაინას შორის ურთიერთობა უნდა დაალაგოს, მაგრამ ყირიმის გარეშე ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემა ვერ მოგვარდება. ვფიქრობ, აღნიშნული შეთანხმება უნდა გადაიხედოს, თუცმა რუსეთი წინააღმდეგია. დასავლეთის მხრიდანაც რა განცხადებებსაც ვისმენთ, არის ის, რომ ისინიც „მინსკი2“-ის შეთანხმების მომხრეები არიან. შესაძლოა, რაიმე დამატებითი შეთანხმება გაფორმდეს, სადაც ყირიმის თემა ცალკე იქნება განხილული, მაგრამ რუსეთი ამ შეთანხმებაზე არ წავა. ყირიმი ანექსირებული აქვს და ეჭვი მეპარება, რომ რუსეთმა ყირიმზე ისაუბროს, ამიტომ ჩიხურ სიტუაციაში იქნებიან.

კითხვაზე დაელოდება თუ არა პუტინი ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას შეხვედს თუ არა ზელინსკის, ანალიტიკოსი აღნიშნულ საკითხზე ასე გვპასუხობს:

 „რუსეთი შეეცდება დასავლეთთან მაქსიმუმის მიღწევას, ამის შემდეგ შესაძლოა დაჯდეს და დაელაპარაკოს პუტინი ზელენსკის. ლოგიკურად ასე ვხედავ, რომ რუსეთი ჯერ დასავლეთთან გააგრძელებს მოლაპარაკებას. ყოველ შემთხვევაში, თუ თურქეთის შუამავლობით შეხვედრა შედგება, ალბათ, მონაწილეთა დონე დაიწევს და ეს არ იქნება პირველი პირების დონეზე შეხვედრა. სავარაუდოდ, მინისტრების შეხვედრით დაიწყება და დროს გაწელავენ“.