მიმდინარე წლის მარტში ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა დევიდ ბოუიმ ალბომი „The Next Day” გამოსცა. აღმოჩნდა რომ 66 წლის მომღერალი საკუთარ თაყვანისმცემლებს კიდევ ერთ სიურპრიზს უმზადებს.
რამდენიმე დღის წინ ბოუის ახლო მეგობარმა ნოელ გალაჰერმა გამოცემას „The Sun” ინტერვიუ მისცა და აღნიშნა, რომ დევიდი ახალ დისკზე მუშაობას შეუდგა.
„ბოუის ცოტა ხნის წინ ვესაუბრე. აღმოჩნდა რომ ბოლო ალბომის გამოცემის შემდეგ მას კიდევ 30-მდე ახალი კომპოზიცია დარჩა. ამჟამად ჩემი მეგობარი ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიკეტა და ამ კომპოზიციებს გულდასმით ამუშავებს. ბოუის გადაწყვეტილი აქვს, რომ სექტემბერ-ოქტომბერში კიდევ ერთი დისკი გამოსცეს.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახალი ალბომი წინამორბედზე უკეთესი იქნება. დევიდს ასაკი საერთოდ არ ემჩნევა. ის ენერგიისა და იდეების ნაკლებობას არ უჩივის. ვიცი რომ მომავალ წელს დიდ საგასტროლო ტურნეს გეგმავს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ დევიდ ბოუი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუსიკოსია და მას ელვის პრესლისა და ჯონ ლენონის გვერდით მოვიხსენიებ.“ - განაცხადა ნოელ გალაჰერმა.