ჯო ბაიდენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის კატასტროფა იქნება

ჯო ბაიდენი: თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის კატასტროფა იქნება

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში რუსეთს კატასტროფა ელის. ჯო ბაიდენის თქმით, ვაშინგტონი რუსეთს ვითარების ესკალაციის შემთხვევაში ისეთ სანქციებს დაუწესებს, რაც მოსკოვს დღემდე არ უნახავს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები რუსეთის ეკონომიკას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს.

„პუტინს არასდროს უნახავს ისეთი სანქციები, რომელთა დაწყებასაც ვპირდები, თუ უკრაინაში შეიჭრება. არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ნატო ერთიანი არ იქნება, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. ვესაუბრე ალიანსის ლიდერებს და თქვენ ნახავთ, რომ რუსეთს პასუხისმგებლობა დაეკისრება. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ეს მათთვის კატასტროფა იქნება - ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები მზად ვართ მძიმე დარტყმა მივაყენოთ რუსეთის ეკონომიკას, მათი ბანკები ვეღარ შეძლებენ დოლართან დაკავშირებულ ოპერაციებს. დღეს პუტინი არჩევანის წინაშე დგას - დეესკალაცია და დიპლომატია ან კონფრონტაცია“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ.

„ვფიქრობ თუ არა, რომ მას დასავლეთის, შეერთებულ შტატებისა და ნატოს გამოცდა სურს, იმდენად სერიოზულად, რამდენადაც შეუძლია? დიახ, ასე ვფიქრობ. არ მგონია, ზუსტად იცოდეს, როგორ მოიქცევა. უფრო ვფიქრობ, რომ უკრაინაში შევა, რადგანაც რამე უნდა მოიმოქმედოს, მაგრამ არ მგონია, სრულმასშტაბიანი ომი სურდეს. თუ ეს „მცირე შეჭრა“ იქნება, დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ მსჯელობა იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან არ გააკეთონ. პუტინს აქამდეც მოუხდენია სხვა ქვეყნების ოკუპაცია, თუმცა ამის ფასი ძალიან დიდი იყო. შეგიძლია შეხვიდე და დიდი ეკონომიკური ზარალის ხარჯზე მოახდინო უკრაინის ოკუპაცია, თუმცა რამდენი წლით? ერთით? სამით? ხუთით? ათით? მართალია, რუსეთს, უკრაინასთან შედარებით, მილიტარისტული უპირატესობა აქვს, მაგრამ უკრაინაში შეჭრა მათ ძვირად დაუჯდებათ, როგორც მოკლევადიან, ისე საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივაში“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.