ერგნეთი შესაძლოა, ტირძნისმა ან ტყვიავმა ჩაანაცვლოს

ერგნეთი შესაძლოა, ტირძნისმა ან ტყვიავმა ჩაანაცვლოს

ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში კვლავაც დადგა. აღნიშნული ბაზრობა 2004 წელს დაიხურა, რაც ნაწილობრივ დარტყმა იყო დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმისთვის, რადგან ეს მათი შემოსავლის წყარო გახლდათ. თუმცა მთავარი ის იყო, რომ ამით ყველაზე მეტად ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დღე-ღამის განმავლობაში მუშაობდა ეს გრანდიოზული ბაზრობა და ღამის 3 საათზე სტუმრები რომც სწვეოდნენ, ორიოდე ნაბიჯში ყველაფერს ყიდულობდნენ. ახლა კი პროდუქტისთვის გორში წასვლა უწევთ.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ერგნეთის ბაზრის აღდგენის იდეას კვლავაც შევარდნაძის პერიოდში დაბრუნებად აღიქვამენ, თუმცა ამის მიუხედავად, გამორიცხული არ არის,  ბაზრობა აღდგეს. შესაძლოა, მაინცდამაინც ერგნეთში არ გაიხსნას, მაგრამ სავარაუდო ტერიტორიად ტირძნისი, ტყვიავი და სხვა ადგილები მოიაზრება. თუმცა, ამ სოფლებზე მეტად, ერგნეთის ტერიტორია იდეალურია.

გორში „ქართული ოცნების“ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაპირდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ერგნეთის ბაზრობას აღადგენდა.

სწორედ ამის გაგრძელებაა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადება, რომელიც აცხადებს, რომ ერგნეთის ბაზარი მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინსტრუმენტია, თუმცა მის გასახსნელად სერიოზული ბარიერები არსებობს. მართალია, ერგნეთის ბაზარზე კრიმინალის ელემენტები მუდმივად არსებობდა, თუმცა წინა ხელისუფლების მიდგომა მკაცრი იყო.

ბაზრობის დამფუძნებელი, დიმიტრი დოიჯაშვილი ყვება, რომ ერგნეთის ბაზრობა, როგორც ასეთი, თავიდან ბაზრად არ გახსნილა. უბრალოდ, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის დაძაბვამდე, ეს სოფელი ცხინვალს უკავშირდებოდა და აქ ვაჭრობა მოსახერხებელი იყო. თუმცა როგორც ამბობენ, იქ იყიდდი, როგორც საკვებ პროდუქტს, ასევე, - ავტომატს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ერგენეთის ბაზრობა რომ არ ყოფილიყო, უნდა გამოგვეგონებინა, რადგან ის ადამიანებს საქმიანი ურთიერთობებით აკავშირებდა. მისი თქმით, უსუსური იყო განმარტება, რაც ერგნეთის ბაზრობასთან დაკავშირებით ყოფილმა ხელისუფლებამ გამოხატა. მეტიც, მისი აზრით, კრიმინალი თუ იყო, უნდა მოგვესპო ეს კრიმინალი, რადგან კრიმინალი ნებისმიერ სფეროში შეიძლება არსებობდეს და ამის გამო სხვადასხვა სფეროებს ვერავინ დახურავს. ყველაზე კარგი კი ის იყო, რომ საერთაშორისო მონაწილეობით უნდა დადგენილიყო გარკვეული წესები.

„2006 წლის მაისისთვის უკვე რეალურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ევროსტრუქტურებთან ექსპერტების ჩამოყვანის თაობაზე, რომლებიც ჩამოაყალიბებდნენ პროექტს, როგორი უნდა ყოფილიყო ერგნეთის ბაზრობა. 2006-ში ამის გაკეთება ადვილი იყო, მაგრამ სააკაშვილის უგონო სტრატეგიამ დაანგრია ყველა მიმდინარე პროცესი, ამიტომ ახლა სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ურთიერთობა. ნდობის ფაქტორია აღსადგენი, რადგან ჩიხში შეგვიყვანა სააკაშვილის სტრატეგიამ“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.

მისი თქმით, ყველა დეტალი ერთმანეთზეა გადაბმული და დღესდღეობით ქართველებს საკუთარ ბოსტანში იჭერენ მათთვის გაურკვეველი საზღვრის გადალახვის მომიზეზებით, გადაჰყავთ ცხინვალში და შემდეგ მათ დასაბრუნებლად მიმდინარეობს მუშაობა.

გიორგი ვოლსკი არც იმას გამორიცხავს, რომ სულ სხვა ტერიტორიაზე აღდგეს ერგნეთის მსგავსი ბაზრობა, აქ სიტყვა „ერგნეთი“ პირობითია და ზოგადად, ბაზრობაა მნიშვნელოვანი, სადაც ორივე მხარეს შეეძლება სოციალური პრობლემების გადაწყვეტა ოჯახებისთვის. თუმცა ამას წინაპირობები სჭირდება.

ერგნეთის ბაზრობის ერთ-ერთ დამფუძნებელი, ლიახვის ხეობის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ ვახტანგაშვილი აცხადებს, რომ 90-იანი წლების ბოლოს ამ ბაზარმა შეარიგა ქართველები და ოსები. მართალია, კონტრაბანდა იყო, მაგრამ მაშინ ხელისუფლების ნება არ ჩანდა, რომ ეს ტვირთები გაკონტროლებულიყო. აბსოლუტურად ყველა სამსახური, უშიშროება, პოლიცია, მაშინდელი „გაი“ თუ კონტრაბანდის სამსახური - ერგნეთიდან გორამდე იდგა, ყველა სამსახურს პოსტები ჰქონდა გაკეთებული და გლეხებს ერთი ტომარა ფქვილიც რომ წამოეღოთ, ყველა სამსახური ფულს ახდევინებდა.

მაგალითად, 20 ტონა ხორბლის განბაჟება 850 ლარი ჯდებოდა. თუმცა ყველას აწყობდა, მიეყვანა მანქანა და გადაეხადა 850, მაგრამ ხალხს ისე ურთულებდნენ საქმეს, რომ ერთი კვირა მაინც სჭირდებოდა, რომ განბაჟება ოფიციალურად მომხდარიყო. ამიტომ ხორბლის გადამზიდავს ერჩივნა 1000 დოლარი (ანუ ორ-სამჯერ მეტი) მიეცა გამცილებლისთვის და ის ჩაიტანდა პროდუქციას. იმ დროს ყველა ძალოვანი თანხებს თავისკენ „ქაჩავდა“, რომ რაც შეიძლება, მეტი თანხა ამოეღო ერგნეთის ბაზრობიდან.

რაც შეეხება გატაცებულ მანქანებს, გურამ ვახტანგაშვილი ამბობს, რომ ისინი ბაზრობაზე მართლაც შედიოდა. მისი ინფორმაციით, დღესაც ცხინვალში პროდუქტების ნაკლებობაა. შესაძლოა, იქაურებს ხორცი და ძეხვი არ აკლიათ, მაგრამ ძირითადად ხილის ნაკლებობაა. ამიტომ აგვისტოს ომის მიუხედავად, ურთიერთობა უნდა აღდგეს.

„ალტერნატიული ბაზრობა შეიძლება ტყვიავში განთავსდეს, ან ტირძნისში, მეღვრეკისში, მაგრამ შიშის ფაქტორი უნდა გამოირიცხოს. ორივე მხარე თუ შეთანხმდება, საერთო დაცვა უნდა დააყენონ. ოსები თვითონ გადმოვლენ, მაგრამ რუსებმა უნდა დართონ ნება. თორემ რუსები თუ არ დათანხმდებიან, ისინი აქეთა მხარეს არ გამოუშვებენ ოსებს. ყველაზე იდეალური ადგილია ერგნეთი, რადგან ყველას ხომ მანქანა არ ჰყავს, ცხინვალიდან რომ ამოვიდეს? მოსახლეობის დიდი ნაწილი მაშინაც ფეხით ამოდიოდა ერგნეთში, რადგან ერთი კილომეტრია ცხინვალიდან ერგნეთამდე“, - აცხადებს გურამ ვახტანგაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია ორ ხალხს შორის ნდობის მოსაპოვებლად. შესაბამისად, ერგნეთის სავაჭრო-ეკონომიკური ცენტრის გახსნა, რასაც ქართული მხარე გეგმავს და არა - ბაზრობა, აღსადგენია არა იმ მანკიერი ფორმებით, რაც იყო, არამედ სახელმწიფო რეგულაციებით, რაც კონტრაბანდულ ტვირთს და ნეგატიურ შედეგებს აღმოფხვრიდა.

სოსო ვახტანგაშვილის თქმით, ერგნეთის ბაზრობის დახურვა იმ დროს მიხეილ ქარელის იდეა არ ყოფილა, ეს იყო უფრო ზევით შემუშავებული გეგმა, ქარელიც ვალდებული იყო, დამორჩილებოდა ამ განკარგულებას. წინა ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ კი სრულ ფიასკომდე მიიყვანა ჩვენი მაშინდელი პოლიტიკა.

დღეს კი ორხელისუფლებიანობაა საქართველოში და, როდესაც მოხდება ხელისუფლების სრულმასშტაბიანი გადაბარება, მაშინ გაანალიზდება, ერგნეთის ბაზრობის დახურვის თემატიკა.

„რამდენადაც ვიცი, ცხინვალის საზოგადოება დადებითად ხვდება ერგნეთის ბაზრის აღდგენის იდეას. ამ რეგიონში კონტაქტები მაქვს შერჩენილი და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, ცხინვალის მოსახლეობის ქვედა და საშუალო ფენებში ამ ბაზრობისადმი საკმაოდ დიდი ინტერესია, მაგრამ იქაური პოლიტიკური ელიტა გადაწყვეტილებას ათანხმებს მოსკოვში. ამიტომ ამ მიმართულებით წინსვლა იქნება, თუკი მოხერხდება რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დალაგება“, - აცხადებს დეპუტატი.

რაც შეეხება საკითხს, რომ ერგნეთის ბაზრობაზე ავტომატები იყიდებოდა, მისი თქმით, ზოგადად ავტომატის ყიდვა იმ პერიოდში შეიძლებოდა არა მხოლოდ ერგნეთის, არამედ საქართველოს ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე. ამიტომ გადაბრალება, რომ იქ იარაღით ვაჭრობა მიმდინარეობდა, აბსოლუტური სისულელეა. მისი თქმით, შესაძლოა, ამის რამდენიმე ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, მაგრამ ეს მასშტაბური არ ყოფილა, რომ ამის გამო იმ სარგებელზე გვეთქვა უარი, რაც ერგნეთის ბაზრობას მოჰქონდა.