რამდენიმე საათის წინ იტალიურმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კოლუმბიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „მილანის“ 26 წლის მცველის კრისტიან საპატას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა.
გუშინ საღამოს, კოლუმბიის პატარა ქალაქ პადილიაში, უცნობი ბოროტმოქმედები ფეხბურთელის 36 წლის დეიდას სახლში შეუვარდნენ და ქალი უცნობი მიმართულებით გაიტაცეს.
კოლუმბიის პოლიცია საქმეში უკვე ჩაერია და ქალაქიდან გასასვლელი გზები საგულდაგულოდ გადაკეტა. პადილიას მერის განცხადებით, ბოროტმოქმედების ვინაობა დადგენილია და იმედი გამოთქვა რომ ამ ადამიანებს უახლოეს დროში დააკავებენ.
გამტაცებლებს ფეხბურთელის დეიდის გათავისუფლების სანაცვლოდ გარკვეული თანხა ჯერ არ მოუთხოვიათ. თავად კრისტიან საპატას რაიმე კომენტარი არ გაუკეთებია.
კრისტიან საპატა „მილანის“ რიგებში გასული წლიდან ასპარეზობს. ამ გუნდის მაისურით 17 ოფიციალურ შეხვედრაში იასპარეზა. სილვიო ბერლუსკონის კლუბამდე საპატა ესპანურ „ვილიარეალსა“ და იტალიურ „უდინეზეში“ გამოდიოდა. კოლუმბიის ნაკრებში მცველს 15 მატჩი აქვს ჩატარებული.