პოლიტიკის ექსპერტი, თურქეთსა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მელიქ ალქანი თვლის, რომ, დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ყაზახეთში განვითარებული ძალადობრივი დემონსტრაციები არის ტოკაევსა და ნაზარბაევს შორის გათამაშებული სცენარი. მისი თქმით, რუსეთმა მხარი დაუჭირა ტოკაევს მასიმოვის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ამჟამად დაპატიმრებულია, ნაზარბაევი კი დუმს, ხოლო ტოკაევი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. შესაბამისად, სავარაუდოა რომ ტოკაევსა და ნაზარბაევს შორის მოხდება ერთგვარი შეთანხმება და შესაძლებელია ტოკაევმა ხელში ჩაიგდოს ნაზარბაევისა და მისი ოჯახის ქონება.
for.ge მელიქ ალქანს ესაუბრა.
ბატონო მელიქ, რა ხდება ყაზახეთში და რა იყო ამ პორიცესების წინაპირობა?
მელიქ ალქანი: ყაზახეთი ტერიტორიით დასავლეთ ევროპის ტოლია და ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც გააჩნია ენერგორესურსები და გეოპოლიტიკური კუთხით ღიაა მრავალი რეგიონისთვის, ასე რომ, იგი ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოს წარმოადგენს. საწვავის მაღალი ფასების გამო 2 იანვარს დაწყებული ერთკვირიანი პროტესტი გახდა ერთ-ერთი ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორი მომიტინგეთათვის. მათი გზავნილი ნათელი იყო, ისინი ითხოვდნენ 30 წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში მყოფი არაეფექტური ხელისუფლების გადადგომას, ელიტური კორუფციის შეწყვეტას, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. თავდაპირველად პროტესტი მშვიდობიან ფორმებში დაიწყო, შემდეგ კი ძალადობრივ ქმედებებში გადაიზარდა ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში, რის შედეგადაც დაიღუპა 200-ზე მეტი, მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო პირი.
აქციების ძალადობრივ ფაზაში გადასვლისთანავე მშვიდობიანმა მომიტინგეებმა შეწყვიტეს გამოსვლები და სახლებში დაბრუნდნენ, რადგან ეს არ იყო მათი თავდაპირველი მიზანი. როდესაც მდგომარეობა უკონტროლო გახდა, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მომიტინგეებს ტერორისტები უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, მოტივირებულნი არიან გარე ძალების მიერ. ტოკაევმა ვერ შეძლო წესრიგის აღდგენა და როდესაც დაინახა, რომ ვერ ახერხებდა ამას, მან მიმართა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას დახმარებისთვის. ამან კი ექსპერტები და ზოგადად დასავლეთი დააბნია.
თუკი ეს წარმოადგენდა ყაზახეთის შიდა საკითხს, რატომ მიმართა ქვეყნის ხელისუფლებამ დახმარებისთვის კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას?
- განვითარებული მოვლენების კონტექსტში ყაზახეთის შემთხვევას განვმარტავთ 3-საფეხურიანი ანალიზის ფარგლებში, რომელიც გათვალისწინებულ უნდა იქნას ნებისმიერი საერთაშორისო მოვლენის ობიექტურად შეფასებისას. ანალიზის ეს სამი დონე საკითხით დაინტერესებულ მკითხველს სთავაზობს გარკვეულ პერსპექტივასა და ხედვას მის გარშემო. აღნიშნული სამი ასპექტის გარეშე საკითხი შეიძლება ვერ იქნას სრულიად აღქმული და ობიექტურად ინტერპრეტირებული, რადგან ჩვენ განვიხილავთ ცალკეულ სახელმწიფოს, აღებულს საერთაშორისო სისტემის კონტექსტში.
როგორც ვიცით, ნაზარბაევი ქვეყანას მართავდა 30 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ყაზახეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ის და მისი ოჯახის წევრები ასევე მართავდნენ მსხვილი ბიზნესების უმრავლესობას. იგი ფაქტობრივად, წარმოადგენდა ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყნის მფლობელს, რომელიც აკონტროლებდა ყველასა და ყველაფერს. მან ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელიც კი შეცვალა საკუთარი სახელით - ნურ-სულთან. ნაზარბაევი დაკავებული იყო საკუთარი პერსონის განდიდებით, მან შექმნა საკუთარ ინტერესებზე მორგებული ბიუროკრატიული სისტემა.
2019-ში ყაზახეთში ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ბუტაფორიულ ცვლილებას, როდესაც ნაზარბაევი ჩაანაცვლა ყოფილმა დიპლომატმა ტოკაევმა. ეს უკანასკნელი ცნობილი გახლდათ, როგორც პუტინის კადრი, ხოლო თავად ნაზარბაევმა დაიკავა უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია. ეს ნიშნავდა, რომ მთელი უსაფრთხოების აპარატი და ჯარი იმყოფებოდა მისი კონტროლის ქვეშ. პოლიტიკური დაპირისპირება, უნდობლობა და ფაქტობრივი ორმმართველობა (ტოკაევი და ნაზარბაევი) გრძელდებოდა გასული კვირის ოთხშაბათამდე.
ტოკაევმა დაიწყო ნაზარბაევის პოლიტიკური გარემოცვის წმენდა...
- მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ქარიმ მასიმოვი, სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი, რომელიც მიიჩნეოდა ნაზარბაევის მარჯვენა ხელად და მოიაზრებოდა რეალური პოლიტიკური ძალაუფლების მქონედ. დაპირისპირება ტოკაევსა და მასიმოვს შორის გავრცელდა ხელისუფლების ყველა შტოზე. როდესაც დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები, ტოკაევმა გადაწყვიტა ამ შესაძლებლობის გამოყენება, რათა ჩამოეშორებინა ნაზარბაევი და მისი გარემოცვა და მოეხდინა პოლიტიკური ძალაუფლების სრული უზურპაცია. ამ მიზნით ტოკაევმა დახმარება მოსთხოვა რუსეთს, როგორც ქვეყნის ლეგიტიმურმა ლიდერმა, რაც ნაზარბაევის წინააღმდეგ გათვლილი სვლა იყო. დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ყაზახეთში განვითარებული ძალადობრივი დემონსტრაციები არის ტოკაევსა და ნაზარბაევს შორის გათამაშებული სცენარი.
რატომ ფიქრობთ, რომ განვითარებული მოვლენები იყო შეთანხმება ტოკაევსა და ნაზარბაევს შორის?
- რუსეთმა მხარი დაუჭირა ტოკაევს მასიმოვის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ამჟამად დაპატიმრებულია, ნაზარბაევი დუმს, ხოლო ტოკაევი არის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. სავარაუდოდ, ტოკაევსა და ნაზარბაევს შორის მოხდება ერთგვარი შეთანხმება. შესაძლებელია ტოკაევმა ხელში ჩაიგდოს ნაზარბაევისა და მისი ოჯახის ქონება. შეთანხმება უახლოესი რამოდენიმე დღის განმავლობაში შედგება. რასაც ამ შემთხვევაში ვაკვირდებით, არის ძალაუფლებრივი ბრძოლა ქვეყნის ძველ და ახალ მმართველებს შორის, რასაც მოყვა იქ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ძალების შეყვანა.
ის, თუ რატომ გახდა კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის როლი ასეთი მნიშვნელოვანი ყაზახეთის შიდა კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში, ბადებს ბევრ კითხვას. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ექვსმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ - რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა 1992 წელს ხელი მოაწერეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელშეკრულების შესაბამისად რუსეთს საკუთარი სამხედრო ბაზები განთავსებული ჰყავს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ორგანიზაცია ეფუძნება როტაციულ და პარლამენტთაშორის სისტემას. მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელი სახელმწიფოა სომხეთი. აღნიშნული ორგანიზაცია არ არის აღიარებული დასავლეთის სახელმწიფოების, ნატო-სა და წამყვანი დასავლური ორგანიზაციების მიერ.
იგი ფუნციონირებს ნატო-ს მე-5 მუხლის პრინციპის მსგავსად, რაც გულისხმობს, რომ მის წევრთაგან ერთერთზე გარეშე საფრთხის შემთხევაში ეს ჩაითვლება დანარჩენებზე თავდასხმადაც. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანმა, რომელიც არის ორგანიზაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე, თანხმობა განუცხადა ტოკაევს დახმარებაზე. ორგანიზაციის მე-4 მუხლის საფუძველზე მან 2500 „მშვიდობისმყოფელი“ სამხედრო გაგზავნა ყაზახეთში. არის მოლოდინი, რომ რუსეთი და ბელარუსიც გაგზავნიან საკუთარ სამხედროებს ყაზახეთში იმ მიზნით, რომ ჩაახშონ სავარაუდო პროტესტის ტალღები საკუთარი ქვეყნებში, შეაჩერონ საერთაშორისო ჩარევა ყაზახეთის შიდა საქმეებში და დაბლოკონ აშშ-ს სამხედრო ყოფნა რეგიონში.
თუკი მოცემულ საკითხს განვიხილავთ საერთაშორისო კონტექსტში, უნდა დავსვათ შემდეგი კითხვა - ვინ განახორციელა შეტევა ყაზახეთზე?
- საქმე ის გახლავთ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ეს იყო გარეშე ძალის ინტერვენცია ყაზახეთში, რათა ამოქმედებულიყო კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მე-4 პუნქტი. თუმცა შეგახსენებთ, რომ ტოკაევმა დემონსტრანტებს უწოდა გარე ძალების მიერ მართული ტერორისტები, რითიც მოახდინა საკუთარი მოთხოვნის ერთგვარი ლეგიტიმაცია, ხოლო მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა მყისიერად გადაისროლა 2000 სპეცდანიშნულების სამხედრო პერსონალი ყაზახეთში, გახლდათ ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტების დაცვის საბაბი, როგორიცაა აეროპორტები, ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები, სამთავრობო შენობები და ბაიკანურის კოსმოდრომი, რომელიც მას იჯარით აქვს გადაცემული.
თუმცა, ყაზახეთის მოსახლეობას გაუჩნდა ლეგიტიმური ეჭვები ტოკაევის აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში - რატომ გახდა საჭირო საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად რუსული სამხედრო ძალის შეყვანა ქვეყანაში, რამეთუ არსებობს რეალური შესაძლებლობა იმისა, რომ აღნიშნული ძალები დიდი ხნით დარჩნენ იქ, როგორც ეს მოხდა საქართველოსა და მოლდოვას შემთხვევაში. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით რუსულ სამხედროებს ხელმძღვანელობს ანდრეი სერდიუკოვი, სამხედრო ჩინოსანი, რომელიც აგრეთვე ხელმძღვანელობდა რუსულ საჯარისო ნაწილებს ყირიმის ანექსიისას და მონაწილეობდა სირიის კონფლიქტში. აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო მდივანმა აღნიშნულ ვითარებასთან დაკავშირებით შენიშნა: „როგორც უახლესი ისტორიიდან გამოტანილი გაკვეთილი გვიჩვენებს, მას შემდეგ, რაც რუსები თქვენს სახლში სტუმრად მოვლენ, რთულია მათი დარწმუნება წასვლაზე“.
რატომ იქცევა რუსეთი ასე აგრესიულად მეზობლებთან მიმართებაში?
- ერთ-ერთი მიზეზთაგანი ის გახლავთ, რომ რუსეთი კვლავ განიხილავს ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონს, როგორც მის პერიფერიებს (უკანა ეზო) და ცდილობს აღნიშნული რეგიონების სახელმწიფოებს თავს მოახვიოს საკუთარი ნება. ყაზახეთის შემთხვევაში რუსეთი წარმოჩნდება გამარჯვებულ მხარედ, გახდა რა მთავარი ძალა, რომელიც შეეცდება დაარწმუნოს დასავლეთი იმაში, რომ სწორედ მან აღადგინა წესრიგი ყაზახეთში. ეს კი მისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობა იქნება.
ჩემი აზრით, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაქტორი, მაგალითისთვის, აშშ-მ წამოიწყო იზოლაციონისტური პოლიტიკა საერთაშორისო ურთიერთობების კონტექსტში, რაც ინიცირებულ იქნა ობამას მიერ და გაგრძელება ჰპოვა ტრამპის საგარეო პოლიტიკაში, რის შედეგადაც აშშ-მ დატოვა რიგი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციებისა. როგორც ჩანს, ბაიდენი და ამერიკული საზოგადოება კმაყოფილია საშინაო საქმეების მთავარ პრიორიტეტად დასახვით. მეორე ფაქტორი შესაძლებელია იყოს ევროკავშირის, როგორც ერთობის სისუსტე, რამეთუ მისი თითოეული წევრი სახელმწიფო ფოკუსირებულია პირველ რიგში საკუთარ ინტერესებზე.
მესამეც, პოპულიზმი და სუვერენიტეტ-საერთაშორისო თანამშრომლობის დიხოტომია, რასაც ადგილი აქვს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვენია და ავსტრია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი არასოდეს ტოვებს სხვების მიერ საერთაშორისო არენაზე წარმოქმნილ ვაკუმს შეუვსებელს ან ისეთი სახით, როგორითაც ის არის მოცემული.
დაბოლოს, რადგან საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემა არასაიმედო და სახელმწიფოთა სუბიექტურ ასპექტზეა დაფუძნებული, ცალკეული ლიდერები ერთვებიან ძალაუფლებრივ კონფლიქტებში.