ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი, ამიტომ პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად

ტარას ბერეზოვეცი: სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი, ამიტომ პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად

სააკაშვილმა დაარღვია ორი ქვეყნის კანონი - უკრაინის მესაზღვრეებს არ აქვთ საბუთი, რომ მან საზღვარი გადაკვეთა, ამიტომ მან პასუხი უნდა აგოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, - ამის შესახებ უკრაინელმა ანალიტიკოსმა ტარას ბერეზოვეცმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა. ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სამშობლოში მალულად დაბრუნებას მის მორიგ პოლიტიკურ ავანტიურად აფასებს.

„სააკაშვილმა რომ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, ეს კრიმინალური სამართალდარღვევაა და მან პასუხი უნდა აგოს. ნებისმიერი მოსაზრება, რითაც არ უნდა ხელმძღვანელობდეს სააკაშვილი, მას კანონზე მაღლა არ აყენებს. მით უმეტეს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კანონი ყოველთვის ერთია. სწორედ რომ მის შემთხვევაში, მან კანონის ნორმები უნდა დაიცვას, რომ მაგალითი აჩვენოს. მაგრამ, სამწუხაროდ, სააკაშვილი პოლიტიკური ავანტიურისტია. ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში მოქმედებდა პრინციპით - მეგობრებს ყველაფერი, მტრებს კი კანონი. მან რამდენჯერმე მისცა თავს უფლება დაერღვია კანონი, ეს მისი ჩვეული მანერაა. ასე იქცეოდა უკრაინაში და ასე გააგრძელა საქართველოში. თუ მან საქართველოს კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - ამბობს ბერეზოვეცი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ბინის მეპატრონეს, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, საქართველოს პროკურატურამ ბრალი 3 ოქტომბერს წარუდგინა, შემდეგ კი ელგუჯა ცომაიას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. 4 ოქტომბერს პოლიციამ, მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავა.