საქართველოდან გატანილი და ვიმედოვნებთ, რომ უკან დაბრუნებული საგანძურისა და სხვა ნივთების ჩამონათვალის გამოქვეყნებას for.ge ამ წერილით ასრულებს. წარმოგიდგენთ 2011-2012 წლების მონაცემებს, რომელიც ჩვენი განცხადების საფუძველზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა. შეგახსენებთ, რომ სამინისტროსგან 2004-2012 წლების დოკუმენტური მონაცემები გამოვითხოვეთ და მივიღეთ 293-გვერდიანი მასალა, მაგრამ მასში, არც ერთ ფურცელი არ ასახავს საქართველოდან გატანილი ესა თუ ექსპონატი კონკრეტულად როდის და როგორ მდგომარეობაში დაბრუნდა უკან.
2011 წელი
ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ცხადაძეს წერილობით სთხოვა ნებართვის მის სახელზე გაცემა და დმანისის ნამარხების კვლევასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში 9 ექსპონატის საფრანგეთში გამოსაკვლევად გატანა, 2011 წლის 31 მაისიდან 5 ივნისამდე. ლორთქიფანიძემ 16 მაისს მიმართა,18-ში ცხადაძემ ბრძანება და ნებართვა გააფორმა, შემდეგ ექსპონატებზე: თავის ქალა, ბარძაყის ძვალი, ქვედა ყბა, მხრის ძვალი, კვირისთავი, კოჭის ძვალი, ქუსლის ძვალი, კბილი/მესამე მოლარი, წვივის ძვალი;
2011 წლის 21 სექტემბერს ლორთქიფანიძემ კულტურის მინისტრ ნიკა რურუას წერილობით აცნობა, რომ პარიზის პინაკოთეკამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ხუთი თვით (13.10.2011-11.03.2012) სთხოვა მათთან გამოფენილიყო ვასილი კანდინსკის ფერწერული ტილო სახელწოდებით “სურათი წრით“. ლორთქიფანიძემ შპს “იუ-არტ“-ის სახელზე სანებართვო მოწმობის გაცემა ითხოვა. ნებართვა მეორე დღესვე მიიღო;
ლორთქიფანიძის 2011 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ ქალაქ რომის სპეციალურ სააგენტო “პალაექსპომს“ მიუმართია და მოუთხოვია ხუთი თვით მათთან გამოფენილიყო დმანისში აღმოჩენილი თავის ქალა და ქვედა ყბა. ლორთქიფანიძემ ნებართვის გაცემა შპს “იუ არტ“-ზე ითხოვა და მეორე დღესვე მიიღო კიდეც;
“მოგეხსენებათ, რომ ქალაქ რომში, კულტურის ბიენალეს “აბრეშუმის გზა“ ფარგლებში დაგეგმილია გამოფენის “ოქროს საწმისი, საქართველოს უძველესი საგანძური“ მოწყობა. ამისათვის საიმპერიო ფორუმის მუზეუმის ტრაიანეს ბაზრის მუზეუმს დროებით, ოთხი თვის ვადით (2011 წლის 16 ნოემბრიდან 2012 წლის 5 თებერვლამდე) დროებით სარგებლობაში უნდა გადავცეთ ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომელთა სია წარმოდგენილია დანართის სახით“, - წერს ლორთქიფანიძე რურუას და სანებართვო მოწმობის გაცემას ითხოვს შპს “იუ-არტ“-ის სახელზე. დავით ცხადაძის მიერ ხელმოწერილი ბრძანება დათარიღებულია 2011 წლის 4 ნოემბრით, ხოლო სანებართვო მოწმობა 2011 წლის 28 ოქტომბრით. ანუ გამოდის რომ ჯერ ნებართვა გასცეს და ბრძანება “საქართველოდან კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან დროებითი გატანის ნებართვების გაცემის შესახებ“ მოგვიანებით დაწერეს! კულტურის სამინისტრომ for.ge-ს წარუდგინა იტალიაში გატანილი ექსპონატების სია, მცირე ზომის ფოტოებით და სადაზღვევო თანხის მითითებით. ესაა ოქროს, ვერცხლის , ბრინჯაოს და სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან გაკეთებული ყელსაბამები, სამაჯურები, საყურეები, გულსაბნევები, სასაფეთქლეები, ბეჭდები, ქანდაკებები, ფირფიტები... სულ 186 ერთეულია და თითოეულის გასწვრივ მითითებულია რამდენ ევროდ იყო დაზღვეული საფრანგეთში გატანის წინ ჩვენი ექსპონატები. ყველაზე მცირე სადაზღვევო თანხა 7 000 ევროა, ხოლო ყველაზე ძვირად - 3 000 000 ევროდ დაზღვეულია ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით დათარიღებული ყელსაბამი კუს ფორმის საკიდებით.
2012 წელი
“მოგახსენებთ, რომ ნიუ იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მოგვმართა თხონით, დროებით, ოთხი თვის ვადით (12.03.2012-8.07.2012) საგამოფენოდ დროებით სარგებლობაში გადავცეთ ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატი“, - წერს ლორთქიფანიძე რურუას, 2012 წლის 14 თებერვალს და ამავე წერილში სანებართვო მოწმობის გაცემას სთხოვს შპს “იუ არტ“-ზე. საუბარია ბრინჯაოს დოქზე. სანებართვო მოწმობა დავით ცხადაძემ 22 თებერვალს გასცა;
კულტურის სამინისტროს მიერ მოწოდებულ დოკუმენტებში წარმოდგენილია კულტურის მინისტრის პირველი მოადგილის დავით ცხადაძის ხელმოწერილი ბრძანება “საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და დროებითი გატანის ნებართვების გაცემის შესახებ“, რომელიც 2012 წლის 23 თებერვალსაა გაცემული და მასში მითითებულია: “102 ცალი თანამედროვე ფერწერული, გრაფიკული და კერამიკული ნამეშევარი (განმცხ. დ.კაკაჩია); 33 ერთეული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობა (განმცხადებელი შპს “მარილისი“); 2 თანამედროვე ფერწერული ნამუშევარი (განმცხ. ი.ზვინიაშვილი); 25 ოქროს ნაკეთობა (განმცხ. დ.ჩალაძე)“. სად, რომელ ქვეყანაში, რამდენი ხნით წაიღეს ექსპონატები, აქ არ ჩანს და სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტებში, არც სანებართვო მოწმობაა წარმოდგენილი, არც რაიმე მიმართვა, რომლის საფუძველზეც ეს ბრძანება გაიცა;
ჰოლანდიაში ფიროსმანის 43 ტილოს და ერმაკოვის 15 ფოტონამუშევრის გატანის თხონით დავით ლორთქიფანიძემ ნიკა რურუას 2012 წლის 12 აპრილს მიმართა - “დორდრეხტის მუზეუმმა მოგვმართა თხოვნით, დროებით, ხუთი თვის ვადით (6.05.2012-1.10.2012) საგამოფენოდ დროებით სარგებლობაში გადავცეთ ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატები, რომელთა სია თან ერთვის წერილს“. ლორთქიფანიძე შპს “იუ-არტ“-ზე დროებითი გატანის ნებართვის გაცემას ითხოვს და ბუნებრივია, იღებს კიდეც - 17 აპრილს ჯერ ბრძანება და შემდეგ სანებართვო მოწმობა დავით ცხადაძის ხელმოწერითაა წარმოდგენილი. დოკუმენტებში არის გატანილი ექსპონატების ჩამონათვალი, მაგრამ სადაზღვევო თანხის შესახებ არაფერი წერია;
“ბატონო გიორგი, თქვენი ა.წ. 19 ივლისის მომართვაზე მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმი მზადაა ხელი შეუწყოს გამოფენის მოწყობას 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ქალაქ ლონდონში, “ქართულ სახლში““, - წერს ლორთქიფანიძე კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი ყიფიანს და მისგანვე ითხოვს: სანებართვო მოწმობის გაცემას, დაცვისა და უსაფრთხოებისა და კლიმატური პირობების შესახებ დასკვნის წარმოდგენას და ფიროსმანის ფერწერული ტილოსათვის რესტავრატორის თანხლების უზრუნველყოფას. მის წერილს თან ახლავს იმ ექსპონატების ჩამონათვალი, რომელიც “ქართულ სახლში“ უნდა წაეღოთ. ბრძანება და სანებართვო მოწმობა დავით ცხადაძის მიერაა გაცემული და მასში აღნიშნულია, რომ “ექსპონატები გადის საქართველოდან დროებით, 2012 წლის 25 ივლისიდან 25 სექტემბრამდე“. ექსპონატების ჩამონათვალი ასეთია: ფიროსმანის “მეთევზე წითელ პერანგში“; კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლები და არქეოლოგიური ექსპონატები, 51 ცალი, რომელთა შორისაა: გიშრის, მინის, სარდიონის, აქატის მძივების ასხმა და ბრინჯაოს ფიგურები;
2012 წლის 8 აგვისტოს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჩომახიძემ კულტურის მინისტრის პირველ მოადგილე დავით ცხადაძეს მიმართა, ფოთის აეროპორტის არეალში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად გამოვლენილი მასალის ნიუნბერგში, ინტერდისციპლინარული ანალიზის ჩასატარებლად, ასევე მათი რესტავრაციის, კონსერვაციისა და გამოფენისთვის ექვსი თვით გასატანად ნებართვა ითხოვა. 13 აგვისტოს მინისტრის მოადგილე მაკო ჭოღოშვილმა ბრძანება გასცა. იმავე რიცხვითაა დათარიღებული სანებართვო დოკუმენტიც, რომელსაც ხელს ჭოღოშვილი აწერს;
2012 წლის 27 სექტემბერს დავით ლორთქიფანიძემ რურუას უპატაკა, რომ დორდრეხტის მუზეუმის დირექტორი პეტერ შონი ითხოვდა გამოფენის (“ნიკო ფიროსმანის ძიებაში“) ვადის გახანგრძლივებას 2012 წლის 11 ნოემბრამდე. 11 ოქტომბერს ლორთქიფანიძემ რურუას კიდევ ერთხელ მიმართა - “გამოფენის დახურვის ვადად მითითებულია 11 ნოემბერი. იმის გამო რომ დეინსტალაციის შემდგომ ტრანსპორტირებისთვის საჭირო იქნება დამატებითი დრო, გთხოვთ, სანებართვო მოწმობის ვადა გაგვიგრძელოთ 30 ნოემბრამდე“-ო.
ლორთქიფანიძემ შპს “იუ-არტ“-ზე სანებართვო მოწმობა დავით ცხადაძის ხელმოწერით 2012 წლის 17 ოქტომბერს მიიღო.
2012 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სანებართვო მოწმობით სრულდება კულტურის სამინისტროდან მიღებული დოკუმენტები და ამ ეტაპზე for.ge-ც აქ სვამს წერტილს.