„ომიკრონის“ შემთხვევაში, 16% არის რეინფიცირება, ანუ, ის ადამიანები, ვისაც სხვა შტამი უკვე გადატანილი აქვთ“

„ომიკრონის“ შემთხვევაში, 16% არის რეინფიცირება, ანუ, ის ადამიანები, ვისაც სხვა შტამი უკვე გადატანილი აქვთ“

კოვიდინფიცირების მე-5 ტალღის დასრულებისთანავე, ქვეყანაში მე-6 ტალღამ იფეთქა. კოვიდინფიცირების სწრაფი მატების მიზეზი ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელებაა.

კოვიდინფიცირების მატება კი დიდია, თუმცა სიკვდილიანობამ იკლო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ „ომიკრონი“ „დელტა“ შტამთან შედარებით ნაკლებად მძიმე დაავადებებს იწვევს და ის მსუბუქად მიმდინარეობს. მისი დამახასიათებელი ნიშნებია დაბალი სიცხე, ყელის ტკივილი და სურდო. ომიკრონის სწრაფი გავრცელებიდან გამომდინარე, შესაძლოა, იგი მედპერსონალსაც მოედოს და ჯანდაცვის სფეროს წარმოამდგენლების უკმარისობა გამოიწვიოს. როგორც for.ge-თან ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ აღნიშნა, ამ კუთხით ჯანდაცვის სამინისტრომ რაიმე მექანიზმი უნდა შეიმუშაოს.

ალექსანდრე გოგინავა: „ომიკრონის“ შემოსვლასთან ერთად, ეპიდსიტუაცია გაუარესდა და ეს ყველა მაჩვენებელში აისახა - დღიური მაჩვენებელი 5 ათასზე მეტი გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და აღნიშნული შტამი უკვე დომინანტი ხდება, ანუ ის „დელტა“ შტამს ანაცვლებს. დაახლოებით 2-3 კვირაში „ომიკრონის“ სრული დომინაცია იქნება და შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს, შეიძლება გასსამაგდეს კიდეც.

ცნობილი იყო „დელტა“ შტამის სიმპტომები, რომელიც საკმაოდ რთულად მიმდინარეობდა და ამის გამო ლეტალობის ფაქტებიც მაღალი იყო. „ომიკრონის“ სიმპტომები რა არის, რითი განსხვავდება „დელტა“ შტამისგან და რამდენად საშიშია ის?

- კვლევების უმრავლესობა აჩვენებს, რომ „ომიკრონს“ ფილტვების დაზიანება ნაკლებად ახასიათებს. კორონავირუსული ინფექციის განმსაზღვრელი ძირითადად ფაქტორი ფილტვების დაზიანებაა. ასევე კვლევების მიხედვით, „ომიკრონის“ დროს მძიმე პაციენტების რაოდენობა ორჯერ შემცირებულია „დელტა“ შტამთან მიმართებაში. შემცირებულია ასევე ჰოსპიტალიზაციაც და შემცირებულია რეანიმაციებში პაციენტების რაოდენობაც. ეს არის მსოფლიო სტატისტიკა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ „ომიკრონი“ უფრო მსუბუქი შტამია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მსუბუქად მიმდინარეობს და პაციენტებში ფილტვების დაზიანება არ მოხდება. უბრალოდ, აღნიშნულ შტამს ეს ნაკლებად ახასიათებს. „ომიკრონს“ უფრო ახასიათებს ზედა სასუნთქი გზების დაზიანება, სწრაფად ვრცელდება ზემო სასუნთქ გზებში, ამიტომ გამოხატულია ცემინება, ძლიერი ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ცხვირიდან გამონადენი და ა.შ. ეს არის ის სიმპტომები, რომელიც უფრო მეტად მიგვანიშნებს, რომ მოქალაქეს ახალი შტამი აქვს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ მსოფლიოში „ომიკრონის“ გავრცელების შემდეგ, ჰოსპიტალიზაციამ იკლო, ამ მხრივ საქართველოში რა მდგომარეობაა?

- „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე შტამი კი არის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, მომართვიანობა ამის გამო არ შემცირებულა. ანუ, შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, თუმცა, დღის განმავლობაში უფრო მეტ ადამიანს აინფიცირებს. ამიტომ, რეალურად ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ შემცირებულა. საქართველოში ახალი გავრცელებულია, ამიტომ საწოლფონდის პრობლემა ამ ეტაპზე არაა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ ახალი წლის შემდეგ მომართვიანობამ იმატა. სამწუხაროდ, ვიცით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებული არაა, ასევე „ომიკროი“ გავრცელდება ისეთ ადამიანებში ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს და ეს ნიშნავს იმას, რომ მაინც შეგვიქმნის პრობლემას და ჰოსპიტალურ სექტორს დატვირთვით მოუწევს მუშაობა.

„ომიკრონი“ სწრაფად ვრცელდება, ამ მხრივ მედპერსონალი რამდენად არის მომზადებული და რა ღონისძიებებია ამ მხირვ გასატარებელი, რათა ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პერსონალი „ომიკრონთან“ საბრძოლველად საკმარისი იყოს?

- ეს ცალკე პრობლემაა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. აუცილებლად სხვადასხვა ღონისძიებები უნდა იქნას გატარებული, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხრიდან. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ერთი საავადმყოფოს მედპერსონალი სრულად დაინფიცირდეს და ამის გამო კოლაფსი მოხდეს, რის გამოც შეიძლება კლინიკებმა გარკვეული პერიოდი ფუნქცონირება ვერ შეძლოს. აღნიშნული საკითხი დასაფიქრებელია და ჰოსპიტლებში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს.           ზომები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს, რათა არ მოხდეს თანამშრომლების ერთდროულად დაინფიცირება.

მოსახლეობა გაურკვეველ მდგომარეობაშია, რადგან სიმპტომების მიუხედავად სწრაფი ტესტითაც და პისიარ ტესტითაც უარყოფით პასუხებს აჩვენებს. ამ შემთხვევაში მოქალაქეები როგორ უნდა მოიქცნენ?

- სამწუხაროდ, სწრაფი ტესტები ხშირად „ომიკრონს“ ვერ ადგენს, ამიტომ მეტ-ნაკლებად სწრაფმა ტესტმა თავისი როლი დაკარგა. რაც შეეხება მოქალაქეების ქცევას, თუ ადამიანს კონტაქტი ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა და შემდეგ სიმპტომები დაეწყო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტესტმა არ აჩვენოს, დიდი ალბათობით, მას კორონავირუსის ახალი შტამი აქვს. მხოლოდ ტესტზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები. როდესაც დღიურად 10 ან 15 ათასი შემთხვევა გვაქვს, ყველა ტესტის ჩატარებას ვერ მოახერხებს და საჭიროც არაა, რადგან კონტაქტიდან პირველივე დღეს რომ ადამიანმა ტესტის ჩატარება სცადოს, ამბულატორიები გადაიტვირთება და უარესი ქაოსი შეიქმნება. ამიტომ, ვისაც კონტაქტი ექნება და დამახასიათებელი ნიშნები ექნება, ჩათვალონ, რომ „ომიკრონი“ აქვთ. ვინც ვაქცინირებულია და ასევე ახალგაზრდებში იოლ ფორმებში მიმდინარეობს, სიმპტომებიც ნაკლებია და 3-4 დღეში სიმპტომები ალაგდება. ამიტომ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ რისკის მქონე ჯგუფებს ჩაუტარდეთ ტესტირება.

დღეიდან იზოლაციის დღეები მცირდება და თქვენ როგორც ინფექციონისტი ამის მომხრე რამდენად ხართ?

- ძალიან ბევრმა ქვეყანამ იზოლაციის დღეები სწორედ კვლევების დაყრდნობით შეამცირა და მეც ამის მომხრე ვარ. თუმცა, შემცირებული იზოლაციის დღეების კარგად გაკონტროლება უნდა მოხდეს და ადამიანემა რეგულაციები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში ჩვენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. მთავარი პრობლემა იზოლაციის დღეების შემცირება არაა, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქეები იზოლაციის წესებს საერთოდ არ იცავენ - სამწუხაროდ, დაავადებული ადამიანები ჩვეულებრივ ქუჩაში გადაადგილდებიან.  

პიკი როდის იქნება და როდის გადაივლის?

- პიკში, დაახლოებით, თებერვლის პირველ 10 დღეში ვიქნებით და თებერვლის ბოლოდან კლებას დაიწყებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ომიკრონს“ რეინფიცირება ახასიათებს, კონკრეტულად რომ გვითხრათ ამის შესახებ...

- სამწუხაროდ, „ომიკრონის“ შემთხვევებში რეინფიცირება მაღალია. საქართველოს სტატისტიკას თუ ავიღებთ, გამოვლენის შემთხვევების 16% არის რეინფიცირება, ანუ, ის ადამიანები ვისაც სხვა შტამი უკვე გადატანილი აქვთ.

ესპანეთმა „ომიკრონის“ შტამის შემდეგ კოვიდი ჩვეულებრივ გრიპის ვირუსად გამოაცხადა, შეიძლება ითქვას, რომ „ომიკრონი“ პანდემიის დასასრულის დასაწყისია?

- ამის დიდი იმედი მაქვს და ამაზე ბევრი რამ მიუთითებს. თუნდაც ის, რომ მას მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, ადვილად ვრცელდება და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი „ომიკრონს“ გადაიტანს, რის შედეგადაც იმუნური ფენა შეიქმნება. თუმცა, დასკვების გამოტანას არ ვიჩქარებ.