თავდაცვის მინისტრი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს

თავდაცვის მინისტრი ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ნატო-ს 2014 წლის სამიტის წინ საქართველოს ნატოსთან დაახლოების პერსპექტივაზე, პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმს იზიარებს.

ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "შემდეგ წელს უნდა მოვახერხოთ და მაპ-ი მაინც უნდა მივიღოთ".

"ჩვენ საკმაოდ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ამ მოკლე ვადაშიც კი, ზოგადად თავდაცვის და უსაფრთოების სისტემა ჩვენს ქვეყანაში ტრანსპარენტული გახდა. მიმდინარეობს სასამართლოების გათავისუფლების პროცესი პოლიტიკური ზედამხედველობისგან.

მიმდინარეობს სისტემური ცვლილებები. ამის ბოლომდე მიყვანა და რეფორმების წარმატებით დასრულება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საფუძველი იქნება იმისა, რომ ჩვენ მომავალ სამიტზე კონკრეტული გარღვევა გვქონდეს. მე რა თქმა უნდა, პრემიერის ოპტიმიზმს ვიზიარებ. ამის საფუძველი გვაქვს. აღარ დავაკონკრეტებ რა შეიძლება, ამ ნაბიჯს, ამ გარღვევას დაერქვას. ეს არის ნატო-ელების, ჩვენი მეგობრების, მათ შორის ჩვენი მუშაობის შედეგი, თუმცა გადაწყვეტილებას ჩრდილო-ალანტიკური ქვეყნები მიიღებენ. მეც ვთვლი, პრემიერ მინისტრთან ერთად, რომ გვაქვს ოპტიმიზმის საკმაოდ დიდი საფუძველი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.