ანტისემიტიზმში დადანაშაულებულ ემა უოტსონს ცნობილი სახეები მხარდაჭერას უცხადებენ

ანტისემიტიზმში დადანაშაულებულ ემა უოტსონს ცნობილი სახეები მხარდაჭერას უცხადებენ

პოტერიადის მსახიობს, ემა უოტსონს, ანტისემიტიზმში დადანაშაულების შემდეგ, ჰოლივუდში ცნობილმა სახეებმა, მათ შორის სიუზან სარანდონმა, მარკ რუფალომ, პიტერ კაპალდიმ და ჩარლზ დენსმა, მხარდაჭერა გამოუცხადეს. მსახიობებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს პალესტინელების სოლიდარობის მოძრაობასაც.

ცოტა ხნის წინ, უოტსონმა, რომელიც ჰარი პოტერის ფილმების სერიაში ჰერმიონ გრეინჯერის როლს ასრულებს, ინსტაგრამზე პალესტინელების მხარდასაჭერი დემონსტრაციიდან საპროტესტო ბანერის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც "სოლიდარობა ზმნაა" ეწერა. პოსტს თან ერთვოდა ფემინისტი მკვლევრის, სარა აჰმედის ფრაზა სოლიდარობაზე.

ინგლისელი მსახიობის პოსტმა ისრაელელი პოლიტიკოსებისგან კრიტიკა დაიმსახურა. მათ შორის იყო დენი დანონი, ისრაელის მეცნიერების ყოფილი მინისტრი და გაეროში ქვეყნის წინა ელჩი. "ათი ქულა გრიფინდორს ანტისემიტობისთვის", — განაცხადა დანონმა.

ამბავს გაეროში ისრაელის ახლანდელი ელჩი, გილად ერდანიც გამოეხმაურა.

"ფიქცია ჰარი პოტერში შეიძლება ამართლებდეს, თუმცა, რეალობაში — ვერა. ასე რომ იყოს, ჯადოსნური სამყაროს მაგია გაანადგურებდა ჰამასის ბოროტებასა (რომელიც ქალებზე ძალადობს და ისრაელის გაქრობას ცდილობს) და პალესტინის ხელისუფლებას (რომელიც ტერორს უჭერს მხარს)".

ამის შემდეგ, უოტსონის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა მოძრაობამ ბრიტანელი ხელოვანები პალესტინისთვის.

"ემა უოტსონთან ერთად იმ მარტივ განცხადებას ვუჭერთ მხარს, რომ 'სოლიდარობა ზმნაა', მათ შორის გონივრული სოლიდარობა პალესტინელებისადმი, რომლებიც საერთაშორისო სამართლით მინიჭებული ადამიანების უფლებებისათვის იბრძვიან".

სხვა ვარსკვლავები, მათ შორის, ჰარი პოტერის მსახიობები, მირიამ მარგელიზი და ჯული კრისტი, თავიანთი განცხადების არგუმენტად Human Rights Watch-ის კვლევას იშველიებენ, რომელიც ამბობს, რომ "ისრაელი აპართეიდსა და დევნას ეწევა".

"ჩვენ ვცნობთ, რომ ძალის არათანაბარი განაწილებაა ისრაელს, ოკუპანტ ძალასა და პალესტინელებს, სამხედრო ოკუპაციის და აპართეიდის სისტემის ქვეშ მცხოვრებ ხალხს შორის", — აცხადებენ მსახიობები, — "ჩვენ ვუპირისპირდებით ისრაელის მიმდინარე მცდელობებს, ძალისმიერი მეთოდებით გამოასახლოს პალესტინელი ოჯახები აღმოსავლეთ იერუსალიმში არსებული შეიხ ჯარას და სილვანის რაიონებიდან, ასევე პალესტინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან".

ხელოვანები დასძენენ, რომ "ყველა სახის რასიზმს" გმობენ, მათ შორის "ანტისემიტიზმსა და ისლამოფობიას".

"პოლიტიკასთან ან პოლიტიკურ სისტემასთან დაპირისპირება არ ნიშნავს ფანატიზმს, ადამიანების სიძულვილსა და დისკრიმინაციას მათი იდენტობის გამო".