შინეიდ ო'კონორი შვილის გარდაცვალებიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინეიდ ო'კონორი შვილის გარდაცვალებიდან მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს

შინეიდ ო'კონორი შვილის ცხედრის პოვნიდან ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალმა ფანებს განუცხადა, რომ საავადმყოფოში დაეხმარებოდნენ იმ შემაშფოთებელი პოსტების გამო, რომელთა მიხედვითაც ო'კონორი სუიციდს გეგმავდა.

"მე გადავწყვიტე, ჩემს შვილს გავყვე. მის გარეშე ცხოვრებას აზრი არ აქვს. რასაც ვეხები, ყველაფერს ვანადგურებ. მე მხოლოდ მის გამო ვცოცხლობდი და ის წავიდა", — ვკითხულობთ მომღერლის პოსტში.

ო'კონორმა, რომელიც წარსულშიც ღია საუბრობდა მენტალური პრობლემებისა და სუიციდური აზრების შესახებ, ახლაც განაცხადა, რომ თავს "დაკარგულად" გრძნობს და შვილის სიკვდილში თავს იდანაშაულებს.

ო'კონორმა, რომელიც ოთხი შვილის დედაა, შემაშფოთებელი პოსტების გამოქვეყნებიდან ერთ საათში ფანებს ბოდიში მოუხადა და ისინი დაარწმუნა, რომ სამედიცინო დახმარებას მიიღებდა.

"ბოდიში, ეს არ უნდა მეთქვა. ახლა პოლიციელებთან ერთად საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე ვარ. ვწუხვარ, რომ აგაღელვეთ. შვილის გარეშე დაკარგული ვარ და ჩემი თავი მძულს. გარკვეული დროით საავადმყოფოში დამეხმარებიან, მაგრამ ჩემი ვაჟის პოვნას ისევ ვაპირებ, ეს უბრალოდ დროებითი შეფერხებაა", — წერს ო'კონორი.

შეგახსენებთ, რომ შინეიდ ო'კონორის 17 წლის ვაჟი, რომელიც გაუჩინარდა და 2 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ამ ამბის გაგების შემდეგ კი მომღერალი ადამიანებს სთხოვდა, რომ "მისთვის არავის მიებაძა".

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, ყოველწლიურად 700 ათასზე მეტი ადამიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს, ხოლო სუიციდის მცდელობათა რიცხვი კიდევ უფრო დიდია. ყოველი თვითმკვლელობა ტრაგედიაა, რომელიც გავლენას ახდენს ოჯახებზე, საზოგადოებაზე და ქვეყნებზეც კი. სუიციდი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. თუმცა სუიციდისთვის ხელის შეშლა დროული და ეფექტური ინტერვენციით შესაძლებელია.