რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა სტომატოლოგებმა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს. ქვეყნის მოქალაქეებს ის ადამიანები უნდა დაესახელებინათ, რომელთა ღიმილსაც სამაგალითოდ მიიჩნევენ.
ამერიკელმა მანდილოსნებმა პოპულარული მსახიობი ჯულია რობერტსი დაასახელეს, მამაკაცებმა კი უპირატესობა ტომ კრუზს მიანიჭეს.
ორიგინალური აღმოჩნდა ამერიკელი მოზარდების არჩევანი. გამოკითხული ბავშვების უმეტესობას თურმე ზღაპრული პერსონაჟი კინგ-კონგის კბილები და „ღიმილი“ აღაფრთოვანებთ. მის გარდა, ნორჩმა ამერიკელებმა სხვადასხვა მულტფილმების გმირებიც დაასახელეს, თუმცა კინგ-კონგი მაინც კონკურენციის გარეშე აღმოჩნდა.
ოკეანისგაღმელმა დანტისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ ქვეყანაში მკვეთრად დაეცა კბილის ჯაგრისის მომხმარებელთა რიცხვი. გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას თურმე საღეჭ რეზინს ანიჭებს.