მთავრობა ეკონომიკურ ამნისტიას გეგმავს

მთავრობა ეკონომიკურ ამნისტიას გეგმავს

ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე მთავრობა პარლამენტისთვის ისეთივე ინიციატივის შეთავაზებას აპირებს, როგორიც „ქართულ ოცნებას“ ჯერ პრეზიდენტმა, შემდეგ კი, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ წარუდგინეს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იყო საუბარი. დეპუტატებმა პირველი მოსმენით განიხილეს ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო პაკეტი, მაგრამ მას მხარი არ დაუჭირეს.

საკითხის განხილვისას დეპუტატმა გიგა ბუკიამ განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს, ბიზნესისთვის დაკისრებული ჯარიმა-საურავების ამოღების საკითხს გადახედოს და, ზოგადად, ფინანურ-ეკონომიკურ დანაშაულებთან მიმართებაში პოლიტიკის ლიბერალიზებას. მისივე თქმით, გაკეთდა შეთავაზება, რომ ამ მიმართულებით პროექტი ერთობლივად დამუშავდეს.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძის საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ამნისტიას ეხება, რომელიც ჩადენილია 2013 წლის 1 იანვრამდე. პაკეტში, ასევე, საუბარია ამოუღებელი საგადასახადო ვალდებულებისგან ბიზნესის გათავისუფლებაზე, ჯარიმა-საურავების ამნისტირებასა და ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციაზე.

შეგახსენებთ, თავიდან ამგვარი ინიციატივით პარლამენტს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა და ამ კანონპროექტის მიმართ დამოკიდებულება როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე საზოგადოების დიდ ნაწილში, ცალსახად უარყოფითი იყო. მაშინ ითქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი ცდილობენ, მათი მფარველობის ქვეშ მყოფი ბიზნესმენებისთვის საგადასახადო, თუ სხვა ტიპის შეღავათების მიღწევას, რათა ეს მყარი დასაყრდენი არ დაკარგონ. ამასთანავე, თავად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც აქვთ ბიზნესები და ყველასათვის კარგად არის ცნობილი, რა მეთოდებით ხდებოდა ამ ბიზნესების მართვა. ისინი პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, მათზე იყო მორგებული არათუ ზოგადად ბაზარი (რადგან ყველა სფერო მონოპოლიზებული ჰქონდათ), არამედ კანონმდებლობაც კი. შესაბამისად, საზოგადოების დამოკიდებულებაც ასეთი ტიპის ბიზნესმენების ამნისტირების მიმართ უარყოფითია.

რა თქმა უნდა, უკანონოდ სანქციადაკისრებული, ან უკანონოდ შევიწროვებული მეწარმისთვის შეღავათის დაწესება მმართველი გუნდის დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს, მაგრამ ხომ არ იქმნება საფრთხე იმისა, რომ წინა ხელისუფლების მიერ მართლაც უკანონოდ დევნილ ბიზნესმენებთან ერთად, ამ შეღავათებით ნაციონალების მფარველობის ქვეშ მყოფმა ბიზნესმენებმაც ისარგებლონ, ამ თემაზე მთავრობის ინიციატივის გამხმოვანებელ დეპუტატს, გიგა ბუკიას ვესაუბრეთ.

მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძის მიერ პარლამენტში შემოტანილი კანონპროექტი თავის დროზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებულის თითქმის იდენტურია და მასში შედის ისეთი მუხლები, როგორიც არის დოკუმენტაციის გაყალბება, თანამდებობის ბოროტად გამოყენება და ა.შ. ანუ ისეთი ნორმები, რომლებიც ზოგადად არ შეეხება ფინანსურ დარღვევებთან, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ პრობლემებს. დეპუტატის განმარტებით, მართალია ნაციონალების მიერ ინიცირებულ კანონპროექტში გარკვეული შეზღუდვაც იყო, რომ ეს ამნისტია შეხებოდა მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც ორ მლნ ლარზე მეტი ბრუნვა არ აქვთ, მაგრამ თუკი ადამიანს შემოსავლები დეკლარირებული არ აქვს, მაშინ გიგა ბუკიას თქმით, გაუგებარია, საიდან უნდა დაასკვნა, რამხელა ბრუნვა აქვს მას. შესაბამისად, ეს დათქმა არ ზღუდავს იმ საფრთხეს, რომ ამნისტია შეეხოს არა მხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეებს, არამედ სერიოზულ დანაშაულში მხილებულ ადამიანებსაც. ამიტომ ახალი ხელისუფლებისთვის ეს ინიციატივა სრულიად მიუღებელია.

გიგა ბუკია ხაზს უსვამს იმას, რომ ახალ ხელისუფლებას ბიზნესთან მაქსიმალურად ლიბერალური დამოკიდებულება აქვს და არა ისეთი, როგორიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, როდესაც ბიზნესს როგორც მეწველ ძროხას ისე უყურებდა.

„ხშირ შემთხვევაში იყო არაადეკვატური ჯარიმები და საურავები. ჩემთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც ათასლარიან ჯარიმაზე დარიცხულმა საურავებმა ათათასობით ლარს მიაღწია და ცხადია, რომ მათ გადახდას ეს მეწარმეები ვერ ახერხებდნენ. ასევე მოგეხსენებათ, როგორ დასდევდნენ თუნდაც სალარო აპარატებზე და ერთი სული ჰქონდათ, ოღონდაც მეწარმეს „ჩეკი“ არ ამოერტყა, რათა მაშინვე დაეჯარიმებინათ, ან შეიძლებოდა სანქცია იმის გამო დაეკისრებინათ, რომ ფინანსურ დოკუმენტაციაში ერთი ასო ჰქონოდა მეწარმეს შეცდომა“, - აცხადებს გიგა ბუკია.

მისი თქმით, ხელისუფლება აპირებს, მსგავსი საკითხები შეისწავლოს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რა ფორმით უნდა მოხდეს ასეთი ბიზნესმენებისთვის შეღავათების დაწესება. დეპუტატი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული, თუ რა ფორმას მიიღებს ეს ინიციატივა. კითხვაზე, არის თუ არა საფრთხე იმისა, რომ შეღავათები ნაციონალების ხელდასმულ ბიზნესმენებსაც შეეხოთ, გიგა ბუკია პასუხობს, რომ ხელისუფლების სურვილია, ზოგადად ბიზნესს და განსაკუთრებით, წინა ხელისუფლების მიერ დევნილ მეწარმეებს შეუმსუბუქდეთ მდგომარეობა.

„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთ ბიზნესმენებს, რომლებიც მართლაც ბიზნესს აწარმოებდნენ და ხალხსაც ასაქმებდნენ, მაგრამ რა თქმა უნდა ბიზნესად და დასაქმებად ვერ ჩაითვლება მაგალითად გიგი უგულავას ქმედება, როდესაც იგი გამოვიდა და განაცხადა, რომ ადამიანები დაასაქმა. ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როდესაც გაირკვა, რომ ბიუჯეტიდან ხუთი მილიონი ლარი გახარჯული იყო უგულავას მიერ დასაქმებულ ნაციონალების პარტაქტივზე. რა თქმა უნდა, საბიუჯეტო სახსრების ასეთი უკანონო ხარჯვა სულ სხვა თემაა და ცალკე განხილვის საგანია“, - ამბობს დეპუტატი.

რას ფიქრობენ ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტები, ამაზე რამდენიმე მათგანს ვესაუბრეთ.

ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, რაც ამ გარდამავალ პერიოდში მინავლებულ ეკონომიკურ აქტიურობას წაახალისებს. ამიტომ მისი თქმით, მისასალმებელია პოზიცია, რომ ბიზნესს გარკვეული შეღავათები უნდა დაუწესდეს, ოღონდ აქ საქმე ქულების ჩაწერამდე არ უნდა მივიდეს. ექსპერტი პოპულიზმს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ეკონომიკურ ამნისტიასთან დაკავშირებით, მათ ნაკლებად აქვთ იმედი, რომ ეს ინიციატივა ხორცს შეისხამს, ვინაიდან ამის რესურსი არც პარლამენტში, და არც საზოგადოებაში არ გააჩნიათ. ამავე დროს, ისინი ძალიან მოწადინებულები არიან, რომ ეს ამნისტია განხორციელდეს.

„თუ არ ჩავთვლით მცირე და საშუალო ბიზნესის ძალიან მცირე სეგმენტს, ყველა ბიზნესი კონტროლდებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და მათ „კრიშის“ ქვეშ განვითარდა და არსებობდა. ბუნებრივია, ბევრი მათგანი (გამომდინარე მათი პრივილეგირებული მდგომარეობიდან) გარკვეულ ვალდებულებებს არ ასრულებდა და სასურველია, რომ მათ ეს ვალდებულებები შერჩეთ, რადგან სამომავლოდ ამ ქვეყანაში რომელი პოლიტიკური ძალა იქნება წინა პლანზე და „წაიყვანს აღლუმს“, დამოკიდებულია იმაზე, რა ფინანსური ძალა დაუდგება მას უკან“, - აღნიშნავს ექსპერტი.

მისი თქმით, ახლა ნაციონალები ორი მიმართულებით მუშაობენ - ერთი მხრივ - უნდათ ოპოზიციური ნიშა დაიკავონ და ამისათვის ყველაფერს აკეთებენ, ხოლო მეორე მხრივ, სურთ მათი მასაზრდოებელი ბიზნესები შეინარჩუნონ, მოახდინონ ამ ბიზნესების გარკვეული ტრანსფორმაცია და მათ რეალური დამოუკიდებლობა მოუპოვონ, რადგან ეს იქნება მათ დასაყრდენი, როდესაც ისინი ვარაუდობენ, რომ ხელისუფლებას დაიბრუნებენ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ზოგადად ბიზნესის წასახალისებლად გარკვეული ღონისძიებები არის გასატარებელი, რათა ამნისტია რაღაც ფორმით განხორციელდეს. ვაჟა ბერიძე ეთანხმება დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივას, რომ დაწესდეს გარკვეული ზღვარი, მაგალითად, ორი ან სამი მილიონი ლარი და ვისაც ამაზე ნაკლები ბრუნვა აქვს, ასეთი ბიზნესი ამნისტირებული უნდა იყოს, რაც მცირე ბიზნესის რეალურ ხელშეწყობას გამოიწვევს.

გიორგი აბაშიშვილი ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული პროექტი მთლიანობაში საინტერესოა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესმენების მიმართ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სანამ რაიმე ტიპის ამნისტიაზე იქნება საუბარი, მანამდე არ უნდა იყოს უსამართლობის შეგრძნება. ამიტომ ექსპერტი ამბობს, რომ თუ რაიმე ტიპის უკანონობები იყო განხორციელებული, ეს სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული, მიეცეს სამართლებრივი შეფასება ასეთ ფაქტებს და მხოლოდ ამის შემდეგ იყოს ბიზნესი ამნისტირებული.

„რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა, ეს შეღავათები გავრცელდეს იმ კომპანიებზეც, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში გარკვეული ტიპის შეღავათებით სარგებლობდნენ, თუკი მათ საქმიანობაში არსებობდა რაიმე დარღვევა და ეს დარღვევა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ უკავშირდებოდა, მაშინ შესაძლებლად მიმაჩნია, რომ ასეთი ქმედება ამნისტირებული იყოს, მაგრამ თუ არსებობდა ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა პოლიტიკური მოტივებით იყო განპირობებული, ჩემი აზრით, ასეთი საკითხები ცალკე უნდა იქნეს შესწავლილი“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

დემურ გიორხელიძე თვლის, რომ ეს ძალიან სერიოზული ინიციატივაა, რომელსაც თუ ხელისუფლება არასათანადოდ განახორციელებს, მისი იმიჯი სერიოზულად დაზარალდება. ექსპერტის თქმით, გავლებული უნდა იყოს წითელი ხაზი, ანუ გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმაც ჩადენილი დანაშაულები (განურჩევლად იმისა, ვინ არის მისი ჩამდენი), უნდა დაისაჯოს. ხოლო წვრილი სახის გადაცდომები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სასტიკად ისჯებოდა, ისინი ამნისტირებული უნდა იქნას, მაგრამ ექსპერტის თქმით, ნაციონალების მიერ წამოყენებული ინიციატივა სწორედ იმას ემსახურება, რომ ისინი მათი მფარველობის ქვეშ მყოფი დიდი ბიზნესჯგუფების დაცვას აპირებენ და ამაზე მთავრობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს.

„რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესს, იმ წრეგადასულ ადმინისტრირებას და დასჯის ხასიათს, რასაც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა ადგილი, ეს რა თქმა უნდა, ლიბერალიზებული უნდა იქნას, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს მსხვილი დამნაშავე მონოპოლური ჯგუფებისა და წინა ხელისუფლების მიერ ხელდასმული ჯგუფების მიმართ. ეს პირველ რიგში, დიდი უსამართლობა იქნება“, - ამბობს ექსპერტი.