საქართველოს შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით,საზეიმო ღონისძიებები სამხედრო ბაზებზე მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართულ კონცერტს საქართველოს თავდაცვის მინისტრიც დაესწრო. ირაკლი ალასანიამ ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღესასწაული კიდევ ერთხელ მიულოცა:
„მინდა ყველას მოგილოცოთ ბედნიერი დღე. დღეს არის ჩვენი დაბადების დღე. 22 წელი შეგვისრულდა. მე არ შემიძლია არ გავიხსენო ყველა ის ვაჟკაცი, ვინც ამ წლების მანძილზე საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას. მინდა ჩვენი ურყევი ერთგულება დავუდასტურო მათ ოჯახებს და ყევლას, ვინც მათ დაგვიტოვეს მოსაფრთხილებლად. თითოეული ჩვენთაგანი სიამაყით და ღირსეულად გავაგრძელებთ იმ გზას, რაც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, რათა შევქმნათ ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერი არმიით. როდესაც ამ ბრიგადაში ამდენ ვაჟკაცს და ქალბატონს ვხედავ, ვისაც გული აქავს ანთებული ამ ქვეყნის სიყვარულისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ მისიას ერთობლივად მივაღწევთ. ქვეყნის ძლიერება დგას თქვენზე. მე როგორც თავდაცვის მინისტრი იცოდეთ, რომ ვიქნები ერთი რიგითი ჯარისკაცი თქვენს გვერდით“.
ვაზიანის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ცეკვა „ხორუმი“ შეასრულეს და ხრიდოლის საჩვენებელი გამოსვლა გამართეს. დღესვე, ვაზიანში ქართველი სამხედროებისთვის ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა იმღერეს. კონცერტები და საზეიმო ღონისძიებები გაიმართა თელავის, მუხროვანის, კრწანისის, გორის, ახალციხის, ქუთაისის, სენაკის, ხონისა და ბათუმის სამხედრო ნაწილებში. ქართულ არმიას პროფესიული დღე ესტრადის მომღერლებმა, სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიულოცეს.
დღესვე, ყველა სამხედრო ბაზაზე „ღია კარის“ დღეები გაიმართა. ქართველ სამხედროებს დღესასწაული ოჯახის წევრებმა პირადად მიულოცეს და ჯარისკაცების სამუშაო გარემოს გაეცნენ. კონცერტის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებისთვის საზეიმო სადილი გაიმართა.