დღეს დილით გამოცემამ „Football-Espana” გაავრცელა ცნობა, რომ ესპანური „მალაგას“ თავდამსხმელი ისკო კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.
ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით, ბრიტანულმა კლუბმა ანდალუსიურ გუნდს წამყვანი შემტევის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო შესთავაზა.
საინტერესოა ერთი დეტალიც. კულუარული ცნობით, მომავალი სეზონის წინ, „მალაგას“ ამჟამინდელი დამრიგებელი მანუელ პელეგრინი „სიტის“ ჩაიბარებს, ბატონი რობერტო მანჩინი კი უმუშევარი დარჩება.
ბრიტანული გამოცემა „The Sun”-ის მტკიცებით, ორი დღის წინ პელეგრინი „მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელობას შეხვდა და ამ გუნდში მუშაობის თანხმობა განაცხადა.