დღეს ბარსელონას „კამპ ნოუს“ სტადიონზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. კატალონიური „ბარსელონა“ სასწაულის მოხდენასა და მიუნჰენის „ბაიერნის“ სასურველი ანგარიშით დამარცხებას შეეცდება. მიზანი მეტად რთული, უფრო მეტიც, პრაქტიკულად შეუსრულებელია. მასპინძლებს ოთხბურთიანი სხვაობის გაბათილება ესაჭიროებათ. ამის მიუხედავად „ბარსას“ თავკაცი იმედიანად გამოიყურება და ოპტიმიზს არ კარგავს.
დღეს დილით ბატონი ტიტო ვილანოვა გამოცემა „Goal.com”-ს ესაუბრა და იმედი გამოთქვა რომ მისი ბიჭები კატალონიური კლუბის ისტორიაში ახალ სასახელო ფურცელს ჩაწერენ.
„სამწუხაროდ წინა კვირას მიუნჰენში გამანადგურებელი ანგარიშით დავმარცხდით. გაგიკვირდებათ მაგრამ ოპტიმიზს არ ვკარგავ. წინ კიდევ სათამაშო 90 წუთი გვაქვს და რატომ არ შეიძლება „ბარსელონამ“ მიუნჰენური გუნდის გმირობა საკუთარ კედლებში გაიმეოროს. ჩვენი მოთამაშეები მეტოქეს არაფრით ჩამოუვარდებიან.
ბილბაოში ლეო მესიმ ულამაზესი ბურთი გაიტანა და ჩვეული სპორტული ფორმა აღიდგინა. მისგან დღეს ბევრს ველოდებით. არგენტინელმა გუნდი უნდა აიყოლიოს და გერმანელებს დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადოს.
„ბარსელონას“ თითოეული ფეხბურთელი მინდორზე მაქსიმალურად მობილიზებული გამოვა. მოთამაშეებს გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოწყობა სურთ. მესმის რომ „ბაიერნის“ ბარიერის გადალახვა ურთულესი საქმეა, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაც შევეცდებით. ბოლო წლების განმავლობაში „ბარსელონას“ არაერთი რთული გამოცდა წარმატებით ჩაუბარებია. ვერ შეგპირდებით რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში აუცილებლად ვიასპარეზებთ, მაგრამ ამისთვის გუნდი ძალ-ღონეს არ დაიშურებს.“ - განაცხადა ტიტო ვილანოვამ.