ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან სრულმეტრაჟიან ფილმში ქეით ბლანშეტი ითამაშებს

ალმოდოვარის პირველ ინგლისურენოვან სრულმეტრაჟიან ფილმში ქეით ბლანშეტი ითამაშებს

ოსკაროსან ქეით ბლანშეტს მალე პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში, სახელად A Manual for Cleaning Women ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ ეს ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი სრულმეტრაჟიანი ფილმი იქნება.

A Manual for Cleaning Women ლუსია ბერლინის ამავე სახელწოდების მოთხრობების კრებულის ადაპტაციაა. 43 ისტორიისგან შემდგარი ნაწარმოები რთული სამსახურის მქონე ქალების ამბავს გვიყვება.

გამოცემა Variety-სთან ინტერვიუში ალმოდოვარმა პროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სცენარს ჯერ ესპანურად წერდა, შემდეგ კი ინგლისურად თარგმნიდა. აღსანიშნავია, რომ ალმოდოვარის პირველი ინგლისურენოვანი მოკლემეტრაჟიანი ფილმი, სახელად ადამიანის ხმა ტილდა სუინტონის მონაწილეობით 2020 წელს გამოვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმზე მუშაობა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, შესაბამისად კონკრეტული დეტალები და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ალმოდოვარის ბოლო ფილმი, სახელად Parallel Mothers 2021 წელს გამოვიდა და მასში ოსკაროსანი პენელოპე კრუზი თამაშობს. რაც შეეხება ქეით ბლანშეტს, 2022 წელი მსახიობისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. წელს მისი მონაწილეობით სამი ფილმის — TÁR-ის, Pinocchio-სა და Borderlands-ის გამოსვლაა დაგეგმილი.