სერგეი რიაბკოვი: აშშ-თან გამართულ მოლაპარაკებებზე ნატოს არგაფართოების საკითხზე პროგრესი არ არის - რკინაბეტონის გარანტიები გვჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან

სერგეი რიაბკოვი: აშშ-თან გამართულ მოლაპარაკებებზე ნატოს არგაფართოების საკითხზე პროგრესი არ არის - რკინაბეტონის გარანტიები გვჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ვენდი შერმანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სთან გამართულ მოლაპარაკებებზე ნატოს არგაფართოების საკითხზე პროგრესი არ არის.

„რაც შეეხება ძირითად საკითხს, რომელიც ნატოს არგაფართოებას ეხება, ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ვერ მივაღწიეთ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

სერგეი რიაბკოვის თქმით, რუსეთს რკინაბეტონის გარანტიები სჭირდება, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არ გახდებიან.

„გვსურს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული ფორმულა შეიცვალოს შემდეგნაირად: უკრაინა და საქართველო არასდროს გახდებიან ნატოს წევრები. რკინაბეტონის, იურიდიულად მნიშვნელოვანი გარანტიები გვჭირდება. ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ აშშ ნატოში ახალი წევრების მიღებაზე შეზღუდვებს არ ეთანხმება.

„არავის მივცემთ ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეწყვეტის უფლებას, რომელიც ალიანსისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - აღნიშნა ვენდი შერმანმა.