რუსეთის პრეზიდენტი: კოლექტიური სამშვიდობო კონტინგენტი ყაზახეთს ფუნქციების შესრულების შემდეგ დატოვებს

რუსეთის პრეზიდენტი: კოლექტიური სამშვიდობო კონტინგენტი ყაზახეთს ფუნქციების შესრულების შემდეგ დატოვებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ყაზახეთში სამშვიდობო კონტინგენტი შეზღუდული პერიოდის განმავლობაში დარჩება და ქვეყანას ფუნქციების შესრულების შემდეგ დატოვებს.

„ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კოლექტიური სამშვიდობო ძალები გავაგზავნეთ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყაზახეთში შეზღუდული პერიოდის განმავლობაში დარჩებიან. თავისი ფუნქციების შესრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, კონტინგენტი ყაზახეთის ტერიტორიას დატოვებს“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაცია დროული და ლეგიტიმური იყო.

„ჩვენმა ორგანიზაციამ საქმეზე აჩვენა თავისი პოტენციალი - სწრაფად, მტკიცედ და ეფექტურად მოქმედების შესაძლებლობა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში არეულობის შედეგად 164 ადამიანი დაიღუპა. ყაზახეთში 10 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განკარგულებით, შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი­ გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. როგორც თოყაევმა განაცხადა, ხელისუფლება მკვლელებთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისივე თქმით, ალმათიში „ბანდიტებისა და ტერორისტების ხელით“ დაშავდა და გარდაიცვალა ასობით სამოქალაქო პირი და სამხედრო.

მასობრივი არეულობის ფონზე, ყაზახეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 5 იანვარს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო, ყაზახეთში კოლექტიური სამშვიდობო ძალები გააგზავნოს. 6 იანვარს, რუსეთმა ყაზახეთში სამხედრო ძალების გადასროლა დაიწყო. კოლექტიური სამშვიდობო ძალების კონტინგენტში რუსეთის, ბელარუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის დანაყოფები შედიან.