თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრის გამოსვლა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია „როუზ-როს 83-ე სემინარზე“ სიტყვით გამოვიდა. სემინარის თემაა "სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები". 

ირაკლი ალასანიამ საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრხობის სფეროში მიმდინარე რეფორმები გააცნო, მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ახლებური მიდგომები კონფლიქტების მოგვარებასთან დაკავშირებით და ყურადღება გაამახვილა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე. ირაკლი ალასანიამ ქართველი და უცხოელი პარლამენტარების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ISAF-ის მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობას: „ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სამხედროების მიერ შესრულებული მისია ავღანეთში, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობრების მხრიდან ასეთ დადებით შეფასებას იმსახურებს.“

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ეფექტურობაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქუტრებში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია: „საქართველო ყველანაირად ცდილობს ნატოსთან აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს. ჩემი აზრით, საქართველო წარმატებით განახორციელებს რეფორმებს და ჩვენი პარტნიორების მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მივიღებთ“.

ირაკლი ალასანია კონფლიქტების დარეგულირების საკითხსაც შეეხო: „ახალი მთავრობა მეტად პროგნოზირებადია და სამხედრო ესკალაციის საფრთხე ნაკლებია. საქართველომ განაცხადა, რომ ჩვენ კონფლიქტების მოგვარებას სამხედრო გზით არ ვაპირებთ... მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისგან აშკარა საფრთხეს არ ველით, არ გვაქვს ილუზია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ნატოში ინტეგრაციასთან დაკავშირებით პოზიციას შეიცვლის. თუმცა, სიფრთხილე გვმართებს - არ მივცეთ რუსეთს თავდასხმის საბაბი. შესაბამისად, შევძლებთ განვავითაროთ ეკონომიკა და დავიწყოთ დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან“.

მინისტრის მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდა და სამოქალაქო კონტროლი იყო. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს თავდაცვისა და უსაფრთხეობის კომიტეტთან, რომელიც ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო შესყიდვებს. გააქტიურდა თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთანაც.

„თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის“ დოკუმენტი უკვე მზად არის და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, დოკუმენტი კოლექტიური მუშაობის შედეგია.

მინისტრის თქმით, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჯარისკაცს და მის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სამხედრო განათლებას.

კონფერენცია, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, დღეს გაიხსნა და 1 მაისს დასრულდება. სემინარი თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გახსნა. მოხსენებით წარდგნენ ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.