მთავრობამ ანაბრების საკითხის შესწავლა დაიწყო. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ანაბრების ინვენტარიზაციაზე იმუშავებს. ამ თემაზე 2004 წელს პარლამენტში შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობდა, რომელსაც 1992-1993 წლებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უნდა მოემზადებინა დასკვნა და შეემუშავებინა რეკომენდაციები. ამ ჯგუფს მაშინ ვასილ მაღლაფერიძე ხელმძღვანელობდა, რომელთან ინტერვიუსაც ამ საკითხზე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ აქვეყნებს.
მაღლაფერიძის თქმით, ამ ჯგუფმა მოამზადა დასკვნა და პარლამენტს მიმართა რეკომენდაციით, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და მოკვლეული მასალები პროკურატურას გადასცემოდა, თუმცა პარლამენტმა ამ თემაზე მუშაობა საჭიროდ აღარ ჩათვალა. ყოფილი დეპუტატი აცხადებს, რომ არსებობდა ანაბრების დაკარგვის როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზები. მისი თქმით, ობიექტურ მიზეზებს მიეკუთვნება საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები - ცენტრალიზებული ეკონომიკის მოშლა, ფულის ნიშნების უქონლობა, მიმდინარე ინფლაცია. ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ სამწუხაროდ, ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს პროცესები მოსახლეობას ნაკლებად შეხებოდა და პირიქით, ყველა პირობა შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს მღვრიე წყალში თევზი დაეჭირა, რადგან ინფლაციის პარალელურად ხდებოდა უზარმაზარი კრედიტების გაცემა, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო აღრმავებდა. აქვე იგი დასძენს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად კეთდებოდა.
„შეიძლება ადამიანმა ერთხელ შემთხვევით დაკარგოს, ან იპოვოს ფული, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანი მუდმივად კარგავს, ხოლო მეორე მუდმივად პოულობს, ეს უკვე შემთხვევითობა აღარ არის. ცხადია, ეს იყო ეროვნული ბანკის მიზანმიმართული პოლიტიკა. სხვათაშორის, მაშინდელი პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა თქვა, - კრედიტებს შეგნებულად გვაძლევენ, რომ მერე ყურებით ვყავდეთ დაჭერილებიო“, - აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.
მისივე განმარტებით სესხები ყოველგვარი გარანტიის გარეშე გაიცემოდა და ორიენტირებული იყო იმაზე, რომ უკან არ დაბრუნდებოდა. ამასთანავე, კრედიტს ყველას არ აძლევდნენ, მას მხოლოდ მთავრობაში მყოფი, ან მთავრობის წევრებთან დაახლოებული პირები ღებულობდნენ. მაღლაფერიძის თქმით, როგორც მაშინ იყო ცნობილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, დემურ დვალიშვილს ჰქონდა რვეული, სადაც ამ პირთა სახელები და გვარები ეწერა და ეს რვეული მისი გარდაცვალების შემდეგ დაიკარგა.
ვასილ მაღლაფერიძე განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში მაშინ მყოფ ჯგუფს არც ოფიციალური დოკუმენტაციის გამოთხოვნის და არც ადამიანების დაკითხვის უფლება არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ მიმართეს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის რეკომენდაციით, რათა კომისია ეროვნულ ბანკში გასცნობოდა მასალებს და იუსტიციის სამინისტროდან გამოეთხოვა იმ ფირმების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც ეს კრედიტები არ მიიღეს, მაგრამ პარლამენტმა კომისიის შექმნაზე უარი თქვა, რის გამოც ყოფილი დეპუტატი ფიქრობს, რომ სწორედ კრედიტის მიმღებმა ფირმებმა მოახერხეს, რომ ეს საკითხი პარლამენტში არ გასულიყო.
„ფული, რომელიც ხაზინაში იყო და უფასურდებოდა, ცოტა იყო ასიათასობით ადამიანისთვის, მაგრამ სრულიად საკმარისი გახლდათ იმისთვის, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი გამდიდრებულიყო. ბუნებრივია, ეს ადამიანები დღესაც იქნებიან პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ აზპარეზზე“, - აღნიშნავს ვასილ მაღლაფერიძე.
მისი თქმით, არ უნდა გადავყვეთ იმის ძიებას, არსებობდა თუ არა „შავი სია“ და ამ ადამიანების სია დვალიშვილს ჟურნალში ეწერა, თუ რვეულში. მაღლაფერიძე აღნიშნავს, რომ ფაქტია - გაიცა უზარმაზარი კრედიტები და მის მიმღებთა სია, ოფიციალური, თუ არა ოფიციალური, სადღაც არსებობს. მთავარი კი ის არის, რომ ეს ადამიანები ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულები და ყოველგვარი გარანტიის გარეშე ღებულობდნენ კრედიტებს და თუ ამ საქმეს გავყვებით, შესაძლოა იქამდეც მივიდეთ, რაზეც წლებია მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ მოხდა ფულის დატაცება.
კითხვაზე, მართალია, რომ ხაზინიდან ფული თვითმფრინავით გაიტანეს, ვასილ მაღლაფერიძე პასუხობს, - „არა მგონია, პირიქით, ფულის ნიშნების პრობლემა იყო. ამის საპირისპიროდ მოგიყვებით ერთ ამბავს, რომელიც ჩვენს ჯგუფს ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, გურამ აბსანძემ უამბო. როგორც ის ამბობს, სამოქალაქო ომის დაწყების პირველ დღეებში მოსკოვიდან თვითმფრინავით მოჰქონდა ერთი მილიარდი მანეთი. ჰაერში მიიღო ბრძანება - თბილისში ომია და თვითმფრინავი ქუთაისში დასვითო. გურამ აბსანძე ამბობს, რომ ბრძანება შეასრულეს, ქუთაისში დაეშვნენ, ფული იქ ბანკის საცავში გადაიტანეს, თავად კი თბილისში წამოვიდა და რამდენიმე დღეში დაიჭრა. ამის შემდეგ ის ფული გაქრა. ეს ფაქტი არ გამოძიებულა. ეს ის ერთი მილიარდია, რომლითაც ხელფასები და პენსიები, ასევე ანაბრები უნდა გაცემულიყო. ასეთი მრავალი მილიარდი დაიკარგა.“
ჟურნალისტის კითხვაზე, ანაბრების საქმეში „გაერთიანებული ქართული ბანკისა“ და ვანო ჩხარტიშვილის ბრალეულობა თუ იკვეთება, ვასილ მაღლაფერიძე ამბობს, რომ როდესაც ეს ფული დაიკარგა, არც „გაერთიანებული ქართული ბანკი“ არსებობდა და არც ვანო ჩხარტიშვილი იყო ამ სფეროში. ხოლო ჩხარტიშვილის სახელთან ამ თემის დაკავშირებას მაღლაფერიძე ხელოვნურად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა, რათა მსჯელობა მთავარ საკითხს ასცილებოდა და ყურადღება სხვა მიმართულებით ყოფილიყო გადატანილი. მოსახლეობისთვის კი ეს ადვილი დასაჯერებელი იყო, რადგან ვანო ჩხარტიშვილი საბანკო სფეროში მოღვაწეობს და ამ საქმიანობით გამდიდრდა.
„საერთოდ, საუბარი იმაზე, რომ ანაბრები ერთმა ადამიანმა შეჭამა, არასწორია. ეს იყო სისტემური დანაშაული. ეს იყო ის დანაშაული, რითაც დამოუკიდებელმა საქართველომ დაიწყო არსებობა. იმ დროს, როცა ხალხი მოპოვებული ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გამო ეიფორიაში იყო, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ, რომელსაც შეიძლება დღეს დიდ პატივს ვცემთ, მდგომარეობით ისარგებლა და მოროდიორობა დაიწყო“, - ამბობს მაღლაფერიძე.
მისი თქმით, აუცილებელია იმ ადამიანთა სიის ნახვა, ვინც მაშინ კრედიტებით ისარგებლა, რათა გავიგოთ, ვისთან გვაქვს საქმე. სამართლიანობის აღდგენა ამ ადამიანთა პასუხისმგებლობას გულისხმობს, თუმცა სულ მცირე ლუსტრაცია მაინც უნდა მოხდეს.
„მათ სახელმწიფო სამსახურებთი თანამდებობები კი არ უნდა ეკავოთ, არჩევნების დროს მათგან ინტერვიუს კი არ უნდა იღებდნენ, საქვეყნოდ უნდა გამოაცხადონ, რომ ამ ადამიანებმა მოროდიორობა დაიწყეს მაშინ, როცა ქვეყანას უჭირდა, ხალხის ფული მიიტაცეს და ასე გამდიდრდნენ“, - აღნიშნავს ყოფილი დეპუტატი.