აცრის წამახალისებელი 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გრძელდება. ამასთან, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასაკობრივმა ზღვარმა დაიწია. თუ აქამდე, აცრის სანაცვლოდ, 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები იღებდნენ ფულად წახალისებას, ამ თვეში უკვე 50 წელს ზემოთ მოქალაქეები მიიღებენ 200 ლარს, თუ იმუნიზაციის პროგრამაში ჩაერთვებიან.
აღნიშნული პროგრამის ხანგრძლივობა, ამ ეტაპზე, მხოლოდ იანვრით შემოიფარგლება.
საქართველოში უკვე 2 მილიონზე მეტი აცრაა ჩატარებული.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 938 583 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 902 948, გარდაიცვალა 13 942 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.