ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. მომავალი 2022 წელი შავი (ლურჯი) ვეფხვის წელია. ვეფხვის წელი რეალურად პირველ თებერვალს იწყება, თუმცა ტრადიციულად, ჩვენ 31 დეკემბერს ვხვდებით ახალ წელს.
შავი წყლის ვეფხვის წელს ჩინურ კულტურაში აღწერენ, როგორც არაპროგნოზირებად, მეამბოხე, ძლიერ და ვნებიან ცხოველს. წყლის ვეფხვი სითამამით და ენერგიულობით გამოირჩევა, მაგრამ ასევე ის შეიძლება იყოს ნაზი, გულუხვი და ჰუმანური. ის შეიძლება იყოს მოუსვენარი, ჯიუტი და ეგოისტი, ზოგჯერ აგრესიული, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი. სწორედ ამიტომ ყველაფერს უნდა ელოდოთ ამ წლისგან.
საახალწლო სუფრა ნატურალური დეკორით გააფორმეთ: ნაძვის ხის ცოცხალი ტოტებით, ხის ფორმებით და სანთლებით. რაც შეეხება ფერებს, აქაც უპირატესობა წითელ, ნაცრისფერ ან მწვანე ფერებს მიანიჭეთ. ასტროლოგთა თქმით, ვეფხვი უპრეტენზიოა, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი კერძი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვეფხვი მტაცებელია, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მაგიდაზე ხორცი აუცილებლად უნდა იყოს. ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს.
მიუხედავად იმისა, სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, სტუმრად თუ სახლში, სახლის მორთვა აუცილებელია. მორთვის დროს უმჯობესია გავიხსენოთ ვეფხვის საყვარელი ფერები. შავი, ვეფხვის ფერი შავია, ასევე ლურჯი, წყლისფერი, თეთრი, ღია ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოოქროსფრო, მოვერცხლისფრო. სწორედ ეს ფერები უნდა გამოიყენოთ დეკორში...
სახლის მორთვის დროს არ უნდა დაივიწყოთ კლასიკური ატრიბუტები, მაგალითად ნაძვის ხე, გირლანდები, განათებები და ა.შ. დანარჩენი აქსესუარები, ტექსტილი, ბალიშები, პლედები და სხვა ატრიბუტები უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აირჩიეთ ერთი რომელიმე სტილი, იქნება ეს პროვანსი, კლასიკური, რეტრო თუ სხვა და ამ სტილს მიჰყევით სახლის საახალწლო გაფორმებისა და ნაძვის ხის მორთვის დროს. არ დაგავიწყდეთ ასევე ვეფხვის გამოსახულებიანი თუნდაც პატარა სუვენირი. ეცადეთ, სახლი გარედანაც მორთოთ და ზღურბლიდანვე შეიქმნათ საახალწლო განწყობა.
თუმცა, ასტროლოგი ხათუნა ნოელი for.ge-თამ საუბარში აცხადებს, რომ 31 დეკემბერს ღამეს განსაკუთრებულად არ უნდა დავხდეთ, რადგან რეალურად ვეფხვის წელი 1 იანვარს არ დგება.
„ვეფხვის წელი 1 თებერვალს მოდის და 1 იანვარს ვეფხვის წელთან შეხვედრა ძალიან ადრეა. ერთი თვით ადრე რას უნდა შევეგებოთ? რაც შეეხება სუფრა როგორ გავაწყოთ, რაც გაქვთ, მაგიდაზე ის დააწყეთ. როგორი სუფრაც გინდათ, რა ფერის სუფრაც გინდათ ის დადეთ. ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 1 თებერვალს შავი ვეფხვის წელი მოდის და ნორმალური 1 იანვარს შავად სუფრას ვინ გააწყობს?!
2022 წელი როგორ იქნება, არჩევანის გაკეთება მოგვიწევს სიკეთისკენ ვიაროთ თუ ბოროტებისკენ. იოლი წელი არ იქნება. პანდემია ისევ გაგრძელდება. პანდემიის დასასრულისკენ კი მივდივართ, მაგრამ საბოლოოდ პანდემია 2023 წელს დასრულდება“, - გვითხრა ასტროლოგმა.
კოლეგისგან განსხვავებული პოზიცია აქვს მიხეილ ცაგარელს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გვითხრა, რომ პანდემია 2022 წელს დასრულდება.
„ვეფხვის წელი მოდის და ვეფხვი ძალიან აქტიურია და ცვლილებები მოაქვს. ცვლილებები შეიძლება იყოს ვნებათაღელვასთან დაკავშირებული, როგორც პოლიტიკის, ისე რელიგიის სფროში. ასევე შესაძლოა გამოჩნდნენ ახალი ლიდერები, ახალი ორგანიზაციები. შესაძლოა, დაპირისპირება გაგრძლედეს, რადგან ვეფხვში აგრესიის ელემენტი არის. თუმცა, მაინც შედარებით უკეთესი წელი იქნება, ვიდრე 2021 წელია. ამასთან მზის და მთვარის დაბნელება სულ ორჯერ იქნება და ამ მხრივ უკვე კარგია. ეკონომიკა და ტურიზმი გამოცოცხლდება“, - გვითხრა ცაგარელმა.
როგორი ტანისამოსით უნდა შევხდეთ ვეფხვის წელს და რა იქნება 2022 წელს მოდაში, ამ კითხვით დიზაინერ ავთანდილს მივმართეთ, რომელმაც გვითხრა, რომ მოდაში ქალური სილუეტი ბრუნდება.
„მომხრე ვარ ახალ წელს შევხვდეთ ისე, როგორც ჩვენ გვიხარია. ჩავიცვათ ის ტანისამოსი, რომელიც ბედნიერებასთან ასოცირდება. ჰოროსკოპის ნიშნებზე არ ვეწყობი, რადგან მოდაში ეს ტენდეცია ფიზიკურად არ არსებობს. ვისაც ეს ძალიან აწუხებს, მაშინ ახალ წელს ლურჯი და შავი ფერია აქტუალური. რაც შეეხება მთლიან 2022 წელს, ნელ-ნელა ქალის სილუეტი ბრუნდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ყველაზე აქტუალურია ის, რომ ინდივიდი არ დაიკარგოს. მოდა აღარ კარნახობს და ადამიანს აღარ ავალდებულებს, რომ აუცილებლად ის ატარონ, რასაც საინფორმაციო წყაროები სთავაზობენ. ეს მოდის მიმდევრებისთვის ერთგვარი ძალადობაც კი გამოდის. მოსახლეობას ვურჩევ, რომ საკუთარი თავი არ დაკარგონ. ატარონ ის, რაც ახარებთ“, - გვითხრა ავთანდილმა.