როგორ აპროტესტებდა მერაბ კოსტავა ციხეში ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყის მიწებებას, სააკაშვილის ახლობლები კი გამუდმებით მიშას ფსიქიკური დაავადებით აპელირებენ

როგორ აპროტესტებდა მერაბ კოსტავა ციხეში ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყის მიწებებას, სააკაშვილის ახლობლები კი გამუდმებით მიშას ფსიქიკური დაავადებით აპელირებენ

ორი ადამიანი და ორი განსხვავებული დამოკიდებულება ფსიქიკური პრობლემების იარლიყთან დაკავშირებით. როგორ იქცეოდა მერაბ კოსტავა და რატომ ერცხვინებოდა ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლის ამ შეუპოვარ ლიდერს, გაუტეხელი სულის ადამიანს მისი პატიმრობის ხელოვნურად დაკავშირება ფსიქიკურ მდგომარეობასთან.

მერაბ კოსტავას ბიოგრაფიაში არის ერთი დეტალი, როცა მან 1977 წელს წერილი მისწერა ალექსი ინაურს, საქართველოს სსრ სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს, რადგან შეიტყო, როგორ აპირებდა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მის გაგზავნას გამოსაკვლევად.

„ჩემთვის ცნობილია, რომ არაერთი ჯანმრთელი დისიდენტი გაუგზავნიათ ამგვარ გამოკვლევაზე და შემდეგ ავადმყოფად შეურაცხავთ ისინი. მაგალითად, ლეონიდ პლიუშჩი, ა.გრიგორენკო, ვ. გრინბერგი და ა.შ. პრიმიტიული ლოგიკაც კი საკმარისია მისახვედრად, სახელდობრ, სხვაგვარად მოაზროვნეებს რად ხვდენიათ ხოლმე ჩვენში ამგვარი ხვედრი. რატომ მაინცდამაინც დისიდენტები გამოდიან ფსიქიატრიულად დაავადებულები? რატომ ერთხელაც არ მოგსვლიათ აზრად, უშიშროების რომელიმე მუშაკი გაგეგზავნათ ექსპერიმენტისთვის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში? დისიდენტებს იმიტომ ეკერებათ ფსიქიკურად დაავადებულის იარლიყი, იდეოლოგიური სტანდარტიდან გადახვევას რომ ვერ იტანს ჩვენი ოფიციალობა. მე ვხედავ საშიშროებას, არც მე არ ამცდება ზემოთქმულ პირთა ხვედრი. უშიშროების კომიტეტის ასეთ გადაწყვეტილებას პროტესტით ვპასუხობ, რადგან ზემოხსენებულ სამედიცინო პროცედურაში ვხედავ აშკარა ნეგატიურ მიკერძოებას დისიდენტების მიმართ“, - წერდა მერაბ კოსტავა ალექსი ინაურს.

თუკი საბჭოთა სისტემა დისიდენტების წინააღმდეგ ფსიქიატრიულში გამოკეტვის მეთოდს იყენებდა და ანტისაბჭოთა მენტალობის ადამიანები მათ წინააღმდეგ ამ იარლიყის გამოყენებას აპროტესტებდნენ, დღეს ფსიქიკური პრობლემებით აპელირება ერთადერთ მისაღებ გამოსავლად მიაჩნიათ სააკაშვილის ახლობლებს. ისინი გამუდმებით ცდილობენ, ფსიქიკური პრობლემები მოიშველიონ სააკაშვილის გასათავისუფლებლად. იმ დროს, როცა დამოუკიდებელი ფსიქიატრები გამორიცხავენ სააკაშვილის ფსიქიკურ პრობლემებს და აცხადებენ, რომ ვერ ხედავენ სააკაშვილის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს, რადგან პაციენტი სააკაშვილი ზოგიერთი წამლის დოზის გაზრდას თვითონვე ითხოვდა, სააკაშვილის ახლობელი მედიკოსები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ პატიმარ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში ყოფნისას დაზიანდა. ამის გამო „გამოიკვეთა ნეიროპათია, რაც გამოიხატება იმაში, რომ სააკაშვილს უჭირს გადაადგილება, ვერ გრძნობს იატაკს, მთელი რიგი მგრძნობელობითი მოშლილობები აქვს. ვინაიდან ვერნიკეს ენცეფალოპათია სააკაშვილის კლინიკურ სურათში წამყვანია, შეიძლება მოხდეს მისი გადასვლა კორსაკოვის სინდრომში, რომელიც სერიოზული დაავადებაა, რისთვისაც სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებაა საჭირო“. ასეთი დაწესებულება კი, სააკაშვილის მკურნალთა თქმით, საქართველოში არ მოიპოვება.

„სახალხო პარტიის“ ლიდერი მამუკა გიორგაძე for.ge- სთან საუბრისას აცხადებს, რომ სადამსჯელო ფსიქიატრია საბჭოთა კავშირში განვითარებული იყო. იყვნენ ცნობილი მეცნიერები, აკადემიკოსები, რომლებმაც თეორიულად დაამუშავეს ეს საკითხი. ერთ- ერთი ასეთი „ცნობილი აკადემიკოსი“ ანდრეი სნეჟევსკი იყო, რომელმაც „დაადგინა“, რომ საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესისგან გადახვევა ეს არის შიზოფრენიის გამოხატულება და ადამიანის გაორება. დავუშვათ, ადამიანი ფიზიკოსია, მაგრამ, ამავდროულად, წერს ლექსებს, ეს თურმე ყოფილა გაორება, რომელსაც უნდა უმკურნალონ.

„მოგეხსენებათ, დისიდენტთა უმეტესობა ნიჭიერი ხალხი იყო, საზოგადოებრივად ჩამოყალიბებული ცხოვრების წესისგან გადახვევა-გაორების მოტივაციით და საბაბით მათი უმეტესობა ფსიქიატრიულში ამოყოფდა ხოლმე თავს, რადგან ხელისუფლებას არ აწყობდა მათი გასამართლება. ცნობილი რუსი დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი ებრძოდა ამ მანკიერ სენს, დისიდენტებისთვის მიუღებელი იყო სადამსჯელო ფსიქიატრია და ამან გამოიწვია ის, რომ საბჭოთა კავშირის ფსიქიატრთა ასოციაცია გარიცხეს საერთაშორისო ფსიქიატრთა ასოციაციიდან. დაიგმო ეს სენი, რაც სამარცხვინოდ ითვლებოდა, მაგრამ საბჭოთა კავშირში ფსიქიატრიის გამოყენებით სასჯელის არიდებას ცდილობდნენ კრიმინალები. ისინი ფულს იხდიდნენ იმისთვის, რომ ფსიქიატრიულში რამოდენიმე ხანი გაეტარებინათ, რათა შემდეგ ექიმების დასკვნის საფუძველზე პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებულიყვნენ, თეთრი ბილეთი აეღოთ და ციხიდან გასულიყვნენ. კრიმინალები ამით სარგებლობდნენ, მაგრამ დისიდენტები პროტესტს აცხადებდნენ ამაზე.

სერბსკის სახელობის ინსტიტუტში გამოკვლევაზე მიჰყავდათ დისიდენტები და ყველა დისიდენტი პროტესტს აცხადებდა სადამსჯელო ფსიქიატრიის გამოყენებაზე, სამარცხვინოდ და საბჭოთა სისტემის სიდამპლის კიდევ ერთ გამოხატულებად მიაჩნდათ იგი“, - აღნიშნა მამუკა გიორგაძემ და განმარტა, დღეს, როცა სააკაშვილის ახლობლები ცდილობენ მიშას ფსიქიკური პრობლემებით აპელირებას, ბარემ გამოაცხადონ ის ასეთად, შესაბამისი მკურნალობა დაუწესონ და თვითონაც მოისვენებს და ჩვენც.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი მიიჩნევს, რომ ხერხემალი ბიძის მეშვეობით „ნაცმოძრაობაში“ მოიფიქრეს ვერსია, თითქოს სააკაშვილი ფსიქიკურად ცოტა ვერ არის და საბოლოოდ ამით ცდილობენ, უკან არ დაბრუნდეს რუსთავის დაწესებულებაში.

„რამდენიმე ვერსია იყო „ნაცმოძრაობის“ თავსა და ტვინში და ხერხემალი ბიძის მეშვეობით ერთ-ერთი ვერსია, რაც მათ მოიფიქრეს, იქნებ, გიჟად შევრაცხოთო. რამდენიმე კონსილიუმის დასკვნა იყო ამის თაობაზე, რომ ფსიქიურად ცოტა ვერ არის, მაგრამ არც ისე შტერები არიან იმისთვის, ვერ მიხვდნენ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს. შესაძლოა, კიდევ საერთაშორისო მედიკოსები და ექსპერტები ჩაერიონ ამ საქმეში და სამუდამოდ ექნება მას ეს იარლიყი, რომ ფსიქიკურად შეშლილია. ეს დაასრულებს მის პოლიტიკურ კარიერას და თვითონ „ნაცმოძრაობისთვისაც“ არ არის კარგი მომენტი, რომ მათი ლიდერი გიჟი აღმოჩნდა“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე კი აცხადებს, „მიშას სიგიჟეს რომ აწვებით და მაგით გინდათ მისი ქვეყნიდან გაყვანა-არ გამოგივათ არაფერი“.