როგორც ჩანს, ჰარი პოტერის გადაღებებს სასიყვარულო ისტორიების გარეშე არ ჩაუვლია. პირველი ფილმის გადაღებიდან 20 წელი გავიდა და ამის აღსანიშნავად სპეციალურ გადაცემას Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts ვიხილავთ. მსახიობების გაერთიანების დროს ემა უოტსონმა განაცხადა, რომ მას ტომ ფელტონი ძალიან უყვარდა, როცა საკულტო ფილმის გადაღებები დაიწყეს.
"გადაღებების დაწყებამდე ჩვენი ერთ-ერთი დავალება იყო, რომ დაგვეხატა, თუ როგორი წარმოგვედგინა ღმერთი. ტომმა გოგო დახატა, რომელსაც კეპი ეხურა და სკეიტბორდზე იდგა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ზუსტად მაშინ შემიყვარდა", — ამბობს უოტსონი.
"ყოველდღე ვამოწმებდი იმ ფურცელს, რომელსაც ეწერა რომელ დღეს რა სცენას ვიღებდით და მასში ვინ მონაწილეობდა. როცა ტომის სახელს ვხედავდი, ის დღე უკვე განსაკუთრებული იყო. თუმცა ტომი ჩემზე 3 წლით უფროსი იყო და ეს სიტუაცია უფრო იმას ჰგავდა, რომ უბრალოდ მისი პატარა და ვიყავი", — დასძინა მსახიობმა.
ფელტონისგან ვიგებთ, რომ ემას გრძნობების შესახებ იცოდა. "როცა მაკიაჟს ვიკეთებდი, ვიღაცამ მითხრა, რომ ემა ჩემზე შეყვარებული იყო", — იხსენებს მსახიობი.
"მართალია, ემა უოტსონი და ტომ ფელტონი ერთმანეთს არასდროს ხვდებოდნენ, მაგრამ ტომის თქმით, მათ განსაკუთრებული კავშირი ჰქონდათ. "ემას მიმართ ძალიან მზრუნველი ვიყავი და ის ჩემთვის ძვირფასი იყო, რაც დღემდე გრძელდება. ჩვენ შორის ყოველთვის იყო რაღაც ნათესაური კავშირის მსგავსი", — ამბობს ფელტონი.
ალბათ, უფრო მეტი საიდუმლოს გაგებას შევძლებთ პირველ იანვარს, როცა Harry Potter 20th Anniversary: Return to Hogwarts-ის პრემიერა შედგება.