აშშ-სა და საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-სა და საფრანგეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

აშშ-სა და საფრანგეთში, სადაც კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამი აქტიურად ვრცელდება, COVID-19-ით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა და პრევენციის ცენტრების მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 440 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს რიცხვი შობის დღესასწაულის გამო ინფორმაციის მიწოდების შეფერხების გამო არის გაზრდილი და ვარაუდობენ, რომ აღრიცხვა ახალი წლის შემდეგ უფრო სტაბილური გახდება.

საფრანგეთში კი დღე-ღამეში ვირუსის 179 807 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, იანვარში ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 250 ათასამდე გაიზრდება.

ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებლები დაფიქსირდა იტალიაში, საბერძნეთში, პორტუგალიასა და ინგლისში.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.