„ომიკრონით“ ინფიცირების პიკს საქართველო იანვარში მიაღწევს. სპეციალისტების თქმით, ახალი შტამისგან თავის დასაცავი ყველაზე ეფექტიანი საშუალება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი დოზაა.მათივე განმარტებით, ეს არის შტამი, რომელიც მარტივად და სწრაფად ვრცელდება, ამიტომ ინფიცირების დიდი რიცხვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციები კვლავ უცვლელია - ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ავიცრათ.
„მართალია, მეცნიერები ამბობენ, რომ „ომიკრონი“ ცოტა იოლად გადააქვს ადამიანსო, მაგრამ იოლად გადააქვთ იმ ქვეყნებში, სადაც აცრით მოცვა იყო 80-90%. ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ ეს ადვილად გადააქვს ადამიანს, რომელიც აუცრელია. აუცრელები ძალიან ბევრი გვყავს და, შესაბამისად, შეიძლება შემთხვევების რიცხვი ძალიან სწრაფად გაიზარდოს. რაც უფრო მეტია შემთხვევები, მით უფრო იზრდება რისკი, რომ სიტუაცია დამძიმდეს. ამიტომ, ამ მხრივ ძალიან სარისკო სიტუაციაშია საქართველო“, - განაცხადა ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, ზაზა წერეთელმა.