სახელმწიფო ინსპექტორის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენის დრო საარჩევნო და ცხელი პოლიტიკური ბატალიების გამო ვერ მოინახა, - ასე ხსნის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ პარლამენტში წარდგენილი ყოველწლიური ანგარიშის განხილვის გარეშე დატოვებას.
სარჯველაძემ აქვე აღნიშნა, რომ ანგარიში დამალული არ არის, დოკუმენტი საჯაროა და მისი გაცნობა ყველას შეუძლია.
“სამწუხაროა და მზად ვარ ამისთვის პასუხი ვაგო, მაგრამ ეს დოკუმენტი საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი არ არის - არის ღია ინფორმაცია. ყველას აქვს უფლება და სრული შესაძლებლობა დოკუმენტს და მასში მოყვანილ ფაქტებს გაეცნოს. ის, რომ განხილვა ვერ შედგა, სამწუხარო რეალობაა და ამისთვის მე ვარ პასუხისმგებელი. საუბედუროდ, ამის მიზეზია ის, რომ მუდმივად ცხელი პოლიტიკური პერიოდი იყო“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ კომიტეტის სხდომაზე.
სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს ჯერ კიდევ მარტში წარუდგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული დოკუმენტი განსახილველად ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებს გადაეცა. სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიშის საკომიტეტო განხილვა ამ დრომდე არ შემდგარა და თავად კომიტეტების მოთხოვნით, განხილვის ვადები რამდენჯერმე გადაიწია.
შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორისთვის არც პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში მოუსმენიათ.