ჩილეს არჩეული პრეზიდენტის გაბრიელ ბორიჩის ძაღლი Instagram-ის ვარსკვლავი გახდა. მისი ანგარიში სოციალურ ქსელში 21 დეკემბერს დარეგისტრირდა და დღეს ბრაუნის უკვე 325 ათასი გამომწერი ჰყავს.
თავის პირველ პოსტში ბრაუნი წერს: „მზად ვარ გამოწვევისთვის, რომელიც ქვეყნის პირველი ძაღლის თანამდებობასთან არის დაკავშირებული. პირობას ვდებ, რომ არა მხოლოდ ძაღლების, არამედ ჩილეში ყველა შინაური ცხოველის უფლებებზე ვიზრუნებ“, - წერს ბრაუნი.
შემდეგ პუბლიკაციებში ბრაუნი გამომწერებს თავის პატრონს აცნობს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. ამასთან, ბრაუნიმ არგენტინის პრეზიდენტის, ალბერტო ფერნანდესის ძაღლთან, დილანთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ წერს.
„არგენტინის პირველ ძაღლს, დილან ფერნანდესს დავუკავშირდი. იმედი გვაქვს, რომ პროგრესს მივაღწევთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში როგორებიცაა ცხოველების ყოლა და ადამიანების ჩვენთან თანაცხოვრება“, - დაწერა ბრაუნიმ.
19 დეკემბერს ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გაბრიელ ბორიჩმა გაიმარჯვა. მოვალეობის შესრულებას ის მომავალი წლის 11 მარტს შეუდგება და 36 წლისა ქვეყნის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდება.