ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, რამდენიმე კვირაში, საქართველოში „ომიკრონი“ დომინანტი შტამი გახდება, თუმცა, მისით დაავადებისას მსუბუქი მიმდინარეობის ტენდენცია იძლევა იმედს, რომ ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსი არ იქნება.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 1,5-3 დღეში, ყველა ქვეყანაში, „ომიკრონის“ რაოდენობა ორმაგდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იანვრის მეორე ნახევრიდან ეს შტამი დომინანტური იქნება. ერთი დამაიმედებელი ინფორმაცია ისაა, რომ 50-დან 70%-მდე ნაკლებია მძიმე დაავადება ანუ ჰოპიტალიზაციის რისკი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ვარაუდის შესაძლებლობას, რომ დიდი რაოდენობით პაციენტების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორის კოლაფსთან არ გვექნება საქმე. თუ შემდგომ პერიოდში, ვირუსმა რაიმე სიურპრიზი არ მოაწყო, ეს იქნება ინფექცია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ექნება და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ 2022 წლის ბოლომდე, ვინც ამ შტამისგან გადარჩება, ყველას ექნება იმუნიტეტი პლანეტაზე“, - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 881 863, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.