ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაინიცირებულ კანონპროექტზე მედიისგან შეიტყო

ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაინიცირებულ კანონპროექტზე მედიისგან შეიტყო

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია აცხადებს, რომ მისთვის უცნობი იყო, რომ პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოხდა. თოლორაიას იმედი აქვს, რომ ეს პროცესი შეჩერდება.

„2021 წლის 9 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტთან ვცდილობ კომუნიკაციას სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის დაინიცირებაზე (ამ კოორდინაციის პროცესში, პარლამენტის წარმომადგენელთა მხრიდან არც ერთი სიტყვა თქმულა ზემოაღნიშნულ ინიციატივაზე). შესაბამისი კანონპროექტი გუშინ (24 დეკემბერს) გავაგზავნეთ საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს ბადებს, დასვენების დღეებში, კანონპროექტის დაინიცირება დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობისა და ფართო საზოგადოებრივი განხილვის გარეშე. იმედი მაქვს, ეს პროცესი შეჩერდება!“, - წერს ლონდა თოლორაია Facebook-ზე.

სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.