პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია

პაატა იმნაძის განცხადებით, „ომიკრონით“ ინფიცირებულ არცერთ ადამიანში ვირუსი მძიმედ არ მიმდინარეობს, რადგან მათი აბსოლუტური უმრავლესობა აცრილია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საქართველოში დადასტურებული „ომიკრონის“ არცერთ შემთხვევაში, დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს. ის ამას ვაქცინაციით ხსნის.

„ყველა პაციენტი საზღვარგარეთაა ნამყოფი ან მათი ახლო კონტაქტია. აბსოლუტური უმრავლესობა არის ორჯერ აცრილი. ზოგს ბუსტერიც აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, ისინი აღმოჩნდნენ ომიკრონის შემომტანებიც და გამავრცელებლებიც. აქ გამოჩნდა ვაქცინაციის სიკეთე - არცერთ ამ ადამიანში დაავადება მძიმედ არ მიმდინარეობს“, - აღნიშნავს პაატა იმნაძე.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 924 368 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 881 863, გარდაიცვალა 13 512 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.