მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: ინსპექტორს აქვს არა დამონტაჟებული კადრები, არამედ სრული ვერსია, სადაც სასტიკი მოპყრობაა ასახული, მისი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოსთვის

მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: ინსპექტორს აქვს არა დამონტაჟებული კადრები, არამედ სრული ვერსია, სადაც სასტიკი მოპყრობაა ასახული, მისი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოსთვის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც "საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო, არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული".

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება არსებული მიმდინარე გამოძიების, ჩემს მიმართ გამოყენებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო.

ასევე, იმისთვის, რომ ინსპექტორს ხელთ აქვს არა ის დამონტაჟებული კადრები, რომლებიც საკმაოდ შემაძრწუნებელი იყო მსოფლიოსთვის, (მაგრამ მათი აზრით ყველაზე რბილი ნაწილი იყო) არამედ სრული ვერსია, სადაც ბევრად უფრო სასტიკი მოპყრობაა ასახული.

სახელმწიფო ინსპექტორის მოსალოდნელი დასკვნა მყარ საფუძველს შექმნიდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ ჩემი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისთვის”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. მის ნაცვლად სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლესობის დეპუტატების მიერ მომზადდა, ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.